LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გახარია: ველოდებით, რომ მარტის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებიც პოზიტიური იქნება

87

„ექსპორტის დღეს გამოქვეყნებული   მონაცემები კარგად აჩვენებს, რომ  ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან  ბაზარი სტაბილური ხდება,  შესაბამისად, მოთხოვნაც მდგრადია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ეკონომიკა ამისთვის მზად იყოს“ – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრის თქმით, არის მოლოდინი, რომ მარტის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებიც  პოზიტიური იქნება.

„რეალურად ვხედავთ, რომ წელს, პირველი 3 თვის განმავლობაში გვაქვს ექსპორტის 30%-იანი ზრდა, აბსოლუტურ მაჩვენებლებში ეს არის 133 მილიონზე მეტი.  მარტის მონაცემები ტურიზმში უკვე კარგია, დაახლოებით 22% გვაქვს და რა თქმა უნდა, ველოდებით, რომ მარტის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებიც იქნება პოზიტიური“ – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

 

ექსპორტის მონაცემები:
2017 წლის იანვარ-მარტში ექსპორტი წინა წელთან შედარებით 30%-ით (133.7 მლნ აშშ დოლარით) გაიზარდა და 577 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 15%-ით (221.2 მლნ აშშ დოლარით) გაიზარდა და 1 708 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.  2017 წლის იანვარ-მარტში ასევე გაზრდილია საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 18%-ით და 2 285 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს.

სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-მარტში 1 132 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 50% შეადგინა, ამასთან, 2015  წელთან შედარებით 6%-ით,  ხოლო 2016 წელთან  შედარებით 4%-ით  გაუმჯობესდა (2012 წელთან შედარებით 3%-ით).

ექსპორტი გაიზარდა შემდეგ პროდუქციაზე: ღვინო ( ზრდა  62%); მინერალური წყალი (ზრდა 17%);  სპირტიანი სასმელები (ზრდა 18%) მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი (ზრდა 155%), ცხვრის ხორცი (ზრდა 121%), თევზის ცხიმი (ზრდა 449%), ხილ-ბოსტნეულის კონსერვები (ზრდა 69%), უალკოჰოლო სასმელები (ზრდა 47%), ხილ-ბოსტნეულის წვენები (ზრდა 110%), ცხვარი ცოცხალი (ზრდა 4%); სამრეწველო პროდუქცია – სპილენძის მადნები (ზრდა 17%); ფეროშენადნობები (ზრდა 201%); მედიკამენტები  (ზრდა 55%); ფოლადის ნახევარფაბრიკატები (ზრდა 343%);  ხის ნაწარმი (ცხოველთა სახლები ზრდა 48%).

2016 წლის სექტემბრის შემდეგ, საქართველოდან საქონლის ექსპორტის წლიური ზრდა ფიქსირდება. ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2017 წლის იანვარში დაფიქსირდა, ზრდამ 45% შეადგინა. ამავე წლის თებერვალში ექსპორტი 13%-ით, ხოლო მარტში 36.4%-ით გაიზარდა.

მიმდინარე წლის მარტში, უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფებიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა ფეროშენადნობები (67%), სპილენძის მადნები და კონცენტრატები (50%), მედიკამენტები (24%) და ყურძნის ნატურალური ღვინოები (67%).

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ექსპორტის გაუმჯობესებულმა ტენდენციამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა 2017 წლის იანვარსა და თებერვალში რეალურ ეკონომიკურ ზრდაში. შესაბამისად მოსალოდნელია, რომ 2017 წლის მარტში დაფიქსირებული ექსპორტის ზრდა ასევე დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები