LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გავერთიანდეთ! წავიდეთ სტრასბურგში! – ოპოზიცია კონსოლიდაციას ცდილობს

60

ოპოზიცია კონსოლიდაციას ცდილობს – კვალიფიციური პარტიები ოპოზიციურ სპექტრს მოუწოდებენ დაივიწყონ პიროვნული ამბიციები და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით ერთად იბრძოლონ.

„წავიდეთ სტრასბურგში და ერთიანი ძალებით მოვახდინოთ ხელისუფლების ლუსტრაცია ვენეციის კომისიის წინაშე“, – მიმართა მამუკა კაციტაძემ კოლეგებს.

15 კვალიფიციური ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის შეხვედრა დღეს ხმაურით მიმდინარეობდა. პარტიები 6 სექტემბერს, სტრასბურგში ჩანიშნულ ვენეციის კომისიის სხდომაზე წასვლას, სადაც საარჩევნო კოდექსი განიხილება, უმნიშვნელოვანესად მიიჩნევენ. პარტიები ოპოზიციის იმ ნაწილს, რომლებიც მოლაპარაკებებს ბოიკოტს უცხადებენ, გადაწყვეტილებას უწუნებენ და ფიქრობენ, რომ ამით ხელისუფლების წისქვილზე ასხამენ წყალს.

„დიალოგი და მოლაპარაკებები ხელისუფლების ინტერესში რომ არ შედის, ეს ისედაც ცხადია, თუ ოპოზიცია არ წავა სტრასბურგში, არ ისაუბრებს საკუთარ პოზიციებზე, ეს ისევ ხელისუფლებისთვის იქნება მომგებიანი“, – აცხადებდა დღეს შეხვედრის შემდეგ მამუკა კაციტაძე.

ოპოზიციის ერთიანი პოზიციის მნიშვნელობაზე აკეთებს აქცენტს პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძეც.

დავივიწყოთ პერსონალური ამბიციები, თუ გვინდა რომ მივაღწიოთ შედეგს, ოპოზიციას უნდა ქონდეს კონსოლიდირებული პოზიცია როგორც საპარლამენტო არჩევნების სისტემაზე, ასევე პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევაზე“, – ამბობს გიორგი ვაშაძე.

15-მა კვალიფიციურმა ოპოზიციურმა პარტიამ დღეს ვენეციის კომისიის სახელზე წერილი შეადგინა, სადაც გაცხადებულია მათი სურვილი, დაესწრონ 6 სექტემბრის სხდომას სტრასბურგში. პარტიები დაინტერესდნენ ასევე ორგანიზაციული საკითხით, რომელ საათზე და სად გაიმართება კონკრეტულად სხდომა. პარტიები დანარჩენ ოპოზიციურ სპექტრს ანალოგიური გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები