LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მარგველაშვილი ემანუელ მაკრონს გამარჯვებას ულოცავს

70

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ემანუელ მაკრონს გამარჯვებას ულოცავს.

მარგველაშვილის თქმით, ამ არჩევანით ფრანგმა ხალხმა დაადასტურა მაკრონისადმი ნდობა და სწრაფვა შემდგომი განვითარებისთვის.

„მსურს გულითადად მოგილოცოთ საფრანგეთის რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება და გისურვოთ წარმატებები თქვენს სახელმწიფოებრივ საქმიანობაში.
დღევანდელი არჩევანით ფრანგმა ხალხმა დაადასტურა თქვენდამი განსაკუთრებული ნდობა და სწრაფვა კეთილდღეობისა და შემდგომი განვითარებისათვის. ეს არის არჩევანი ძლიერი საფრანგეთისა და ძლიერი ევროპის მხარდასაჭერად, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი საერთო ევროპული ოჯახის მომავლისათვის. თანამედროვე, სირთულეებითა და გამოწვევებით სავსე მსოფლიოში სწორედ საფრანგეთი წარმოადგენს დემოკრატიის ერთ-ერთ სიმბოლოსა და საყრდენს. მჯერა, რომ თქვენი პრეზიდენტობა კიდევ უფრო წარმოაჩენს და გააძლიერებს ამ უმნიშვნელოვანეს და საპატიო მისიას“,– განაცხადა მარგველაშვილმა.

მანვე ასევე, ქართველ და ფრანგ ხალხს შორის ისტორიულ–კულტურულ კავშირებზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენს ხალხებს შორის ისტორიულ-კულტურული კავშირები საუკუნეებს ითვლის, რამაც უზრუნველყო ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობა და განაპირობა ჩვენი სამხედრო კონტიგენტების ურთიერთთანადგომა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს და შესაბამისად, ვაძლიერებთ ჩვენს საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას. საფრანგეთი საქართველოსთვის სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერია. წელს ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილეს ვზეიმობთ და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი პრეზიდენტობა ამ თანამშრომლობას კიდევ უფრო გააძლიერებს.
თქვენო აღმატებულებავ, მინდა კიდევ ერთხელ გადმოგცეთ ჩემი გულწრფელი მოლოცვა და გისურვოთ წარმატებები თქვენი მშვენიერი ქვეყნის კეთილდღეობისა და ევროპის ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი მომავლისათვის“, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.