LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღვინო, საჩუქრები და გამოფენა: თბილისში ახალი ღვინის ფესტივალი იმართება

248

ახალი ღვინის ფესტივალი 2017-ში მონაწილე ღვინის კომპანიების რაოდენობა და ვინაობა უკვე ცნობილია. ფესტივალი 13 მაისს მთაწმინდის პარკში, საქართველოს ღვინის კლუბის ორგანიზებით, გაიმართება. ფესტივალი უკვე მერვედ ტარდება და მისი მთავარი მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაცია, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლება და სამომხმარებლო კულტურის გაზრდაა.

როგორც ”ფორტუნას” ღვინის კლუბიდან აცნობეს, ახალი ღვინის ფესტივალი ჩატარდება 11:00-დან 18:00 საათამდე. მცირე / ოჯახური, საშუალო და დიდი მეღვინეობები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ფესტივალის სტუმრებს წარუდგენენ 2016 წლის მოსავლის ღვინოებს. სტუმრებს მთელი დღის მანძილზე შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ ღვინის დღესასწაულში და დააგემოვნონ საუკეთესო ღვინოები.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, 2017 წლის ახალი ღვინის ფესტივალზე მონაწილეობას მიიღებს 113 კომპანია – დიდი, საშუალო და მცირე მეღვინეობები, ასოციაციები, სახელმწიფო ორგანიზაციები, ღვინის ბარები და მცირე მეწარმეები.

”ახალი ღვინის ფესტივალი 2017, როგორც ყოველთვის, დაიწყება ქვევრის საზეიმო გახსნით. ფესტივალის მუსიკა: რეზო კიკნაძის ჯაზბენდი, ფოლკლორული ანსამბლი “დიდგორი”, ხონის სახახლო სასულე ორკესტრი. ფესტივალზე ღვინის კლუბისგან გათამაშდება 8 ცალი 10 ლიტრიანი საუკეთესო საფერავით სავსე სასაჩუქრე კასრი. ფესტივალზე სადეგუსტაციო ჭიქის შეძენისას გადმოგეცემათ გათამაშების ბილეთი, რომელიც უნდა ჩააგდოთ ქვევრში. 13:00, 14:00, 15:00 საათზე გამოვლინდებიან გამარჯვებულები ქვევრიდან შემთხვევითობის პრინციპით ამოღებული ბილეთით”, – აღნიშნეს ღვინის ფესტივალის ორგანიზატორებმა.

მათივე ცნობით, ღვინის კლუბის ჯილდო „ელიბო“ საზეიმოდ გადაეცემათ ღვინის კომპანიებს. ამასთან, ფესტივალზე მოსულ სტუმრებს, Giffer -ის სტენდებთან, საშუალება ექნებათ გადაიღონ სამახსოვრო მოძრავი ფოტოები და პირდაპირ ფესტივალის ადგილიდან გააზიარონ. ფესტივალზე გაიმართება ტრადიციული და თანამედროვე ხელნაკეთი ნივთების გამოფენაც. ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ საკუთარი ხელით შექმნან თიხის ნაკეთობები.

ცნობისთვის, ახალი ღვინის ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები