LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ქობულია: შთამბეჭდავია შედეგები, რომლებსაც ჩვენმა ფოსტამ მიაღწია

60

„საქართველო დაინტერესებულია საფოსტო მომსახურეობის სფეროში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებით, რადგან ჩვენთანაც საკმაოდ დიდი ტემპებით ვითარდება ელექტრონული ვაჭრობა და უნდა ვიყოთ ამ დარგის მოწინავე პოზიციაზე, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა თბილისში PostEurop-ის 34-ე პლენარული სხდომის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, პლენარულ სხდომას 49 ქვეყნის 52 საფოსტო ოპერატორის მაღალი რანგის მენეჯერები ესწრებიან. ფორუმის ფარგლებში, 2-4 ოქტომბერს, ეკონომიკის სამინისტროს შპს „საქართველოს ფოსტის“ მხარდაჭერით თბილისში ასევე იმართება „ბიზნეს ინოვაციების ფორუმი,“ სადაც ევროპის სხვადასხვა კომპანიები წარმოადგენენ საფოსტო ბიზნესთან დაკავშირებულ ინოვაციურ პროდუქტებს, პროექტებს და ხედვებს.

მიმდინარე წელს, PostEurop ბიზნეს ინოვაციის ფორუმმა ყველაზე საინტერესო საფოსტო სტარტაპებს მოუყარა თავი. მათ შორის წარდგენილნი არიან წარმატებული კომპანიები სხვადასხვა სფეროდან, მათ შორის: ინტერნეტ ინდუსტრიის, ელექტრონული კომერციის, ხელოვნური ინტელექტის, ავტომატიზაციასა და ციფრული რეკლამის სფეროებიდან.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, ამ რანგის ფორუმის ჩატარება საქართველოსთვის დიდი პატივია. „დღესდღეობით, საფოსტო ოპერატორები და ეკონომიკის ეს სექტორი ძალიან დიდ მნიშვნელობას იძენს, რადგან ელექტრონული ვაჭრობა ძალიან პოპულარული ხდება და ბევრი ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ელექტრონულ ვაჭრობას უნდა მოემსახუროს საფოსტო ოპერატორი – მიუტანოს შემკვეთს შეძენილი ნივთი, შესაბამისად, ძალიან დიდი მოლოდინია, თუ რა ინოვაციებს წარმოადგნენ საფოსტო ოპერატორები და როგორ მიაღწევენ კიდევ უფრო მაღალ მომსახურების სტანდარტებს“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

მინისტრმა „საქართველოს ფოსტის“ საქმიანობა დადებითად შეაფასა. „მე შევისწავლე მათი მუშაობის სტანდარტები და ძალიან შთამბეჭდავია შედეგები, რომლებსაც ჩვენმა ფოსტამ მიაღწია ხარისხით თვალსაზრისით. ვიმედოვნებ, რომ ის პროგრესი, რომელიც ამ მიმართულებით გვაქვს, მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ დაინახა და ამიტომ შეიკრიბნენ დღეს ჩვენთან, რომ ჩვენგან რაღაც ისწავლონ და ჩვენც ვისწავლოთ მათგან“, – აღნიშნა გიორგი ქობულიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები