LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია როინიშვილი: „არ ვიწყებ წუწუნს, მაგრამ უხელფასოდ და უყველაფროდ ვარ დარჩენილი…“

92

ზურა ჯაფარიძის განცხადებას, რომ მსახიობები ითხოვენ ფულს, რომ წაართვან სხვებს, საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოცქსელში. „გირჩის“ ლიდერი მიიჩნევს, რომ მსახიობები გარემოვაჭრეებზე და სხვა პროფესიის ადამიანებზე მაღლა არ დგანან. ამ განცხადებამ მსახიობების მდგომარეობაზე კამათის კიდევ ერთი  რაუნდი გააჩაღა სოცქსელში და მის გარეთ.

მსახიობ გია როინიშვილს ბოლო დროს მსახიობებსა და მათ ხელფასებზე ატეხილი აჟიოტაჟის შეფასება ვთხოვეთ.

გია როინიშვილი:

თანამედროვე ხელოვნების ის მიმართულებები, რაც შოუბიზნესს არ მიეკუთვნება, უნდა დაფინანსდეს ბიუჯეტიდან. სამწუხაროდ, სხვანაირად არ გამოვა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, სახელმწიფოს განვითარებისთვის.

ბევრი ზედაპირული შეფასება მოვისმინე, მათ შორის პოლიტიკოსებისგან. ყველა ფრთხილად უნდა მოექცეს ამ საკითხს. თეატრი და ზოგადად, ქართული ხელოვნება ეკუთვნის ქართველ ხალხს და საზოგადოებას, მაყურებელს კარგად უნდა აუხსნა, რატომ სჭირდება დაფინანსება ბიუჯეტიდან ამ სფეროებს, რაში იხდის გადასახადის ნაწილს. ეს საზოგადოებას უნდა აუხსნას კულტურის სამინისტრომ, სხვათა შორის, მაგრამ მგონი, მათ თავადაც არ იციან, აზრზე არ არიან, რატომ იხდიან ამ ფულს. არანაირი მწყობრი, ნაფიქრი გადაწყვეტილებები არ არის მიღებული. კულტურის სამინისტრო უბრალოდ, ფულის დამრიგებელია, სწორად არიგებს თუ არასწორად, ეს სხვა თემაა, მაგრამ მაშინ რა საჭიროა კულტურის სამინისტრო? ამას ფინანსთა სამინისტროც გააკეთებდა. კულტურის სამინისტროს მუშაობას უნდა ჰქონდეს ეფექტი. ეს უნდა შემოქმედებით საზოგადოებასაც.

მესმის ყველას გაღიზიანება, ჩემი კოლეგების თუ საზოგადოების. მეჩვენება, რომ დღეს შემოქმედებით ადამიანებს უპირისპირებენ საზოგადოებას, რაც არაფერ კარგს არ მოიტანს. არსებობენ ასეთი, ისეთი ხელოვანები, ზოგი იღებს ხმას, ზოგი – არა. ბევრი საკითხია გადასაწყვეტი და ბოლომდე მისაყვანი.

არ ვიწყებ წუწუნს და არც ჩემი პირადი პრობლემის მოხვევა მსურს ვინმესთვის, მაგრამ როცა ლაპარაკობენ, ვიღაცას მეტი აქვს ხელფასი და ვიღაცას – ნაკლები, მაგალითად, დღეს მე მარჯანიშვილის თეატრში ვთამაშობ მიწვევით ერთ სპექტაკლს, მოქმედი მსახიობი ვარ, როგორც ამბობენ, მაგრამ უხელფასოდ და უყველაფროდ ვარ დარჩენილი. დამერწმუნეთ, არანაირი შურისძიების გრძნობა არ მამოძრავებს. სადაც ვიქნები, მინდა, ამ სფეროს და ჩემს კოლეგებს მივეხმარო. თუკი ვინმეს ჩემი აზრი მაინტერესებს, ამასაც გამოვთქვამ.

ამ დღეებში არავინ სვამს კითხვას, რატომ გახდა იძულებული კულტურის სამინისტრო, შემოეჭირათ ქამრები. იმიტომ, რომ ეკონომიკა დავარდა. ეს საზოგადოების ყველა ფენას ეხება, ისეთი მთავრობა უნდა ავირჩიოთ, რომელიც ქვეყანას წინ წაიყვანს. ზოგიერთი ჩემი კოლეგა ამბობს, კი ბატონო, შემოვიჭერთ ქამარსო და შემოუჭერიათ კიდეც, როცა ყინვაში თამაშობდნენ სპექტაკლებს, მაგრამ ამ დროს ჩინოვნიკი არ იჭერს ქამარს. რაზეა ლაპარაკი, ჩაიხედეთ ბიუჯეტში და ნახავთ, რა ხდება, რა მანქანებით დადიან. როცა სხვას უჭირს, უნდა გქონდეს იმდენი აღზრდა, რომ ნამეტანი გაგიჟებული ჩაცმულ-დახურული და ნაჭამ-ნასვამი არ გამოხვიდე გარეთ.

დღეს კულტურის მინისტრმა აღნიშნა, რომ ზურა ყიფშიძის ხელფასი 400 ლარს ხუთჯერ აღემატება.

მე სხვის ხელფასებს ნუ დამათვლევინებთ და გამარჩევინებთ, ეს ჩემი საქმე არ არის. ყველას ერთმანეთს უპირისპირებენ, ეს რა უბედურებაა, სხვის ჯიბეში აფათურებენ ხელს. ჩემი აზრით, ეს ძალიან ცუდი ფორმაა ურთიერთობის.

გამოსავალს ხედავთ?

საიდან დავიწყო (იღიმის)? უნდა გამოვჯანმრთელდეთ ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურად და საღად შევხედოთ ცხოვრებას. უკვე ვთქვი, რაც უნდა გაკეთდეს. ფაქტია, რომ ყველაფერი დაინგრა. თეატრები პირველი არ არის. სადაც შეუძლიათ, ყველგან ყველას აპირისპირებენ, რადგან ერთმანეთი ჭამონ და მათ არავინ მიეკაროს. ეს აწყობთ. თავად ხელები აქვთ დაბანილი, უი, თურმე ეს რა ცუდი ყოფილა და ის რა ცუდი ყოფილაო. ვინ არის ნასიამოვნები, ყველა ერთმანეთს რომ ჭამს?

თქვენ გსმენიათ იმ გაჭირვების შესახებ, რომელშიც ქართველი მსახიობები ცხოვრობენ?

საქართველოში არიან ხელოვანები, ისევე, როგორც ყველა სფეროში, რომელთაც უჭირთ, როგორ არ გამიგია. მერე? ამაზე სახელმწიფომ უნდა იფიქროს და ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა გადაწყდეს, შეინახოს თუ არა ქართველმა ხალხმა არამომგებიანი დარგები, მაგალითად, თეატრი, სამხატვრო გალერეა თუ მუზეუმი. შემოქმედებს და ხალხს შორის ხიდი უნდა იყოს კულტურის სამინისტრო და გააგებინოს საზოგადოებას, რატომ უნდა შეინახოს მან ეს სფეროები. თუ არადა, ვიყვანოთ ბუღალტერი და დაარიგებს ფულს… მართლა გეუბნებით. ასევე აუცილებელია, ბიზნესს ჰქონდეს საშუალება, რომ მიეხმაროს შემოქმედებით პროექტებს. ეს კაი ბიჭი რომ არის, ამ დონეზე კი არ უნდა იყოს, ამით თავადაც სარგებელს უნდა იღებდეს, ფულიან კაცს მადლობა უნდა ვუთხრათ, თუ ამ საქმეში ფულს ჩადებს, სახელმწიფომ უნდა მიიღოს კანონი, რითაც ბიზნესისთვის სარფიანი იქნება ასეთ სფეროებში ფულის ჩადება. არსებობს მეცენატების ინსტუტუტი და ასეთ ადამიანებს რაღაც შეღავათი უნდა მისცე. ეკონომისტებთანაც მისაუბრია ამაზე და ფიქრობენ, რა შეიძლება გაკეთდეს, რომ ეს საქმე წინ წავიდეს. ჯერ ამაზე ვერ ვილაპარაკებ. კომპლექსური ღონისძიებებია გასატარებელი. არასწორია იმაზე ლაპარაკი, უნდა უხადო თუ არა მსახიობს ხელფასი. თუ ქვეყანას და საქართველოს სჭირდება, ეს ასე უნდა მოხდეს, რადგან დღეს ქვეყანაში სხვა გამოსავალი არ არსებობს.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები