LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კვირიკაშვილი ევროპელ პარტნიორებს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

22

მივესალმებით ევროპარლამენტის დეპუტატთა აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერით „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ შესახებ ანგარიშის მიღებას, რაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა მოახლოებული სამიტის წინ და ევროკავშირის კიდევ ერთი მხარდამჭერი გზავნილია საქართველოსა და პარტნიორი ქვეყნების მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე დაწერა.

პრემიერის შეფასებით, ევროპარლამენტარების რეკომენდაციებში ასახულია სრული მხარდაჭერა საქართველოსთვის პრიორიტეტული საკითხების მიმართ, როგორიცაა საქართველოს ევროპული მისწრაფებები და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში გრძელვადიანი მიზნების დასახვის აუცილებლობა.

„მნიშვნელოვანია, რომ ევროპარლამენტის ანგარიში მოიცავს მკაფიო გზავნილებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების, მათ შორის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობასთან, საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციასა და რუსეთის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით და არის მოწოდება, რომ გაიზარდოს ევროკავშირის როლი კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების საქმეში
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპარლამენტის მხრიდან ყურადღება მახვილდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პრაქტიკულ მხარდაჭერაზე, რაც გულისხმობს საინვესტიციო პროექტებისა და მცირე და საშუალო მეწარმეების საქმიანობის ხელშეწყობას და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას და საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის სასწავლო დაწესებულებებში სწავლის შესაძლებლობების გამარტივებას.

მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს ევროპელ პარტნიორებს და ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მეგობრებს ამ მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნავს გიორგი კვირიკაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები