LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კვირიკაშვილი: სამცხე-ჯავახეთში ისტორიულ-კულტურული კერები აღდგება

71

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სამცხე-ჯავახეთში მისასალმებელი პროცესი დაიწყო – მესხური ჯიშის ტერასული ვენახების აღდგენა ხიზაბავრაში.

როგორც მან აღნიშნა, ეს არის საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის კიდევ ერთი ძალიან კარგი მაგალითი.

„არის ასეთი პიროვნება – გიორგი ნათენაძე, რომელიც გახლდათ ინიციატორი ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის. რა თქმა უნდა, ამას წინ უძღოდა იქ მოსახლე არაერთი ადამიანის თავდადებული პატრიოტიზმი, რომლებიც წლების განმავლობაში ინახავდნენ ამ ჯიშებს. ეს იყო, თუ არ ვცდები, ბატონი ალექსანდრე დევნოსაძე და კიდევ რამდენიმე არაერთი ასეთი ადამიანი და რა თქმა უნდა, ასევე, აღსანიშნავია ჯიღაურას მეურნეობა, რომელმაც უდიდესი სამუშაო გასწია, 20 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია იქნა დახარჯული ფონდი „ქართუს“ მიერ და ეს მეურნეობა მთლიანად უსასყიდლოდ გადმოეცა სახელმწიფოს, სადაც 460-ზე მეტი ქართული ჯიში არის შენახული და ეს ჯიშები უკვე მომავალში იქნება ხელმისაწვდომი ყველა მეურნისთვის, რომელიც მოისურვებს ტრადიციული ავთენტური ქართული ჯიშების განვითარებას“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ვარძიის კომპლექსის გარშემო ხდება სხვადასხვა ძალიან მნიშვნელოვანი კულტურული კერების აღდგენა, როგორიც არის მაგალითად ისტორიული სოფელი ჭაჭკარი, სოფელი, რომელსაც გააჩნდა ვარძიის კომპლექსის მომარაგების სამეურნეო ფუნქცია.

„დავიწყეთ კერძო სექტორთან ერთად, „თიბისი ჯგუფი“ და არქიტექტურული კომპანია „არსი“ არიან ჩართული ამ პროექტში. ჩვენ მათთან ერთად ვახდენთ ისტორიული, ქვაში გამოკვეთილი საწნახელების სოფლის აღდგენას, სადაც იქნება აგროტურიზმი განვითარებული ასევე და ეს არ იქნება მხოლოდ და მხოლოდ ისტორიული ნაგებობა, ჩვენ ვგეგმავთ, რომ ადამიანები დავაბრუნოთ ამ სოფელში, იქ იცხოვრონ ადამიანებმა და განავითარონ ეს ისტორიული მეურნეობა, რომელიც მართლაც უნიკალურია და არის ერთ-ერთი მარგალიტი ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის“,- აღნიშნა პრემიერმა.

კვირიკაშვილის თქმით,  ვარძიის გარშემო მომდინარეობს არაერთი სამუშაო.

„ჩვენ, მოგეხსენებათ, ეკონომიკის სამინისტროში გავაკეთეთ ვარძია-ხერთვისის მთლიანი, გენერალური დაგეგმარება იმისათვის, რომ კულტურული მემკვიდრეობა იყოს დაცული ამ ტერიტორიაზე და მომავალი განვითარება მოხდეს კანონზომიერად, რათა არ იქნას დარღვეული კულტურული ლანდშაფტი და შენარჩუნდეს პირვანდელი სახით. ძალიან მნიშვნელოვანია ვარძიის კომპლექსის ოთხწლიანი შენახვა-განვითარების გეგმა, რომელსაც კულტურის სამინისტრო ახორციელებს ასევე, ფონდ „ქართუსთან“ ერთად. ვარძიის კომპლექსის მთლიანად, სამეცნიერო დონეზე, საერთაშორისო ექსპერტების ჩართვით შენახვა-განვითარების გეგმის შემუშავება ხდება და ამ გეგმის მიხედვით, ნაბიჯ-ნაბიჯ მოხდება იმ აუცილებელი ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელიც ვარძიის კომპლექსს დაიცავს როგორც ბუნებრივი კატაკლიზმებისაგან, ასევე, მისი განვითარების გეგმაზომიერ, დროში გაწერილ გეგმას შეიმუშავებს“, – განაცხადა კვირიკაშვილმა და კულტურის სამინისტროსა და ფონდ „ქართუს“ მადლობა გადაუხადა ამ გეგმისთვის.

კვირიკაშვილის თქმით, ეს პროექტი მათი ერთობლივი დაფინანსებით ხორციელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები