LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მარგველაშვილმა სერბეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს უმასპინძლა

118

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სერბეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე, მაია გოიკოვიჩი, მიიღო.

გიორგი მარგველაშვილმა სერბეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მნიშვნელობა განიხილა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა სერბეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მაღალი დონის ვიზიტის მნიშვნელობას საქართველოში, რამაც ბიძგი უნდა მისცეს სერბეთსა და საქართველოს შორის სხვადასხვა სექტორულ სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებასა და გააქტიურებას.

,,მხარეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი იმას, რომ ჩვენი პოლიტიკური ხედვები აბსოლუტურ თანხვედრაშია, ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი მოსაზრებები და შეხედულებები ემთხვევა და კიდევ ერთხელ, სერბეთის პარლამენტის სპიკერმა სერბეთის პოზიციის შეუვალობაში საქართველოს პრეზიდენტი დაარწმუნა იმ საკითხთან დაკავშირებით, რასაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა ჰქვია,“ – აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე და საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი.