LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია მურღულია განათლების სფეროს პრობლემებზე – „ეს საკითხი დღემდე ვერ წყდება…“

355

განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას დღევანდელი განცხადების თანახმად, საატესტატო გამოცდებზე 11 000 მოსწავლე ჩაიჭრა. მისივე თქმით, იგივე მდგომარეობა იყო წინა წელსაც და ყველაზე მეტად ბავშვებს ტექნიკური საგნების სწავლა უჭირთ.

მცირე ხნის წინ კი გამოქვეყნდა PISA („მოსწავლეთა საერთაშორისო შეფასება“) კვლევა, სადაც საქართველო ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა მოსწავლეების მიერ წაკითხულის გააზრების კუთხით.

ამ ორ თემაზე სკოლა „ჰამილტონის“ დირექტორს, გია მურღულიას ვესაუბრეთ.

ბატონო გია, რა არის იმის მიზეზი, რომ წელს საატესტატო გამოცდებზე მინიმალური ზღვარი 11 000-მა მოსწავლემ ვერ გადალახა?

11000 უდავოდ ბევრია საიმისოდ, რომ პრობლემებს თვალი ავარიდოთ. გამოდის, რომ ყოველი მეხუთე მოსწავლე ვერ ახერხებს სახელმწიფოს მიერ დაწესებული მინიმალური ბარიერის დაძლევას. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ეს ბარიერი საკმაოდ (არ მინდა ვთქვა: „არაადეკვატურად“) დაბალია და ოდნავადაც მაღალი რომ ყოფილიყო, ჩაჭრილ მოსწავლეთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდებოდა.

ჩემი აზრით, ამგვარი შედეგის მიზეზი რამდენიმეა:

  • მიღებული და დამტკიცებულია ეროვნული სასწავლო გეგმა, მაგრამ სახელმწიფო (და – საზოგადოებაც) ვერ ან არ (ან – არასათანადოდ) აკონტროლებს მისი დანერგვისა და რეალიზების ხარისხს.
  • მოსწავლეთა მოტივაცია არ არის სასურველად მაღალი – ისინი განათლების დონესა და პიროვნულ კეთილდღეობას უშუალოდ ვერ აკავშირებენ ერთმანეთთან.
  • სწავლების დასკვნით საფეხურზე ძალიან დიდია გაკვეთილების გაცდენათა რაოდენობა და ამას სახელმწიფო პრინციპულად ვერაფერს უხერხებს – არა მგონია, რომ მუდმივი „პატიების რეჟიმი“ როდისმე აღმოფხვრის ამ პრობლემას.
  • კვლავ უსერიოზულეს პრობლემად რჩება მასწავლებელთა დაბალი კომპეტენცია. პროფესიული განვითარების სქემაზე განლაგების პროპორციები ნათლად გვიჩვენებს, როგორ აფასებს თავად სახელმწიფო პედაგოგთა მომზადების დონეს. დაბალი კომპეტენციის ერთ-ერთი არსებითი მიზეზი (თუმცა ჩვენ ძალიან კარგი მასწავლებლებიც გვყავს, მაგრამ ისინი „სტრატეგიულ ამინდს“ ვერ ქმნიან), ასევე დაბალი პიროვნული მოტივაციაა. ამასთან ერთად კი – პროფესიული განვითარების სისტემის პრობლემებიც (არასაკმარისი დაფინანსება, ნაკლები გამტარუნარიანობა და ა.შ.)
  • ბოლოს კი უნდა ვთქვა, რომ რა ფულსაც ვხარჯავთ განათლებაზე, ზუსტად ისეთ შედეგს ვიღებთ. როდესაც წლიდან წლამდე არ იცვლება საერთო სურათი, უნდა შევთანხმდეთ, რომ ან სათანადო დასკვნები ვერ გამოგვაქვს, ან მართვის კომპეტენცია არ გვყოფნის, ანაც ამ ფულით სხვაგვარ რეზულტატს არც უნდა ველოდოთ. თუმცა მხოლოდ ფულში არ არის საქმე, ერთმანეთს უნდა შეხვდეს ფული, რაციონალიზმი და პასუხისმგებლობის გრძნობა.

ახლახან გამოქვეყნდა კვლევა, რომელმაც ცხადყო, რომ საქართველოში მოწაფეებს წაკითხულის გააზრება უჭირთ…

ეს პრობლემა, ასევე, ძალიან თვალსაჩინოა. გერმანელი მეცნიერი და პედაგოგი ფრიდრიხ ადოლფ დისტერვეგი ამბობდა: „სჯობს, ერთი საგანი ან მოვლენა ასწავლოთ ათი სხვადასხვა კუთხით, ვიდრე ათი – ცალმხრივად“. წლებია, სისტემას ამოცანად უსახავენ, რომ მოსწავლეებს კრიტიკული აზროვნება ასწავლონ, მაგრამ მასშტაბურად ეს საკითხი დღემდე ვერ წყდება. მოსწავლეს უნდა შეეძლოს ინფორმაციის მოძიება, მისი გაანალიზება, ცალკეულ ელემენტთა დაკავშირება ერთმანეთთან თუ სხვა ფაქტისა და მოვლენის ანალოგიურ ელემენტებთან და ა.შ. აქაც განმსაზღვრელ მიზეზად პედაგოგთა არასაკმარისი კომპეტენცია მიმაჩნია. მე არ მესმის, რატომ უნდა ჰქონდეს საზოგადოებას ამ პრობლემის სწრაფი გადაწყვეტის მოლოდინი, თუკი ოპერატიულად არ გადაიდგმება რადიკალური ნაბიჯები პროფესიული მომზადების ასამაღლებლად. ცუდი ის არის, რომ გაუმჯობესების ტენდენციებიც თვალშისაცემი არ არის – სისტემა თითქოს ვითარდება, მაგრამ სასურველი ტემპით – ვერა.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წიგნიერების პრობლემა აზროვნების პრობლემაა. არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ეს პრობლემა მხოლოდ ქართულ სკოლას არ ახასიათებს და ჩვენი საზოგადოების სხვა მნიშვნელოვან სეგმენტებშიც იჩენს ხოლმე თავს. ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრება ხშირად გვახსენებს, რომ ადამიანები რაღაცას ისმენენ, კითხულობენ და ადეკვატური აზრი ვერ გამოაქვთ, რაც არალოგიკურ პასუხებსა თუ რეაქციებს ბადებს. კონფლიქტების დიდი უმრავლესობისა და დაუსრულებელი აგრესიის მთავარი მიზეზი შესაძლოა, სწორედ ეს იყოს.

მოკლედ, მოაზროვნე მოსწავლეს წინ, მინიმუმ, ორი რამ უსწრებს: მოაზროვნე მასწავლებელი და მოაზროვნე საზოგადოება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები