LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიის პარლამენტმა გეი-ქორწინება დააკანონა

198

გერმანიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა რეფორმას, რომლის მიხედვითაც ერთი და იმავე სქესის ადამიანები ერთმანეთზე დაქორწინდებიან და ბავშვის აყვანის უფლებაც ექნებათ. ამ დრომდე გერმანიაში ერთი და იმავე სქესის ადამიანებს მხოლოდ საკუთარი ურთიერთობის სამოქალაქო დარეგისტრირება შეეძლოთ.

კანონს, რომელიც გეი-ქორწინებას უშვებს, ხმა 393-მა დეპუტატმა მისცა, 226 კი წინააღმდეგი იყო.

ერთი და იმავე სქესის ადამიანთა ქორწინების წინააღმდეგი იყო ანგელა მერკელი, 2013 წელს საკუთარი კამპანიის დროს აცხადებდა, რომ მისი არგუმენტები „ბავშვების კეთილდღეობას“ ეფუძნებოდა. მერკელმა აღიარა, რომ გეი-ქორწინებები მისთვის „რთული საკითხია“.

თუმცა, 26 ივნისს ქალების ჟურნალის Brigitte წვეულებაზე მერკელმა მოულოდნელი განცხადება გააკეთა – მან თქვა, რომ სურს, დეპუტატებმა კენჭი უყარონ საკითხს გეი-ქორწინების შესახებ და ხმა „საკუთარი სინდისის კარნახით მისცენ“.

მერკელმა აზრის შეცვლის მიზეზიც განმარტა. როგორც აღმოჩნდა, მის ცხოვრებაში ცოტა ხნის წინ მომხდარმა ამბავმა  გეი-ქორწინებებზე შეხედულება შეუცვალა – გერმანიის კანცლერი შეხვდა ლესბოსელ წყვილს, რომელსაც 7 შვილი ჰყავდა აყვანილი.

ამასთან, როგორც მერკელი განმარტავს, მის პოზიციაზე გავლენა სხვა პარტიების შეხედულებებმაც მოახდინა, რომლებიც მხარს უჭერენ ერთსა და იმავე სქესის ადამიანთა ქორწინებას.

პარლამენტში რეფორმის კენჭისყრის შემდეგ „ტვიტერზე“ გაჩნდა ჰეშთეგი #EheFuerAlle, ანუ „ქორწინება ყველასთვის“.

ამჟამად ერთი და იმავე სქესის ადამიანთა ქორწინება მსოფლიოს 20 ქვეყანაშია ნებადართული. მათგან პირველი ჰოლანდია იყო, სადაც გეი-წყვილებს დაქორწინება 2011 წლის 1 აპრილიდან შეუძლიათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები