LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გახარიას განმარტებით, გამოძიებამ მიხეილ კალანდიას ტანსაცმელი ვერ ამოიღო

63

შს მინისტრ გიორგი გახარიას განმარტებით, გამოძიებამ მიხეილ კალანდიას ტანსაცმელი არ კი არა, ვერ ამოიღო. პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრი ოთარ კახიძე დაინტერესდა, იცის თუ არა შს მინისტრმა, რომ მიხეილ კალანდია იმყოფებოდა ფარდულში ჩხუბის დაწყებიდან ბოლომდე, იყო ფიზიკურ კონტაქტში დავით სარალიძესთან და მიუხედავად ამისა, სხვა ფიგურანტებისგან განსხვავებით, მიხეილ კალანდიას სახლი არ გაჩხრეკილა და გამოძიებას არ ამოუღია მისი ტანსაცმელი, რომელიც საქმის მასალების მიხედვით, სისხლიანი იყო.

„არ ამოუღია არ არის სწორი განმარტება, ვერ ამოიღო უფრო სწორი განმარტება იქნება,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

იგივე კითხვაზე ყოფილმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ აღნიშნა, რომ თავის დროზე არ ყოფილა საქმის კურსში ამის შესახებ, იმ სპეციფიკიდან გამომდინარე, როგორც ხასიათდება მთავარი პროკურორის საქმიანობა და შემდეგ, საგამოძიებო კომისიისგან შეიტყო.

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ საგამოძიებო კომისიამ გამოკითხა აღნიშნული პირები და მათ თქვეს, რომ ტანსაცმელი არ გადაუგდიათ და დღემდე სახლში აქვთ.

„პროკურატურის და შს სამინისტროს წარმომადგენელმა თქვეს, რომ მათ ეს ვერ ამოიღეს, იმიტომ რომ გადაგდებული იყო და ის ადამიანები, ვიზეც საუბარია, იმყოფებოდნენ გამოკითხვაზე და მათ დაგვიდასტურეს, რომ დღემდე სახლში აქვთ და არ გადაუგდიათ არსად ეს ტანსაცმელი,“ – განაცხადა კაპანაძემ.

რაზეც ირაკლი შოთაძემ უპასუხა, რომ  ეს ინფორმაცია ახლა მისგან გაიგო.

“გამოძიება ზოგადად არ არის მათემატიკა, რომ დაჯდე და რაღაც განტოლება ამოხსნა და ფორმულა გამოიყენო. ეს არის რთული პროცესი და თითოეული საქმე არის ინდივიდუალური და გამომძიებლები მოქმედებენ იმ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც გააჩნიათ და საუკეთესო პრაქტიკის გათავლისწინებით,“ – განაცხადა საპასუხოდ ირაკლი შოთაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები