LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღვინის ქართული ინოვაციური აპარატი უცხოურ ბაზარზე შედის

336

ღვინის მწარმოებელი კომპანია Good wine, საკუთარი ინოვაციური აპარატის შეტანას მეზობელ ქვეყნებში გეგმავს. მოლაპარაკებები უკვე დასრულებულია რუსულ მხარესთან და ღვინის ჩამოსასხმელი აპარატი ”სავინო” მოსკოვში ერთ თვეში გამოჩნდება.
ამასთან, როგორც ”ფორტუნას” Good wine-ის დირექტორმა, ოთარ ყურაშვილმა განუცხადა, აპარატი ექსპორტზე უკრაინაში, ყაზახეთში, ბელარუსსა და ტაშკენტშიც გავა.

”ამ ეტაპზე თითქმის უკვე დასრულებულია მოლაპარაკებები რუსულ მხარესთან. მოსკოვში ”სავინოს” ღვინის ინოვაციური აპარატი სავაჭრო ქსელებსა და რესტორნებში გამოჩნდება. საწყის ეტაპზე 50 ერთეული ტექნიკა გაიგზავნება, სამომავლოდ კი გასაგზავნი აპარატების რაოდენობა გაიზრდება”, – აღნიშნა ყურაშვილმა. მისივე ინფორმაციით, აპარატს ოპერირებას თავად კომპანია Good wine გაუწევს.

”აღნიშნულ ტექნიკას არ ვყიდით, უბრალოდ იჯარით გადავცემთ დაინტერესებულ ღვინის მწარმოებელ კომპანიებს. მათ შორის, როგორც უცხოურ, ისე ქართულ კომპანიებს და სწორედ ისინი განახორციელებენ საკუთარი ღვინის რეალიზაციას ჩვენი აპარატებით”, – განმარტა კომპანია Good wine-ის დირექტორმა.

როგორც ოთარ ყურაშვილმა აღნიშნა, ”სავინოს” აპარატები ქართულ ბაზარზე დროებით აღარ იქნება წარმოდგენილი.
”თავის დროზე, აპარატი ადგილობრივ ბაზარზე დაიტესტა და პროექტმა გაამართა. ახლა კი ძალიან დიდი დაინტერესება არსებობს მეზობელი ქვეყნების მხრიდან. ამიტომ, ძირითადად, საექსპორტო მიმართულებით ვიმუშავებთ. თუმცა, თუ იქნება დაკვეთა ადგილობრივი კომპანიების მხრიდანაც, ქართულ ბაზარზეც დარჩება ”სავინოს” ინოვაციური აპარატი”, – განუცხადა ”ფორტუნას” ყურაშვილმა.

შეგახსენებთ, კომპანია Good wine-მა ღვინის ჩამოსასხმელი ინოვაციური აპარატი 2016 წლის გაზაფხულზე შექმნა და წარუდგინა ბაზარს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, აპარატი უნიკალურია და მსოფლიოს მასშტაბით ანალოგი არ აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები