LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განმუხურში ათი მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება

79

 შპს „ბლექ სი რივერა“ სოფელ განმუხურში სულ მცირე 120 ნომრიან სასტუმრო კომპლექსს ააშენებს. კომპანიამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ  „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მიერ გამოცხადებულ პირობებიან ელექტრონულ  აუქციონში გაიმარჯვა.

უძრავი ქონება 33951 კვ.მ. არასასოფლო – სამეურნეო მიწას და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს მოიცავს, ხოლო მისი საწყისი საბაზრო ღირებულება 2 263 500 ლარად იყო განსაზღვრული.

როგორც ”ფორტუნას” ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, საინვესტიციო პროექტის მიხედვით  „ბლექს სი რივერა“ სასტუმრო კომპლექსის ტერიტორიაზე მოაწყობს  ღია და დახურული საცურაო აუზებს, სპორტულ მოედნებს  და ჩოგბურთის კორტებს. ობიექტი ასევე უზრუნველყოფილი იქნება პარკინგით და კეთილმოწყობილი, გამწვანებული ეზოთი. პროექტის განხორციელება არა უგვიანეს 60 თვის ვადაში მოხდება. მისი საინვესტიციო ღირებულება კი ათ მილიონ ლარს შეადგენს.

სამინისტროს ინფორმაციით, სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა ადგილობრივი მოსახლეობისთვის რეგიონში რამდენიმე ასეულ სამუშაო ადგილს შექმნის. პროექტი ასევე მნიშვნელოვანია რეგიონის ტურისტული პოტენციალის გასაზრდელად, რაც თავისმხრივ ხელს შეუწყობს დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები