გია ცერცვაძის ცოლმა არ იცის, რატომ დააკავეს მისი ქმარი, თუმცა ხელისუფლების არ სჯერა

68

უკრაინაში დაკავებული ქართველი ვიცე-პოლკოვნიკის გია  ცერცვაძის მეუღლემ არ იცის, რის გამო დააკავეს მისი ქმარი. როგორც ტატიანა ცერცვაძემ ’’ფორტუნასთან’’ საუბრისას განაცხადა, არ აქვს იმედი, რომ  ვიცე-პოლკოვნიკის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლება სიმართლეს დაადგენს. ტატიანა ცერცვაძე იმედოვნებს, რომ უკრაინის სააპელაციო სასამართლო „სწორ“ გადაწყვეტილებას მიიღებს და მისი მეუღლე რუსეთს არ გადაეცემა.

’’არ ვიცი, ვინ რას ედავება ჩემს მეუღლეს, ჯერ საქმის კურსში არ ვარ. ყველა სახის ინფორმაციას ინტერნეტით, ან ახალი ამბების მეშვეობით ვიღებ, არ მაქვს კავშირი ადვოკატთან, თუმცა იმედი მაქვს, რომ  გიას უკრაინაში მაინც დაიცავენ.“

იუსტიციის მინისტრის განცხადებას, რომ  ყველა მოქალაქის პირადი მონაცემები, მათ შორის გია ცერცვაძისაც არის დაცული, დაკავებულის მეუღლე პასუხობს :

„ჩვენ თვითონ გადავეცით ჩვენი ხელითო,   ამას იტყვის? რატომ მოხდა ეს ფაქტი, თვითონ გაარკვიონ და  თვითონ განაცხადონ, მაგრამ მე მათგან სიმართლეს ვერასდროს გავიგებ“.

 

გია ცერცვაძის ცოლი „ნაციონალური მოძრაობის“ აქციას შეუერთდება

ვიცე-პოლკოვნიკის ცოლი აპირებს,  შვილებთან ერთად „ნაციონალური მოძრაობის“ აქციას შეუერთდეს. ტატიანა ცერცვაძე მოუწოდებს ყველას, მებრძოლ ჯარისკაცებს თავი გაანებონ.

„ჩემთან, პირადად, ხელისუფლებიდან არავინ გამომხმაურებია, მხოლოდ ’’ნაციონალური მოძრაობის’’ წევრებმა და  ელენე ხოშტარიამ დამირეკეს. რა გადაწყვეტილებას მიიღებს უკრაინის სააპელაციო სასამართლო, ჯერ ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ იმედი მაქვს, რომ  ისინი მაინც ნორმალურად გაანალიზებენ ყველაფერს ’’- განაცხადა ტატიანა ცვერცვაძემ.

 

ეხმარება თუ არა გია ცერცვაძეს საქართველოს ხელისუფლება

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს საკუთარი მოქალაქის უფლებები დაიცვას.

 ’’მე არ ვიცი, გია ცერცვაძის მეუღლე რა კუთხით უდგება ამ საკითხს. ელენე ხოშტარია უკრაინის სახელმწიფოსთან ვერაფერს გადაუწყვეტს, მაშინ, როცა  საქართველოს სახელმწიფოს ყველა შესაბამისის კომპეტენტურ ორგანოს უკვე ჰქონდა კავშირი უკრაინულ  მხარესთან. ბევრ საკითხზე  ვიმსჯელეთ, ინფორმაცია გავცვალეთ და საქართველოს სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ გია ცერცვაძე არ გადაეცეს რუსეთს. მთავარი არის დავიცვათ საქართველოს მოქალაქე. იქ რა პოლიტიკური კონტექსტია და ვინ უფრო მაგრად  მოაწყობს ისტერიკას ეს,  ნაკლებად მაინტერესებს,“ – განაცხადა „ფორტუნასთან“ სესიაშვილმა.

 

ოპოზიცია ცერცვაძის მხარდასაჭერად

საპარლამენტო ოპოზიცია ’’ევროპულმა საქართველომ’’   უკრაინის ხელისუფლებას სპეციალური წერილით მიმართ, რომლის თანახმად 21 დეპუტატი ქართველ ვიცე-პოლკოვნიკს თავდებში უდგება. ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, პარალელურად ფრაქცია ’’ევროპული საქართველო’’ პარლამენტში 3 მინისტრის დაბარების მოთხოვნას ძალაში ტოვებს. ოპოზიცია ითხოვს, რომ გია ცერცვაძის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით იუსტიციის, საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა სამინისტროებმა კითხვებზე პასუხები გასცენ.

’’ეს არის გაუგონარი დანაშაული, რომლის ჩამდენიც საქართველოს მთავრობაა. მათ რუსეთს ინფორმაცია მიაწოდეს, ან შესაძლოა, რომ წინასწარვე იცოდნენ რუსეთის  ამ ’’სპეცოპერაციის’’ შესახებ  და კოლაბორაციონისტული მთავრობისთვის დამახასიათებელი სულისკვეთებით თანამშრომლობდნენ მათთან. ჩვენ მივმართავთ უკრაინულ მხარეს, რომ არავითარ შემთხვევაში არ არ გადასცეს რუსეთის ხელისუფლებას გია ცერცვაძე.  ასევე გეტყვით, რომ საერთაშორისოკონვენციები კრძალავს ექსტრადიციას, თუკი  მოლოდინი  არსებობს,  იმის რომ იმ ,  შესაძლოა ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე დაემუქროს. ჩვენ კი ვხედავთ,  რომ ცერცვაძის შემთხვევაში ნადვილად ასეა, იმიტომ, რომ რუსეთს პირდაპირი ნადირობა აქვს გაცხადებული აგვისტოს ომში მონაწილე ქართველ ჯარისკაცებსა და ოფიცრებზე. ასევე, იმ იმ სპეცრაზმელებზე, რომლებიც სხვადასხვა დროს რუსეთის საწინააღმდეგოდ იბრძოდნენ,“- განაცხადა ’’ფორტუნასთან’’ საუბრისას ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

 

 

გასულ კვირას ’’რუსთავი 2’’-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართველ სამხედრო გია ცერცვაძეს რუსული მხარე 14 წლის  წინ ჩადენილი დანაშაულს –  მკვლელობას ედავება. თუმცა, ინტერპოლის მიერ საერთაშორისო ძებნა ცერცვაძეზე 2016 წლის 23 დეკემბერს გამოცხადდა.

ქართველი სამხედრო ერთი კვირის წინ კიევში დააკავეს, ის ამ დრომდე კიევის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტიელბას ელოდება.

 

სალომე კვარაცხელია