LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარკვეული ინტერნეტ თამაშების გამო ბავშვები სავალალო შედეგებამდე მიდიან – კომუნიკაციების ომბუდსმენი

57

ინტერნეტში მოზარდები აწყდებიან კონტენტისა და კონტაქტის საფრთხეს – არსებობს ზიანის მომტანი კონტაქტები, რომელმაც ბავშვი შეიძლება გახადოს ბულინგის, ძალადობის, დევნის მსხვერპლი, ასევე, პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროების პრობლემა შეიძლება შეიქმნას, თუ ბავშვი გაუაზრებლად, ონლაინ შესყიდვებს მშობლის ელექტრონული ბარათის მეშვეობით განახორციელებს, – ამის შესახებ კომუნიკაციების ომბუდსმენმა, თამთა, ტეფნაძემ ინტერნეტსივრცეში მოზარდების წინაშე არსებულ გამოწვევებზე საუბრისას განაცხადა.

თამთა ტეფნაძის განცხადებით, ონლაინ რისკებისგან ბავშვების დასაცავად პარლამენტში წარდგენილია კანონპროექტი, რომელიც მშობლებისთვის ქმნის ბერკეტს, გააკონტროლონ ონლაინ სივრცეში არასრულწლოვნების მოქმედებები.

თამთა ტეფნაძის განცხადებით, არსებობს ინფორმაციები, რომ გარკვეული ინტერნეტ თამაშების გამო ბავშვები სავალალო შედეგებამდე მიდიან, თუმცა ინტერნეტი მხოლოდ ნეგატიურ კონტექსტში არ უნდა იქნას განხილული.

მისივე განცხადებით, მოზარდისთვის ონლაინ სივრცისგან მიყენებული ზიანი შეიძლება იყოს მორალური და სოციალური განვითარების შეფერხება ან უფრო უარესი – ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის ხელყოფა.

„ზოგადად, ინტერნეტი არ უნდა იქნას განხილული ნეგატიურ კონტექსტში იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი რესურსია ახალგაზრდებისთვის განათლების, განვითარების, სოციალიზაციისა და თვითგამოხატვის თვალსაზრისით, თუმცა რისკები არსებობს იმდენად, რამდენადაც, ონლაინ სივრცეში არასრულწლოვანი შეიძლება ადვილად გადააწყდეს ისეთ ინფორმაციას, რომლის შედეგადაც, მან განიცადოს გარკვეული მავნე ზეგავლენა, რადგან ეს ინფორმაცია შეიძლება იყოს აგრესიული, ნეგატიური, შეცდომაში შემყვანი, რასისტული, პორნოგრაფიული და ამგვარად მის ფიზიკურ-ფსიკიქურ ჯანმრთელობას შეექმნას საფრთხე, ასევე სოციალურ და მორალურ განვითარებასაც შეუშალოს ხელი. ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რა გვაქვს საკანონმდებლო დონეზე და რა უნდა გვქონდეს“, – განაცხადა თამთა ტეფნაძემ.

კომუნიკაციის ომბუდსმენის განცხადებით, მოზარდებისთვის ნეგატიური და საფრთხის შემცველი ინფორმაციის თავიდან არიდების მიზნით, შეიძლება გამოყენებულ იქნას გარკვეული ფილტრი ინტერნეტ პროვაიდერებთან შეთანხმებით, თუმცა „დაუშვებელი პროდუქციის“ განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იყოს ის ღირებულებები, რომელსაც გამოხატვის თავისუფლება გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები