LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიაში გამგზავრების წინ მამა გიორგი მამალაძემ ბანკიდან სესხი გამოიტანა

43

გერმანიაში გამგზავრების წინ გიორგი მამალაძე მიდის ბათუმში, სადაც ბანკიდან გამოაქვს სესხი 30 000 ლარი, – ამის შესახებ გაზეთ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა განაცხადა.

„ჩვენ ფარულად ვაყურადებდით და ვიწერდით მობილური ტელეფონით მის საუბარს. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ვიზუალური კონტროლი ხდება დისტანციიდან, რათა ეჭვი არ აიღოს ობიექტმა, სწორედ ამიტომ აღარ გავწიეთ რისკი და არ ჩატარებულა ვიზუალური კონტროლი. ნებისმიერი ასეთი ღონისძიების შედეგები აისახება ოქმებში, ასეთი დოკუმენტი კი საქმეში არ არსებობს და გაუგებარია, რაზე დაყრდნობით აცხადებენ ადვოკატები, რომ მიმდინარეობდა ბრალდებულის თვალთვალი. გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ისინი არ იცნობენ საქმის მასალებს. ჩვენ განვახორციელეთ მხოლოდ ბრალდებულისა და ირაკლი მამალაძეს შორის შეხვედრების აუდიო-ვიდეოჩაწერა. ბრალდებული თანხის მოძიების შემდეგ გეგმავდა ირაკლი მამალაძისგან ციანიდის შეძენას, თუმცა აღარ შეხვდა მას. ჩვენ დავადგინეთ, რომ გიორგი მამალაძეს საწამლავი უნდოდა ადამიანის მოსაწამლად და სასწრაფოდ სჭირდებოდა გერმანიაში გამგზავრებამდე“, – განაცხადა ტყეშელაშვილმა.

მისივე თქმით, გამოძიების დადგენილია, რომ გიორგი მამალაძე ციანიდის მოძიებასა და შეძენას გეგმავდა გერმანიაში გამგზავრებამდე.

„ბრალდებული ჩანაწერებშიც ცალსახად აცხადებს, რომ ციანიდი უნდა გერმანიაში წასვლამდე. დადგენილია, რომ გერმანიაში გამგზავრების წინ გიორგი მამალაძე მიდის ბათუმში, სადაც ბანკიდან გამოაქვეს სესხი 30 000 ლარი. ამის შემდეგ აღარ დაკავშირებია ირაკლი მამალაძეს. ბრალდებულს დაკავებისას აღმოაჩნდა 4 500 ევრო და 500 აშშ დოლარი, რაც ეკვივალენტია 14 000 ლარის, ხოლო სხვაობა გამგზავრებამდე გახარჯა. ვის გადაუხადა თანხა და ვისგან შეიძინა ციანიდი, ამაზე გამოძიება მუშაობს“, – განაცხადა არჩილ ტყეშელაშვილმა.

მისივე თქმით, ბრალდებლი ჯერ კიდევ 2016 წლის აგვისტოში ცდილობდა კონკრეტული პირისგან შეეძინა ციანიდი.

„ჩვენ დავკითხეთ ის პირი და დაგვიდასტურა, რომ გიორგი მამალაძე მას სთხოვდა ციანიდის მოძიებას. აქვე აღსანიშნავია, რომ ბრალდებულს არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ ჩვენ ამ ფაქტის შესახებ ვიცოდით. ჩვენებაში იცრუა, თქვა, რომ მხოლოდ 2016 წლის ნოემბერში, შორენა თეთრუაშვილის დავალების შემდეგ დაიწყო ამ ნივთიერების მოძიება“, – განაცხადა არჩილ ტყეშელაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები