LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Georgian Extreme Ways – საქართველოში ექსტრემალური ტურიზმის განვითარება დაიწყო

191

საქართველოში ექსტრემალური ტურიზმის განვითარება მიმდინარეობს. აღნიშნულ პროექტზე კომპანია Georgian Extreme Ways მუშაობას, რომელიც ცოტა ხნის წინ #გააზიარე წარმატება – ამ სლოგანით დაწყებულ ბიზნესდაჯილდოებას შეუერთდა. ღონისძიებას ”თიბისი ბანკი” და ”ჯეოსელი” ერთობლივად, წელს უკვე მეორედ გამართავენ.

როგორც ”ფორტუნას” Georgian Extreme Ways-ის დამფუძნებელმა, ბექა ირემაშვილმა განუცხადა, მისი კომპანიის მთავარი საქმიანობა დაკავშირებულია საქართველოს ტერიტორიაზე, სხვადასხვა კუთხის მიმართულებით, ექსტრემალური, სათავგადასავლო და საინტერესო ექსკურსიების დაგეგმვასა და განხორციელებასთან.

”კომპანია ვითარდება და საზოგადოების მოთხოვნებიდან გამომდინარე, აფართოვებს თავისი მომსახურების ასორტიმენტს. ჩვენი მისიაა, მომხმარებელს შევთავაზოთ ხარისხიანი მომსახურება და ექსტრემალური შეგრძნებების განცდა. გვაქვს სურვილი და ასევე მიზანი, ჩვენი წვლილი შევიტანოთ საქართველოს შიდა ტურიზმის განვითარებაში, საქართველოს ბუნებრივი პოტენციალის, რესურსების ათვისებაში. ამავე დროს, მომხმარებლებისთვის ჩვენი კომპანიის სახელი გვსურს, გაიგივდეს მძაფრ შეგრძნებებთან, პოზიტიურ განწყობასთან, სასიამოვნო დასვენებასთან და ექსტრემალურ გართობასთან”, – აღნიშნა ბექა ირემაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, კომპანიის ამოცანაა, უზრუნველყოს ტურისტების კომფორტული, სასიამოვნო და საინტერესო თავგადასავლებით აღსავსე, ექსტრემალური სპორტით განტვირთვა. ამასთან, დაიკავოს ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია ამ სფეროში და მოიცვას მომსახურების სრული და ყოველმხრივი სპექტრი.

როგორც Georgian Extreme Ways-ის დამფუძნებელი ამბობს, ამ ეტაპზე ტურები აღმოსავლეთ საქართველოს მასშტაბით ხორციელდება და ის ერთდღიანია. თუმცა, იგეგმება სრულიად საქართველოს ათვისება და 2 დღიანი ტურების დაგეგმვა.

”ჩვენს ტურებში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ სრულწლოვან ადამიანს, ხოლო არასრულწლოვნებს – 14 წლიდან, მშობლის ნებართვისა და ხელმოწერის საფუძველზე. მომსახურება ვრცელდება ინდივიდუალურ პირებსა და ორგანიზაციებზეც (კორპორატიული ტურები)”, – განმარტა ბექა ირემაშვილმა. მისივე თქმით, ტურების ღირებულება ადგილმდებარეობისა და სირთულის მიხედვით, 35-დან 60 ლარამდე მერყეობს.

რაც შეეხება მოთხოვნას ექსტრემალურ ტურიზმზე, როგორც კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, ის საკმაოდ მზარდია. Georgian Extreme Ways-ის სერვისით, ძირითადად, ადგილობრივები სარგებლობენ, თუმცა, არიან უცხოელი ტურისტებიც. ”სამომავლოდ ვგეგმავ, ჩემი კომპანიის საქმიანობა კიდევ უფრო გავაფართოვო და უცხოელ მოგზაურებზე გავიდე- ანუ სულ უფრო მეტი უცხოელი ტურისტი დავაინტერესო საქართველოში ექსტრემალური ტურიზმით”, – განუცხადა ”ფორტუნას” ბექა ირემაშვილმა.

ცნობისთვის, Georgian Extreme Ways ტურიზმის ქართულ ბაზარზე 2012 წლიდან გამოჩნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები