LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარეთაც ჯოჯოხეთში ვარ და ციხეშიც ჯოჯოხეთში ვიქნები, თუ დამაკავებენ – მალხაზ მაჩალიკაშვილი

33

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, ტერორისტული აქტის მომზადების მცდელობის საქმეზე მოწმის სტატუსით სუს-ის თანამშრომლებმა დაკითხეს.ხანგრძლივი დაკითხვის შემდეგ მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლას ისევ აგრძელებს და არ გამორიცხავს, რომ ტერორისტული აქტის მომზადების მცდელობის ბრალდებით პასუხისგებაში მისცენ.

“მხოლოდ აქციაზე ჩემგან, გამწარებული კაცისგან გაჟღერებულ სიტყვებზე მკითხავდნენ. რას გულისხმობდით აქციაზეო? მე ვუპასუხე, რომ ეს იყო შვილმოკლული და გამწარებული მამის სიტყვები, რასაც რეალურად არც წარმოვიდგენდი. სტრასბურგში გამგზავრების ჩაშლაზე არ ყოფილა საუბარი. ჩემს წინააღმდეგ ისედაც დაწყებულია უსამართლო დევნა, თემირლანის მოკვლის დღიდან… თუ დამაკავებენ, არ იქნება მნიშვნელობა – გარეთაც ჯოჯოხეთში ვარ და ციხეც ჯოჯოხეთი იქნება” – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მისი ადვოკატის ქეთევან ჩუთლაშვილის ინფორმაციით, მაჩალიკაშვილს კითხვები სხვა პირებთან კავშირზეც დაუსვეს.  როგორც ჩუთლაშვილმა ჟურნალისტებს დაკითხვის დასრულების შემდეგ განუცხადა, გამომძიებლები დაინტერესდნენ, თუ ვის გულისხმობდა იმ პირებში, ვისთან ერთადაც განცხადების თანახმად, სუს-ის შენობაში თავის აფეთქებას გეგმავდა. ადვოკატის თქმით, მაჩალიკაშვილმა დაკითხვისას დააფიქსირა ის პოზიცია, რაც სუს-ის შენობაში შესვლამდე ჰქონდა, რომ მის განცხადებაში არავითარი დანაშაულიებრივი ქმედების ნიშნები არ ჩანდა.

„კითხვები ძირითადად შეეხებოდა გაკეთებული განცხადების შინაარსს, მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვას და სურვილს. ჩვენ დაკითხვაზე შესვლის წინაც აღვნიშნეთ, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებაში, არავითარი დანაშაულიებრივი ქმედების ნიშნები არ ჩანდა და გამოძიების დაწყება, ისევე, როგორც ნებისმიერი საგამოძიებო მოქმედების ჩატარება დაუსაბუთებელი იყო. ბუნებრივია ანალოგიური პოზიცია დავაფიქსირეთ დაკითხვის დროსაც. ამ ეტაპისთვის დაკავებასთან ან ბრალის წაყენებასთან დაკავშირებით განმარტება ან რამე შეფასება უწყების მხრიდან არ გაკეთებულა. ასევე დაისვა გარკვეული კითხვები სხვა პირებთან დაკავშირებითაც, თუმცა ბუნებრივია არანაირი სხვა პირებთან კავშირი და არანირი კომუნიკაცია ამ მხრივ არ არსებობდა“, – განაცხადა ქეთევან ჩუთლაშვილმა.

ადვოკატის ინფორმაციით, სუს-ში ამ ეტაპზე მალხაზ მაჩალიკაშვილის მიმართ კითხვები არ აქვთ და მისთვის უცნობია, დაიბარებენ თუ არა მას განმეორებით დაკითხვაზე.

შეგახსენებთ, სუს-ის განმარტებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი დაკითხვაზე 31 მაის ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე გაკეთებული იმ განცხადების გამო დაიბარეს, რომლის თანახმადაც ის  სუს-ში შესვლას და თავის აფეთქებას გეგმავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები