გიორგი ოვაშვილს ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერის წოდება მიენიჭა

პოპულარული

გიორგი ოვაშვილს ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერის წოდება მიენიჭა

გიორგი ოვაშვილს საფრანგეთის კულტურისა და კომუნიკაციების მინისტრის ოდრე აზულეს გადაწყვეტილებით, საფრანგეთისა და მსოფლიოს კულტურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერის წოდება მიენიჭა.

დაჯილდოვების ცერემონია საფრანგეთის ელჩის რეზიდენციაში გაიმართა. წოდება კი გიორგი ოვაშვილს საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, პასკალ მენიემ გადასცა.

გიორგი ოვაშვილს ფრანგული კინოსამყაროს წარმომადგენლებთან მრავალწლიანი პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებს. მისი ერთ-ერთი გახმაურებული პროექტი – „სიმინდის კუნძული” სწორედ ფრანგულ კომპანიასთან თანამშრომლობით და საფრანგეთის სახელმწიფოს თანადაფინანსებით განხორციელდა.ოვაშვილის ფილმები „გაღმა ნაპირი” და „სიმინდის კუნძული” ფრანგ მაყურებელს შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა.

რეჟისორის ახალი ფილმი „ხიბულა”, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა, ქართულ-გერმანულ-ფრანგული კოპროდუქციაა.

ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერის წოდებაზე გიორგი ოვაშვილი საფრანგეთის ეროვნული კინოცენტრის დირექტორმა – ფრედერიკ ბრედინმა წარადგინა.

საფრანგეთის ელჩის რეზიდენციაში დაჯილდოების ცერემონიას დიპლომატიური კორპუსის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა სამინისტროს და კინოსექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენი საფრანგეთის კულტურის სამინისტრომ 1957 წელს დააარსა.სხვადასხვა წლებში ეს სტატუსი ტიმ ბარტონს, ენგ ლის, ჯუდ ლოუს, ჯორჯ ქლუნის, უმა თურმანს, მელანი ლორანს, ქეით ბლანშეტს, მარიონ კოტიარს, ვანეს პარადის, კაილი მინოუგს და შაკირას მიენიჭათ.

gnfc.ge

ახალი ამბები / კულტურა /

|

21 დეკემბერი, 2016

|

საკვანძო სიტყვები

მსგავსი სიახლეები