LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გასაუბრებიდან დასაქმებამდე: „გპირდებიან კარგ სამუშაოს და გაქცევენ გარემოვაჭრეებად“

დასაქმების პრობლემა საქართველოში მუდმივად დგას. უმუშევართა რიცხვი 246 100 ადამიანს შეადგენს (2015 წლის მონაცემებით), რაც მოსახლეობის 12%–ია. ბოლო ორი წლის მონაცემები სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს არ აქვს.

დასაქმება სამუშაო ადგილების შექმნით მოგვარდება, მაგრამ პრობლემა ამით არ გადაიჭრება.

რადგან, პრობლემა იწყება სამუშაოს ძიებიდან…

ვისაც გავლენიანი ნაცნობები არ ჰყავს, სამუშაოს ძირითადად, ინტერნეტსაიტებზე და გაზეთებში ეძებს.

როგორც „ფორტუნას“ ერთ–ერთი ყველაზე მსხვილი დასაქმების სააგენტოს Hr.ge–ს წარმომადგენელმა განუცხადა, მათთან საიტზე, დღეში დაახლოებით, 200–მდე განცხადება იდება. აქედან უმეტესობა გაყიდვების სფეროა.

 

 

ქსელური მარკეტინგი

სწორედ საიტების მეშვეობით ეძებენ „ფორტუნას“ რესპონდენტები მეგი და სანდრო სამუშაოს… თან უკვე ერთი წელია. ისინი განცხადებებიდან, პირველ რიგში სწორედ გაყიდვების სფეროს არიდებენ თავს, რადგან საკუთარი გამოცდილებით იციან, რომ გასაუბრებაზე მისულს ძირითადად „ქსელური მარკეტინგი“ დახვდებათ.

„ერთი კომპანია, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა განცხადების ტექსტით აქვეყნებს ვაკანსიებს. როცა ვხედავ, რომ განცხადებაში ჩემი მოვალეობები ზუსტად არ არის გაწერილი, კომპანიის სახელს მალავენ, საუბარია გაყიდვებიდან ბონუსებზე, კარიერულ წინსვლაზე და მოთხოვნა კი გამოუცდელ სტუდენტებზე აქვთ, ასეთ ვაკანსიებს აღარ ვაქცევ ყურადღებას. რადგან რამდენჯერმე სხვადასხვა დროს, ერთი და იმავე გასაუბრებაზე მოვხვედრილვარ“, – განაცხადა სანდრომ „ფორტუნასთან საუბარში.

მისი თქმით, ასეთი დამსაქმებელი კადრებს მიზერული ანაზღაურების სანაცვლოდ „გარემოვაჭრეებად“ იყენებს.

„17 წლიდან ვცდილობ ვიყო მუდმივად დასაქმებული. ამის გამო, ბევრი სამსახური და ბევრი უფროსი გამოვიცვალე, ამასთან ერთად ბევრი თაღლითი და აფერისტი გავიცანი. მაგალითად არის ძალიან ბევრი ქსელური ორგანიზაცია რომლებიც ხალხს დასაქმებას პირდება ოფისში და მოჭრილ ხელფასს, რეალურად კი „გარე მოვაჭრეებად“ აქცევენ“, – განაცხადა სანდრომ „ფორტუნასთან“.

 

დაბალი ხელფასები

გარდა ქსელური მარკეტინგისა, პრობლემად რჩება დაბალი ხელფასი, შეუსაბამოდ მაღალი მოთხოვნები და ვაკანსიის აღწერილობით მოტყუებული სამუშაოს მაძიებლები.

მეგი, რომელსაც უმაღლესი განათლება და საკმაოდ დიდი სამუშაო გამოცდილება აქვს, „ფორტუნასთან“ საუბარში ამბობს, რომ პირველ რიგში შეუსაბამო ანაზღაურების პრობლემა დგას.

„იშვიათი გამონაკლისის გარდა, თითქმის ყველგან ანაზღაურება არის დაბალი (200-300-400 ლარი) განაკვეთი სრული, კომპანიის მოთხოვნები – ხელფასთან შეუსაბამო.

ხშირ შემთხვევაში განცხადებები, რომლებიც დევს დასაქმების საიტზე არის შენიღბული ანუ  სიტყვაზე სჭირდებათ გაყიდვების მენეჯერი და ვაკანსიას  ქოლ-ცენტრის ოპერატორის სახელით აქვეყნებენ, სადაც არ არის სრულყოფილად მითითებული თუ რა შეიძლება პოტენციურ დასაქმებულს დაევალოს  (როცა მარტივად შეუძლიათ დაწერონ ქოლ-ცენტრის გაყიდვების მენეჯერი და ასევე გარკვევით დაწერონ ფუნქცია-მოვალეობები)

ვაკანსიის აღწერაში არ არის მითითებული ხოლმე ხეალფასის ოდენობა ადგილზე მისულს კი გთავაზობენ დაბალ ხელფასს ან გეკითხებიან რამდენია შენთვის სასურველი ხელფასი, თვითონ არამბობენ რამდენი ლარია გათვალისწინებული კონკრეტული შტატისთვის. რატომ ფიქრობენ, რომ ვიღაცისთის 200 ან 300 ლარი შეიძლება სასურველი ხელფასი იყოს არ ვიცი“, – განაცხადა მეგიმ „ფორტუნასთან“.

ხშირად პრობლემებს ქმნიან ასევე, HR-ები, რომლებიც გასაუბრებაზე ერთდროულად უამრავ კადრს იბარებენ და ერთი გასაუბრების გამო, მთელ დღეს აკარგვინებენ.

„ხშირად ე.წ. hr-ები არ არიან გამოცდილები, არ იციან გასაუბრება როგორ წარმართონ; ყოფილა შემთხვევა მივუყვანივარ კომპანიას გასაუბრებაზე, რაც cv-ში მეწერა მხოლოდ ის მათქმევინა და კითხვები არ დამასმევინა;

არ აფასებენ პოტენციური დასაქმებულის დროს – ხშირად 50 კაცს იბარებენ ერთი და იმავე დროს და გალოდინებენ 2 საათი, როცა მარტივად შეუძლიათ სხვადასხვა დროს რამდენიმე ადამიანის დაბარება“, – განაცხადა „ფორტუნასთან“ მეგიმ.

 

პრობლემები გრძელდება სამუშაოს დაწყების შემდეგაც
ასეთი „ცუდად წარმართული“ გასაუბრების შემდეგ, იწყებ მუშაობას კომპანიაში, სადაც ხშირ შემთხვევაში დასაქმებულის უფლებების დარღვევა, ჩვევადაა ქცეული.

როგორც „ფორტუნას“ რესპონდენტი სანდრო ყვება, უამრავი გასაუბრების შემდეგ, ერთ–ერთ ცნობილ კომპანიაში, მომსახურების სფეროში დაიწყო მუშაობა. მოეხსნა ის პრობლემები რაც გასაუბრებაზე ჰქონდა, თუმცა ისეთ ვითარებაში აღმოჩნდა, რომ დასაქმებულიდან ისევ უმუშევრის სტატუსზე მოუწია გადასვლა.

„მომსახურების სფერო ეს ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო ჩემთვის – დილის 8 სათიდან საღამოს 10 საათამდე. კვირაში მხოლოდ 1 დღე მქონდა დასვენება. ყოველდღიური 1 საათიანი შესვენება კი ყველაზე კარგ შემთხვევაში 15 წუთს გრძელდებოდა. 1 საათიან შესვენებას 15 წუთად მენეჯერი აქცევდა, რადგან მუდმივად საქმე იყო მაღაზიაში, კადრები კი არა. ამ ყველაფრის ფონზე 200–250 ლარია ანაზღაურება… ზოგადად, მომსახურების სფეროში იმდენი პრობლემაა, რომ ამით შესაბამისი ორგანოები უნდა ინტერესდებოდნენ. ძალიან ბევრი ადამიანის უფლებები ირღვევა და ყველა, ვერ ახერხებს სამუშაოდან წამოსვლას, ამით კი ბოროტად სარგებლობენ დამსაქმებლები“, – განაცხადა სანდრომ „ფორტუნასთან“.

მოკლედ პრობლემაა უმუშევრობაც და მუშაობაც. ის რომ დამსაქმებლები პოტენციურ თანამშრომლებს შესაბამისად არ ექცევიან ეს გასაუბრების მომენტიდან ჩანს. პრობლემა სწორედ აქ იწყება და მთავრდება იქ, სადაც პროტესტსაც კი არ აქვს აზრი.

ამას ბოლოდროინდელი მოვლენებიც გვიჩვენებს. მომსახურების სფეროში მომუშავეთა ნაწილის გაფიცვამ შედეგი არ გამოიღო. პროტესტი რეალურ პრობლემაზე, კომპანიის წინააღმდეგ აგორებულ სკანდალად დარჩა, რომელსაც დღეს აღარავინ იხსენებს…

იხილეთ ამავე თემაზე ჩვენი სტატია: თანამედროვე მონობა საქართველოში – უუფლებო დასაქმებულები

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები