LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მიქაძისა და ლეგენდარული ლი რიტენურის კონცერტების სერია „ბლუ ნოუტში“

490

არაერთი მუსიკალური პრემიის მფლობელი, იამაჰას ჯაზ-არტისტი, ჯაზისა და პოპ-მუსიკის ამომავალი ვარსკვლავი გიორგი მიქაძე, უკვე საკმაო ხანია აქტიურად თანამშრომლობს ჯაზისა და თანამედროვე მუსიკის ცოცხალ ლეგენდებთან. ამჯერად გიორგის 16-დან 21 აგვისტომდე კონცერტების სერია ექნება გრემის მფლობელ და 19-ჯერ ნომინირებულ გიტარისტ – ლი რიტენურთან ერთად, მსოფლიოს ერთ-ერთ სახელგანთქმულ და პრესტიჟულ ჯაზ-კლუბ „ბლუ ნოუტში“ (Blue Note, NY). „ბლუ ნოუტის“ ისტორიულ სცენაზე ლი რიტენურისა და გიორგი მიქაძესთან ერთად ვიხილავთ 10 გრემის მფლობელ, გენიალურ ამერიკელ პიანისტს, არანჟირების ავტორს და კომპოზიტორს დეივ გრუზინს, ვირტუოზ ბასისტ ტომ კენედის, დასარტყამ ინსტრუმენტებთან კი თავად ლის ვაჟი – ვესლი რიტენური იქნება.

ლი რიტენური და დეივ გრუზინი ის არტისტები არიან, რომლის ჩანაწერებსაც გიორგი ბავშობიდან უსმენდა და მისი მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებაზე დიდი ზეგავლენა იქონია. დღეს კი გიორგი ნიუ-იორკის ერთ-ერთ ღირშესანიშნაობად წოდებულ ჯაზ-კლუბში უდიდესი რანგის პროფესიონალი, ლეგენდარული მუსიკოსების გვერდით ერთ სცენაზეა. ყოველივე ეს მისი თქმით არის განსაკუთრებული ბედნიერება, მნიშვნელოვანი გამოწვევაა და ამავე დროს უდიდესი პასუხისმგებლობა.

14012219_1375971125766382_974976002_nჯაზური ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული გიტარისტის, ლი რიტენურის უშუალო მონაწილეობით წლების მანძილზე იქმნებოდა თანამედროვე, ავანგარდული თუ პოპ-მუსიკის მიმდინარეობები, მათი ურთიერთთანამშრომლობა დაიწყო მას შემდეგ, რაც გიორგიმ 2014 წელს გაიმარჯვა ლი რიტენურის მიერ დაარსებულ კონკურსში – „Six String Theory Music Competition“. სწორედ მაშინ მსოფლიოს სხვადასხვა პიანისტს შორის დიდმა მაესტრომ არჩევანი გიორგიზე გააკეთა.

ფენომენალური გიტარისტის თქმით, პირველი ფრაზების მოსმენისთანავე საოცრად მოიხიბლა ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსის ტალანტით, ქარიზმატული არტისტიზმით, საინტერესო მუზიცირების უნარითა და პროფესიონალიზმით; შესრულება გამორჩეულია და ხასიათდება მრავალმხრივი ნიჭიერებით, ტემპერამენტით, ინდივიდუალური მხატვრული ხელწერით, უჩვეულო, ახალი, სრულიად განსხვავებული ჟღერადობით.

ასე, რომ ნიუ-იორკში მცხოვრებო ქართველო მელომანებო, გირჩევთ არ გამოტოვოთ შანსი “ბლუ ნოუტში“ ეზიაროთ მუსიკის დაუვიწყარ დღესასწაულს, სადაც თამამად შეგიძლიათ იამაყოთ ქართული კულტურის ელჩით, ბრწყინვალე ხელოვანით გიორგი მიქაძით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები