LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“GEM FEST-ს პასუხისმგებელი პირები ჰყავს – მათ შორის გიორგი ჩოგოვაძე არ არის”

64

ეკონომიკის სამინისტრო ტურიზმის ეროვნული სააგენტოს განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი ჩოგოვაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, მითუმეტეს, აბსურდულია გიორგი ჩოგოვაძის ჯემფესტის მიმდინარეობისას გამოვლენილ ხარვეზებთან დაკავშირება.

ამ ფესტივალს ჰყავს თავისი პასუხისმგებელი პირები და მათ შორის გიორგი ჩოგოვაძე ნამდვილად არ არის”, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ჩოგოვაძე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას თითქმის 3 წელია ხელმძღვანელობს და ამ პერიოდში საქართველომ ტურიზმის სფეროში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია როგორც საერთაშორისო, ისე შიდა ტურიზმის განვითარების მიმართულებით.

“ამაში დიდი წვლილი მიუძღვის როგორც სახელმწიფოს ტურიზმის სექტორში ჩართულ სხვადასხვა უწყებებს, ასევე კერძო  სექტორს და, რა თქმა უნდა, ტურიზმის ადმინისტრაციას. სწორედ ამ მიღწევებმა ტურიზმის სექტორში კიდევ უფრო მეტად გამოავლინა ახალი გამოწვევები და თვალსაჩინო გახადა არსებული პრობლემები, რომლებსაც  ადეკვატური და სწრაფი საპასუხო ქმედებები სჭირდება. ამ  გამოწვევების საპასუხოდ ჩვენ  მუდმივად  ვმუშაობთ ტურიზმის სექტორთან დაკავშირებულ ყველა უწყებასთან, როგორც სტრუქტურულ, ასევე შინაარსობრივ რეფორმებზე.

როგორც ჩანს, არასწორი ინფორმაციის გავრცელება გამოიწვია ამ მიმართულებით სამუშაო პროცესის გააქტიურებამ, რაც თავის მხრივ, უკავშირდება წლევანდელი ტურისტული სეზონის რეკორდულ მაჩვენებლებს, რომლის ფონზეც აშკარაა, რომ ბევრი რამ არის გასაძლიერებელი და დასახვეწი.

ჩვენი გუნდი წარმატებით უპასუხებს  ახალ გამოწვევებს  და ამ პროცესში ყველა, მათ შორის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოქმედი ხელმძღვანელიც საკუთარ წვლილს შეიტანს.

აქვე ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ დაუშვებელია მიზანმიმართულად გავრცელებული, არასწორი ინფორმაციებით ჩრდილი მიადგეს  იმ მიღწევებს, რომელიც აქვს ქვეყანას”, -ნათქვამია განცხადებაში.