LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია ყანჩელის მიმართვა „საზოგადოებრივ მაუწყებელს“

224

გია ყანჩელი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს მიმართავს. ქართველი კომპოზიტორი ძალიან იშვიათად ჩნდება პრესასთან, ამიტომაც ახლახან გავრცელებული მისი მიმართვა კიდევ უფრო საინტერესოა.

კომპოზიტორი მიიჩნევს, რომ გადაცემები „უცნობი მუსიკა“ და „წითელი ზონა“, რომლებიც „პირველი არხის“ ეთერში გადის, არ უნდა დაიხუროს და წერილში, რომელსაც „უცნობი მუსიკის“ წამყვანი, კახა თოლორდავა ავრცელებს, შესაბამისი არგუმენტებიც მოჰყავს. როგორც კახა თოლორდავა წერს: „ჯერ ვფიქრობდი, რა პონტია ამის დადება საკუთარ გვერდზე-მეთქი; მერე კი ცოტა დავფიქრდი და გადავწყვიტე, რატომაც არა-მეთქი, თანაც, ამის გაკეთების უფლება თვით ამ ტექსტის ავტორმა მომცა. მოკლედ, გია ყანჩელმა ანტვერპენში რომ გაიგო „უცნობ მუსიკას“ რაღაც ემუქრებაო, ეს ტექსტი გაუგზავნა „საზოგადოებრივ მაუწყებელს“. ამბობენ, ტყეში ნადირს თუ გადაეყარე და შეგიღრინა, შენც უნდა შეუღრინოო, ჰოდა აი, ვიღრინები! დიდი მადლობა, ბატონო გია!“

რაც შეეხება თავად წერილს, კომპოზიტორი აღნიშნავს:

„შევიტყვე რა, რომ სხვა გადაცემებთან ერთად დაბალი რეიტინგის გამო განზრახულია „უცნობი მუსიკის” და „წითელი ზონის” დახურვა, გამიჩნდა სურვილი, გაგიზიაროთ ჩემი მოსაზრება რეიტინგებზე გამართულ დისკუსიაზე.

გთხოვთ წარმოიდგინოთ, ჩვენი საზოგადოების რა ნაწილი გადართავს არხს მოცარტის ან ვერდის რექვიემის ეთერში გასვლისას. ამგვარი ქმნილებების მოსმენის მსურველები ერთეულები თუ აღმოჩნდებიან. შესაბამისად, ვერდის და მოცარტის რეიტინგი შესაძლოა „უცნობ მუსიკაზე” და „წითელ ზონაზე” დაბალი აღმოჩნდეს. ამიტომ, არაპოპულარული პროგრამების ეთერში გაშვების „ფუფუნება” სწორედ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ უნდა გააჩნდეს.

დღევანდელ საქართველოში მუსიკალური კრიტიკის არარსებობის ფონზე გადაცემა „უცნობი მუსიკა” და მისი ავტორი კახა თოლორდავა, ჩემთვის, როგორც მუსიკოსისთვის, უალტერნატივოა. ამგვარი მოსაზრება გამოწვეულია მისი მაღალპროფესიული დამოკიდებულებით მსჯელობის საგნის მიმართ მისი გამართული ენით, ინტელექტითა და მუსიკისადმი უსაზღვრო სიყვარულით.

ვფიქრობ, რომ საზოგადოებრივ ტელესივრცეში ისეთი წამყვანების მოღვაწეობა, როგორებიც გახლავთ კახა თოლორდავა და გიორგი გვახარია, საერთოდ არ უნდა განისაზღვრებოდეთ ე.წ. რეიტინგით.

მსოფლიოს ყველაზე განვითარებულ ქვეყნებში კულტურისა და განათლების შენარჩუნება-განვითარებაში „საზოგადოებრივი მაუწყებლები“ გადამწყვეტ როლს თამაშობენ. ნამდვილი, არაგასართობი ხელოვნების დაფასება და უმცირესობის მოთხოვნების გათვალისწინება კი თვით საზოგადოების და სახელმწიფოს მხარდაჭერით ხორციელდება.

თუ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ვერ შეძლებს უმცირესობის აზრის გათვალისწინებას, თვითონ აღმოჩნდება დაბალრეიტინგული, განწირული თუ არა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები