LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიაში ჩაის ქართულ ინგრედიენტებზე დიდი მოთხოვნაა

139

გერმანიაში ჩაის ქართულ ინგრედიენტებზე დიდი მოთხოვნაა. აქ ხილის ჩაის სწორედ ქართული ჩირით ამზადებენ, რომელის ექსპორტსაც აღნიშნულ ქვეყანაში კომპანია GEO-FLOWER ახორციელებს.
როგორც ”ფორტუნას” კოპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და დირექტორმა მინდია ხუციძემ განუცხადა, ხილის ჩირზე მოთხოვნა სხვა ევროპული ქვეყნებიდანაც არის, თუმცა კომპანია ჯერჯერობით საჭირო რაოდენობის პროდუქციას ვერ აწარმოებს.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე GEO-FLOWER -ს საექსპორტო საქმიანობა შეჩერებულია, ვინაიდან სამუშაო სეზონი გაზაფხულსა და ზაფხულს მოიცავს, თუმცა იანვრის ბოლოს გერმანიისგან უკვე ახალ შეკვეთას ელიან.

“გერმანიასთან 2000 წლიდან ვთანამშრომლობთ და რამდენიმე სახეობის ხილის ჩირს ვაგზავნით, საიდანაც ისინი უკვე ხილის ჩაის აწარმოებენ. რაც შეეხება სხვა ქვეყნებში ექსპორტს, დაინტერესება არსებობს, თუმცა გერმანიის ბაზრის დაკმაყოფილებაც კი გვიჭირს რაოდენობრივად, იმდენად დიდი მოთხოვნაა. იანვრის ბოლოს უკვე ახალ შეკვეთას ველოდებით, თუ რა რაოდენობის და რა სახის პროდუქცია ენდომებათ მიმდინარე წელს”, – აღნიშნა ხუციძემ და დასძინა, რომ გერმანიაში 2016 წელს დაახლოებით 600 ტონამდე ხილის ჩირი გაიგზავნა.

მისივე ინფორმაციით, GEO-FLOWER -ის პროდუქცია თითქმის 100%-ით საექსპორტოა და მისი ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია არ ხორციელდება. ”ერთადერთი კომპანია საქართველოში, რომელსაც ჩვენს გამომშრალ ჩირს ვაწვდით ჩაი ”გურიელია”. ”გურიელის” ხილის ჩაი სწორედ ჩვენი გამომშრალი ჩირით მზადდება”, – განმარტა კომპანიის დამფუძნებელმა.

როგორც მინდია ხუციძემ აღნიშნა, კომპანია რამდენიმე სახეობის ხილს და მცენარეს აშრობს, ესენია: ასკილი, ვაშლი, მოცვი, ქაცვი, მსხალი და ჭინჭარი. გარდა ამისა, GEO-FLOWER სამკურნალო მცენარეებსაც აწარმოებს.
ცნობისთვის, GEO-FLOWER როგორც ინდივიდუალური მეწარმე 2000 წლიდან არსებობს, 2007 წელს კი უკვე შპს-დ დარეგისტრირდა. 2010 წელს კომპანიამ ამბროლაურში ხილის ჩირის საწარმო გახსნა, სადაც ამ ეტაპზე 60 ადამიანია დასაქმებული. ამასთან, GEO-FLOWER ახალციხეში ჭინჭრის საშრობსაც ფლობს. კომპანიის მიერ წარმოებული ჩირი მხოლოდ ჩაის ინგრედიენტად გამოიყენება და მას საკვების დანიშნულება არ გააჩნია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები