LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ ძალიან დიდი ზრდა გვაქვს მშენებლობის სექტორში

48

ჩვენ ძალიან დიდი ზრდა გვაქვს მშენებლობის სექტორში. მთლიანად ეკონომიკაში დინამიკა დღეს ძალიან სახარბიელოა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გლდანში, ბეტონის ფილების მწარმოებელი ქარხნის – “მეგაპროდაქშენის” გახსნაზე განცხადა.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის ეკონომიკის სწრაფ ზრდას, თან ახლავს ასეთი ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია. მისივე თქმით, აღნიშნული საწარმო ნამდვილად არის ტექნოლოგიური ცვლილების მომტანი მშენებლობის სფეროში.

პრემიერის განცხადებით, “მეგაპროდაქშენის” საწარმო შეიქმნა ორი საწარმოს ბაზაზე, რომელთაგანაც თითოეული იყო პროგრამა “აწარმოე საქართველოში” ბენეფიციარი.

კვირიკაშვილის თქმით, ორივე საწარმოს ფინანსურ კომპონენტში სახელმწიფოს მხრიდან ჰქონდა დახმარება. როგორც პრემიერმა აღნიშნა, რკინა-ბეტონის კონსტრუქციები, რომლებსაც აღნიშნული საწარმო აწარმოებს, „იქნება ძალიან ინტენსიურად გამოყენებული მშენებლობის პროცესში, ვინაიდან მას ხარისხის მაჩვენებლები აქვს ძალიან სახარბიელო იმისთვის, რომ გამოყენებული იქნას მშენებლობის პროცესში“.

“ჩვენ ძალიან დიდი ზრდა გვაქვს მშენებლობის სექტორში. მთლიანად ეკონომიკაში დინამიკა დღეს ძალიან სახარბიელოა. 2016 წლის მაჩვენებელთან შედარებით, 2017 წლის ბოლოს ჩვენ დავასრულებთ 36%-იანი ზრდით მხოლოდ ინფრასტრუქტურის ნაწილში. ხოლო 2018 წელს 2016 წლის ბაზასთან შედარებით არის 89%-იანი ზრდა, თითქმის გაორმაგება არის ინფრასტრუქტურის ხარჯების. 1 მლრდ 830 მლნ ლარის ხარჯია ჩადებული 2018 წლის ბიუჯეტში მარტო ინფრასტრუქტურის მიმართულებით მარტო სახელმწიფოს მხრიდან. ამას დაემატება კერძო სექტრის მზარდი დინამიკა. ანალიზის შედეგად, რომელიც შეუძლია ყველა თქვენგანმა ნახოს, ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი აქვს დღეს კერძო სექტორს. ანუ ეს ზრდა მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან მოტანილი არ არის. აქედან გამომდინარე, 89%-იანი ზრდა შარშანდელ მონაცემთან შედარებით გაცილებით დიდ ეფექტს მოიტანს კერძო სექტორის მხრიდან ინვესტიციების კუთხით. ჩვენ თუ ამას დავამატებთ იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა მიდის, ასევე დასრულდა იურიდიული პროცესი ანაკლიის პორტის მოსამზადებელი სამუშაოების. ფინანსურ ინსტიტუტებთან თითქმის ბოლომდეა მისული საქმე და დეკემბერში იწყება უკვე ფიზიკური მშენებლობა ანაკლიის პორტის, რაც კიდევ უფრო დიდ დინამიკას მოიტანს და ასეთი ტიპის საწარმოების პროდუქციაზე გაცილებით უფრო დიდი მოთხოვნა იქნება. ამიტომ მე მინდა მოვუწოდო ყველა ბიზნესმენს, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ ის დინამიკა და შესაძლებლობები, რომლებიც მათ მისცემს საშუალებას, გაზარდონ მასშტაბები, შემოიტანონ წამყვანი კომპანიების დანადგარები, ისეთი როგორცაა იტალიური დანადგარები ამ საწარმოში და დამერწმუნეთ, რომ ეს აუცილებლად მოიტანს დიდ უკუგებას”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები