LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ღამის მერი“ და „გუგუნი“ – ღამის თბილისის პროექტის დეტალები

საღამოს 8 საათიდან დილამდე, თბილისს ღამის ახალი ცხოვრება ექნება. კინოთეატრები ღია ცის ქვეშ, მუზეუმები, კლუბები, ბიბლიოთეკა, ტრანსპორტი და კვების ობიექტები.

მერიის მიერ წარმოდგენილი ღამის თბილისის ეკონომიკის პროექტში მსოფლიოს ქალაქების ღამის ცხოვრების გამოცდილება გაითვალისწინეს, მათ შორის: ლონდონის, ვილნიუსის, ნიუ-იორკის, ბერლინის, გლაზგოს პრაქტიკა. გაჟღერდა იდეა, რომ ღამის თბილისს შესაძლოა „ღამის მერიც” ჰყავდეს და ამ თანამდებობას პროექტის პროდიუსერი სერგი გვარჯალაძე შეითავსებს. კახა კალაძემ დღეს ხუმრობით აღნიშნა, რომ გვარჯალაძე ღამის ქალაქის მერი ისედაც არის,  შემოიღებენ თუ არა ამ თანამდებობას ოფიციალურად, „დღის მერს“ არ დაუკონკრეტებია.

„რატომ ღამის ეკონომიკა, ამას მარტივი პასუხი აქვს – დროა, განვავითაროთ და შევქმნათ ახალი სერვისები თბილისის ტურისტული პოტენციალის ასათვისებლად. უკეთ წარმოვაჩინოთ ჩვენი კულტურა და ხელოვნება, დედაქალაქის უძველესი არქიტექტურა, რომელიც განსაკუთრებული მოწონებით სარგებლობს ტურისტებში. გაჩნდება ახალი საინტერესო სივრცეები თბილისის სხვადასხვა უბნებში”, – განმარტა დღეს თბილსიის მერმა პროექტის პრეზენტაციისას.

 

 

იმის გათვალისწინებით, რომ ქალაქში რესტორნების ნაწილი, კლუბები და გასართობის სივრცეები ისედაც არის, პროექტის სიახლე ავტორებისა და ინიციატორების განმარტებით, ამ ყველაფრისთვის მასშტაბურობის შეძენაა. ახალი პროექტის მიხედვით ღამით, ქალაქში დასვენებისა და გართობის წერტილები ყველა რაიონში იქნება გადანაწილებული.

ღამით, ტურისტს ქალაქში აქვს რამდენიმე  წერტილი ცენტრალურ უბანში და არ აქვს საშუალება გაეცნოს, დაათვალიეროს სხვა უბნები. მაგალითად, გლდანში, ყველაფერი დასაწყისშია თავმოყრილი,  მაშინ, როცა შიდა სივრცეები აუთვისებელია“, – ამბობს პროექტის პროდიუსერი სერგი გვარჯალაძე.

სივრცეების ათვისების კიდევ ერთი იდეა პროექტის მიხედვით საბჭოთა დროინდელი ინდუსტრიული შენობების ახლებურად გამოყენებაა. ამის მაგალითი ქალაქში უკვე არსებობს – ე.წ. ფაბრიკის ტერიტორია, სადაც გასართობი, დასასვენებელი სივრცეა მოწყობილი. ასეთი ძველი ინდუსტრიული შენობები აღირიცხება და არქიტექტურისა და ადგილმდებარეობის მიხედვით განისაზღვრება რა ფუნქცია „მოუხდება“.

 

„მოიზიდე და დატოვე“  –  დაახლოებით ასეთია ღამის ეკონომიკის გათვლა ტურისტულ სექტორზე. როგორც ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე ამბობს, საქართველოში ტურისტული ბუმია. ვიზიტორების ახალი ნაკადის მოზიდვასთან ერთად დამატებითი ამოცანაა შეიქმნას საინტერესო გარემო, რომელიც ტურისტს მეტი დროით დატოვებს ქვეყანაში. ამ იდეას იზიარებს  სერგი გვარჯალაძეც.

„ტურისტების 50 პროცენტი დედაქალაქზე მოდის, ჩვენი მიზანია ქვეყანაში ყოფნის ხანგრძლივობა გავზარდოთ. უნდა შევთავაზოთ საინტერესო ღონისძიებები, უნდა იყოს მეტი ღამის რესტორანი, მნიშვნელოვანია  ქართული კულინარიის, ქართული ღვინის გაცნობა“, – ამბობს პროექტის პროდიუსერი.

 

 

ღამის თბილისის პროექტში ერთ-ერთი ცენტრალური ნაწილი კლუბური ცხოვრებისა და ელექტრონული მუსიკის განვითარების პერსპექტივას უჭირავს. ამ მიმართულებით მერია აკუსტიკური დაბინძურების აღმოსაფხვრელად (ხმაურის) სპეციალისტების ჩართულობით კლუბებისთვის ტექნიკური დახმარების გაწევასაც გეგმავს. ინიციატივას საკლუბო სექტორის წარმომადგენლები დადებითად აფასებენ.

„ინფრასტრუქტურა, ხმის რეგულირება ჩვენთვის პრობლებაა, ასევე სტუმრების ტრანსპორტით უზრუნველყოფა. ასეთი მასშტაბური პროექტების განხორციელება მერიის ან ინვესტორების ჩართულობის გარეშე მხოლოდ კლუბს ძალიან გაუჭირდებოდა. იმედია საუბარი საუბრად არ დარჩება და ქმედითი ნაბიჯებიც მოჰყვება“, – ამბობს კლუბ „ელექტროვერკის“ დამფუძნებელი ზურა მაჭავარიანი.

ქალაქის ახალი, ღამის ეკონომიკის განვითარებას მერია მინიმალური საბიუჯეტო დანახარჯებით გეგმავს. მთავარი აქცენტი ბიზნესის ჩართულობასა და დონორ ორგანიზაციებზე კეთდება. ყველა უბნის ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და საინვესტიციო პოტენციალის შესასწავლად მერია ახალი კვლევას იწყებს, რომელსაც სამომავლოდ ღამის თბილისის განვითარების სტრატეგია დაეფუძნება.

 

თამუნა გოგუაძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები