LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია ბუღაძის ახალი ნამუშევრების გამოფენა გაიმართება

117

საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ გია ბუღაძის გამოფენას „Olim – ოდესღაც” დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში.

„Olim” ლათინური სიტყვაა და ნიშნავს „ოდესღაც”. სიტყვა შეიცავს დროის ორ მიმართებას როგორც წარსულისაკენ, ასევე მომავლისაკენ. გამოფენაზე წარმოდგენილი გია ბუღაძის სერია არის მეგალოგრაფია, რომელიც შედგება 33 დამოუკიდებელი ნამუშევრისგან, რაც მთლიანობაში მიმართულია ერთი მასშტა­ბუ­რი და აქტუალური იდეისა თუ პრობლემის დასმისაკენ.

ევროპაში, და არა მარტო, არსებობს საყოფაცხოვრებო ტრადიცია, ქცევის წესი – როდესაც ბინას, ან სახლს დროებით ტოვებენ, ნივთებს, საგნებს, ავეჯს, სარკეებს, ჭაღებს თეთრი მატერიით – სუდარით ფარავენ, რათა შეინახონ, დაიცვან დაზიანებისა და მტვრისაგან იმ დრომდე, ვიდრე შინ დაბრუნდებიან.

„Olim არის ვიზუალური მახსოვრობის „თეატრი”, რომელიც გადანახვას და შენახვას ისახავს მიზნად. ამიტომაც გამოვიყენე ამგვარი მეთოდი: წმინდა წერილიდან, კერძოდ კი, სახარებიდან ავიღე სცენები, ისინი ისეთი იკონოგრაფიული ვერსიებით გამოვსახე, რომ ყოველი სცენა იოლად ამოსაცნობი ყოფილიყო. სცენები ტილოზე დავიტანე და თეთრი სუდარა „გადავაფარე”, შევფუთე ერთგვარი სუდარა-ბადით, გადავმალე, გადავინახე, გაცხადება-გახსნის დრომდე შევინახე” – ამბობს ავტორი.

სერია „Olim – ოდესღაც” შინაარსთა დაფარვა-გახსნას გუ­ლის­ხმობს, როდესაც ის მრავალი იდეა, რომელიც დღეს შენახული და დაფარულია, გაიხ­სნე­ბა და აიხსნება; ეს მოხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენი შინ დაბრუნების დრო დადგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები