LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Georgian Airways ფრენების შესრულებას ახალი მიმართულებებით იწყებს

41

ქართული ავიაკომპანია Georgian Airways რეგულარული ფრენების შესრულებას ახალი მიმართულებებით იწყებს. მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში ავიაკომპანია რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას თბილისიდან – სოჭის და ბათუმიდან – თელ-ავივის მიმართულებით იწყებს. ამასთან, Georgian Airways ასევე განაახლებს რეგულარულ ოპერირებას თბილისსა და თეირანს შორის და ადგილობრივ ფრენებს თბილისსა და ბათუმს შორის.

ავიაკომპანიის მიერ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განრიგების მიხედვით ფრენები შემდეგი სიხშირით განხორციელდება:

► თბილისი-სოჭი-თბილისის საჰაერო ხაზზე ოპერირება 2 ივნისიდან ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და პარასკევს შესრულდება;
► თბილისი-თეირანი-თბილისის მიმართულებით ავიარეისები 9 მაისიდან – 5 ივნისამდე კვირაში 2 სიხშირით (სამშაბათი, პარასკევი), 5 ივნისიდან 29 სექტემბრამდე კი 4 სიხშირით (სამშაბათი დღეში 2-ჯერ, პარასკევი, შაბათი) განხორციელდება;
► ბათუმი-თელ ავივი-ბათუმის რეგულარული ფრენები – 4 მაისიდან 15 ოქტომბრამდე კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ხუთშაბათსა და კვირას შესრულდება;
► რაც შეეხება ადგილობრივ რეგულარულ რეისებს, “Georgian Airways”-ის მიერ სააგენტოსთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებაზე ფრენების სიხშირე ზაფხულის სანავიაგაციო სეზონის ბოლომდე ეტაპობრივად გაიზრდება. ბათუმის მიმართულებით ავიაკომპანიამ ორი რეისი უკვე განახორციელა.
ცნობისთვის, რეგულარული რეისები Boeing B737 და CL600 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

აღსანიშნავია, რომ თბილისი-სოჭი-თბილისი წარმოადგენს ახალ მიმართულებას “Georgian Airways”-სთვის, ხოლო ბათუმსა და თელ-ავივს შორის ავიაკომპანია აქამდე მხოლოდ ჩარტერულ ფრენებს ახორციელებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები