LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღვარცოფი, მეწყერი, ზვავი თუ შეცვლილი ეკოგარემო – რას უნდა ველოდოთ ხანძრის შემდეგ ბორჯომში

ბორჯომში ხანძარს უკვე მეექვსე დღეა, ებრძვიან. წინასწარი ინფორმაციით, განადგურებულია 100 ჰექტრამდე ტყის მასივი. რაც არ უნდა ძლიერი იყოს,  ხანძრის შემდეგ ტყე, ხშირად, აღდგენას ახერხებს. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, ტყის ხანძარი იმდენად ძლიერია და იმდენად სასტიკ ზიანს აყენებს ნიადაგს, გარემოსა და ლანდშაფტს, რომ აღდგენას წლები და ათწლეულები ესაჭიროება.

ტყის რეგენერაციას, მეცნიერების აზრით, 50-100 წელი მაინც სჭირდება, ვიდრე ხელოვნურად დარგული ნერგები ბუნებრივად მოახდენენ გამრავლებას და ადამიანის ჩარევას აღარ მოითხოვენ. თუმცა, მანამდე გასარკვევია, რა მოსდის ადგილობრივ მიკროკლიმატს გადაწვის შემდეგ, რა გავლენას ახდენს ის ადამიანზე და ადამიანის ჩარევა მასზე.

 

ატმოსფერული ნალექი თუ ჭარბი რაოდენობით მოვიდა, სოფელ დაბისა და გუჯარულას ხეობის მიმართულებით სტიქიური პროცესების მომატების საფრთხეა. შეიძლება, ეს გამოჩნდეს და  პირველი შედეგები ვნახოთ შემოდგომაზეც.

                                                                                  

 

გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი, გიორგი დვალაშვილი, „ფორტუნასთან“ საუბრისას ამბობს, რომ  ნახანძრალი ტერიტორია ადამიანზე იმდენად ახდენს გავლენას, რამდენადაც ის წარმოშობს ღვარცოფების, მეწყრებისა და ზვავების საფრთხეს. სხვა მხრივ კი, ხეობის მაცხოვრებლებისთვის და ასევე დამსვენებლებისთვის პანიკის საფუძველი არ არსებობს. ნახანძრალი ტერიტორია და ფერფლისგან დაბინძურებული ჰაერი და ნიადაგი რეგენერაციას თავად შეძლებს, მას შემდეგ რაც წვიმა და თოვლი მოვა.

 

ეს ნამდვილად არ ნიშნავს, რომ ამ მასშტაბის ხანძრის შედეგად, ბორჯომში მიკროკლიმატი შეიცვლება.

 

ბორჯომის ხეობისთვის მსგავსი მასშტაბის ხანძარი პირველი შემთხვევა არაა. ცეცხლი ამ ტერიტორიაზე 9 წლის წინ, 2008 წელს რუსეთ-საქართველოს საომარი მოქმედებების დროსაც გაჩნდა. შედეგად, 1000-მდე ჰექტარი ტყის მასივი, ჯამში 204 116 ხე დაიწვა. მაშინაც განსაკუთრებით დაზიანდა სოფელი დაბისა და წაღვერის მიმდებარე ტერიტორია – ერთ-ერთი საუკეთესო საკურორტო ადგილები. გაურკვეველი იყო ასევე ტყეში მობინადრე ცხოველისა და ფრინველის ბედიც. ნახანძრალი ტერიტორია კომფორტული გარემოა ღვარცოფის, მეწყერის და ზვავის წარმოსაქმნელად. აქვე, გასათვალისწინებელია რელიეფის დახრილობაც. ხეები აღარ აკავებენ ნალექის შედეგად მოსულ წყლის მასას და ისიც დაღმართისკენ მიექანება. ამასთან, მოჭარბებული ნალექი, გარკვეულწილად, გადამწვარი ტყის ბრალიცაა. ის აღარ იწოვს ჩამოსული ნალექის თავის წილს, რომელიც უფრო აქტიურად ორთქლდება და გვიბრუნდება უკან წვიმის სახით.

 

  შეუძლებელია, ამ პატარა ხეობებმა ამ საკურორტო ზონას უახლოეს გრძელვადიან  პერიოდში პრობლემები შეუქმნას. 

 

არჯევანიძის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე სიმაღლეც, დახრილობაც ისეთია, ატმოსფერული ნალექი თუ ჭარბი რაოდენობით მოვიდა, სოფელ დაბისა და გუჯარულას ხეობის მიმართულებით სტიქიური პროცესების მომატების საფრთხეა. შეიძლება, ეს გამოჩნდეს და პირველი შედეგები ვნახოთ შემოდგომაზეც. ეს პროცესები და შეცვლილი კლიმატური გარემო, ამ ხეობის გარდა, სხვა ტერიტორიაზე არ გავრცელდება. ეს კონკრეტული ტერიტორია არის ლოკალური. ადგილობრივმა მოსახლეობამაც და საერთოდ საზოგადოებამაც უნდა იცოდეს, რომ ის მტვრის ნაწილაკი, რომელიც შეიძლება, მეზობელ ხეობაში სხვა ტერიტორიებზე  გავრცელდა, არ ნიშნავს იმას, რომ  ეს კატასტროფა აისახება  ბორჯომზე, ხაშურზე, ბაკურიანში. ეს ნამდვილად არ ნიშნავს, რომ ამ მასშტაბის ხანძრის შედეგად, ბორჯომში მიკროკლიმატი შეიცვლება. ვერც კურორტ წაღვერს შეცვლის. ეს არის ლოკალური ხეობები ჩაკეტილი ხეობები, იქ არსებული მიკროკლიმატი და არსებული კლიმატური ფაქტორები ვერანაირად ვერ შეიცვლება ამ ტერიტორიაზე ხეების ტყის მასივის განადგურების შემდეგ. შეუძლებელია, ამ პატარა ხეობებმა ამ საკურორტო ზონას უახლოეს გრძელვადიან  პერიოდში პრობლემები შეუქმნას და ვთქვათ, რომ ეს კურორტები აღარ ვარგა დამსვენებლებისთვის,“ –  განაცხადა დვალაშვილმა.

მისივე თქმით, ნახანძრალ ტერიტორიას შველა და აღდგენა სექტემბრიდანვე დასჭირდება. რაც შეეხება მტვრის ნაწილაკებს, რომელიც შესაძლოა, მოხვედროდა ნაყოფს, ეს არ შეიცავს საფრთხეს. საკურორტო რაიონები დარჩება საკურორტო რაიონებად.

 

 

ქეთი გიგოლაშვილი 

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები