LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღამის ეკონომიკასთან ნარკოტიკებს არანაირი შეხება არ აქვს, არასწორი ინტერპრეტაციები ვრცელდება – კახა კალაძე

34

გულწრფელად გეტყვით, რომ ღამის ეკონომიკის განვითარებასთან ნარკოტიკებს არანაირი შეხება არ აქვს და საერთოდ კავშირში არ არის, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ კავკასიის უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით არასწორი ინტერპრეტაციები ვრცელდება.

კალაძემ ღამის ეკონომიკის განვითარებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციები ამ მიმართულების განვითარებაზე ცუდად არ აისახება.

“როდესაც პირველად გავაჟღერე ეს ინფორმაცია, მხოლოდ კლუბებზე, ცეკვა-თამაშზე და გართობაზე ჰქონდათ ყურადღება, თუმცა, ეს ასე არ არის. გართობა და კლუბები ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ღამის ეკონომიკის განვითარების. მერიის მხრიდან იქნება მხარდაჭერა და თანადგომა საზოგადოებრივი ტრანსპორტის თვალსაზრისით. როდესაც ახალგაზრდები ღამის კლუბში მიდიან, იქიდან დაბრუნება არის შეუძლებელი, რადგან იმ საათებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი საერთოდ არ მოძრაობს. ამ მიმართულებით გვაქვს ხედვა, როგორ უნდა მოხდეს ხელშეწყობა,” – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით გარკვეული გამოწვევები არსებობს, თუმცა, მასთან გამკლავება შესაძლებელია და ღამის ეკონომიკა ერთ-ერთი წარმატებული პროექტი იქნება.

“არა მხოლოდ ჩვენი ქვეყანა და რეგიონი, მთელი მსოფლიო ილაპარაკებს ამაზე,” – განაცხადა კალაძემ სტუდენტებთან შეხვედრისას.

მისივე თქმით, ნარკომომხმარებლების მიმართ დამოკიდებულების შეცვლა საჭიროა და ისინი კი არ უნდა დაისაჯონ, არამედ სახელმწიფოს პოლიტიკა ნარკოტიკებისგან მათ დაცვაზე უნდა იყოს ორიენტირებული.

“ძალიან ხისტები უნდა ვიყოთ და ვებრძოლოთ ნარკორეალიზატორებს,“ – განაცხადა კალაძემ და დასძინა, რომ ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის განხორციელებაში ის გადაუჭრელ პრობლემებს ვერ ხედავს.

კითხვაზე, ჩატარებული სპეცოპერაცია ხომ არ შეაფერხებს ეს ღამის ეკონომიკის განვითარებას, კალაძე პასუხობს: “დღისითაც აკავებენ ნარკორეალიზატორებს და ეს მოქმედებს ეკონომიკის განვითარებაზე? გავაჩეროთ ყველაფერი?”,- განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები