LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი შაღაშვილი: „დიზაინერობა 5000 ლარით დავიწყე…“

1444

ქართველი დიზაინერი, გიორგი შაღაშვილი თბილისშია. ის ახალ კოლექციაზე მუშაობს. შთაგონებას მოგზაურობიდან იღებს, ამჯერად საკუთარი შთაგონების წყარო სტამბოლში იპოვა, რომელიც პირველად დაათვალიერა.

გიორგი შაღაშვილი ოჯახთან ერთად კენიაში ცხოვრობს. იქ ბევრი სიჭრელეა, მაგრამ მოდის მოყვარულებმა იციან, რომ დიზაინერის საყვარელი ფერი შავია…

ეკა მამალაძეც გიორგი შაღაშვილის შემოქმედების დამფასებელია და ხშირად აცვია მისი სამოსი. დიზაინერის თბილისურ მაღაზიაში მისულებს ცნობილი მომღერალიც იქ დაგვხვდა და სიამოვნებით იზომებდა სამოსს.

გიორგიმ ატელიე დაგვათვალიერებინა, მოდელს რამდენიმე კოსტიუმი მოარგო და თავის შემოქმედებაზე გვესაუბრა.

ვიცი, რომ არ გიყვართ რჩევების მიცემა, მაგრამ მაინც მინდა გკითხოთ – რა ჩავიცვათ ამ სეზონზე?

tetqsti-1გიორგი შაღაშვილი:

ნებისმიერ სეზონზე მაქვს ერთადერთი რჩევა – ადამიანმა უნდა ჩაიცვას ის, რაშიც თავს კომფორტულად გრძნობს. თუ ეს სამოსი დროული იქნება და არა შუა საუკუნეების, ძალიან კარგი (იცინის). სხვა მხრივ, ვფიქრობ, რომ მოდა კომფორტია, თუკი ის დისკომფორტს ქმნის, ასეთ ტენდენციას არ ვცნობ. დე ლა რუსო ამბობს, რომ მოდა დიდი დისკომფორტია, მას მოდის ბევრი მიმდევარი ეთანხმება, მე კი მივიჩნევ, რომ მოდა პრაგმატული უნდა იყოს. კარგია, თუკი სამოსი ზედმეტად ხელოვნური არ იქნება. აქვე აღვნიშნავ, რომ ზოგიერთი სამოსისთვის ცოტა ხელოვნური ქსოვილი აუცილებელია, რათა ფორმა შეინარჩუნოს, მაგალითად, შარვლისთვის.

რით განსხვავდება ქართველი მომხმარებელი უცხოელისგან?

ქართველი მომხმარებელი ბევრად თავშეკავებულია. სლავი მომხმარებლები მეტ სიჭრელეს ირჩევენ, დიდ როლს ასრულებს თმისა და კანის ფერი. მე კენიაში ვცხოვრობ, იქ ერთ კაბაში იმდენი ფერი ურევია, ქართველმა ეს რომ ჩაიცვას, მიუღებელი იქნება. მე არ მიყვარს ბევრი ფერი ერთად, არსებობს გამონათქვამი, რომ ვინც შავ სამოსს ატარებს, შინაგანად ფერადია, მეც ვეთანხმები ამ მოსაზრებას.

რას ეტყვით იმ ადამიანებს, ვისთვისაც ჩაცმა ასეთი მნიშვნელოვანი არ არის?

რადგან ეს არ არის მნიშვნელოვანი მათთვის, გააგრძელონ ასე ფიქრი (იღიმის). ხანდახან ჩემთვისაც არაა ჩაცმულობა მნიშვნელოვანი, თუკი ზანზიბარში ვარ, აღარ ვფიქრობ, რა მაცვია.

საქართველოში თუ არის კონკურენცია დიზაინერებს შორის?

რა თქმა უნდა, არის კონკურენცია და ძალიან ჯანსაღი. ძალიან კარგი დიზაინერები გვყავს, რომლებიც არაფრით ჩამოუვარდებიან ევროპელ კოლეგებს. მე საქართველოში არ ვცხოვრობ, ყოველდღიური შეხება არ მაქვს ქართველ დიზაინერებთან, მაგრამ რასაც ისინი აკეთებენ, ბევრად აღემატება ევროპელი კოლეგების ნამუშევრებს.

ჩემი ბრენდი დანიაში 2009 წელს დაარსდა და რამდენიმე ბუტიკში იყიდებოდა. ძალიან სწრაფად დავიკავე ჩემი ადგილი სკანდინავიელი დიზაინერების გვერდით. მოდას საზღვრები არ აქვს და არც ეროვნულობა, ხარისხს ყველგან სცემენ პატივს. თუ ადრე იცვამდნენ ცნობილ ბრენდებს, ახლა ნაკლებად ცნობილ დიზაინერებს აქცევენ ყურადღებას, რადგან ისინი მასისთვის არ ქმნიან. თუ გნებავთ, გამოირჩეოდეთ და ინდივიდუალური იყოთ, უნდა ჩაიცვათ არაცნობილი დიზაინერების სამოსი. ასეთი მიდგომაა დღეს ევროპაში.

tetqsi-2ვისი აზრია თქვენთვის მნიშვნელოვანი, როცა ახალს ქმნით და როგორი კრიტიკაა თქვენთვის მისაღები?

დასაბუთებული კრიტიკა ჩემთვის მისაღებია. თუ კრიტიკა ემყარება იმას, რომ მაქვს ბლოგი, მამოძრავებს პირადი ინტერესი, შავს მე არ ვიცვამ და ამიტომ ცუდია, ასეთი კრიტიკა მიუღებელია ჩემთვის და მას ყურადღებას არ ვაქცევ. ყოფილა ასეთი კრიტიკა – „საქართველოში შავები არ დამთავრდა“, „რატომ იცვამენ ქართველები შავს“ და ა.შ. არა მხოლოდ საქართველოში, სხვაგანაც შავს ანიჭებენ დიდ უპირატესობას, რადგან ის ელეგანტურია და არ თრგუნავს ადამიანს, როგორც სხვა რომელიმე ფერი.

რაც შეეხება ავტორიტეტულ აზრს, სანამ კოლექციაზე დავიწყებ მუშაობას, კონცეფციას ქეთი შავგულიძეს ვაცნობ ხოლმე, მას შენიშვნები მოუცია, რომლებიც გამითვალისწინებია და მისი მადლობელი ვარ.

გახსოვთ თანხა, რითაც ამ სფეროში შემოხვედით?

ამ სფეროში მხოლოდ დიდი ფული არაფერს ნიშნავს. ამ სფეროში მოღვაწეობა, რა თქმა უნდა, არც ლარით და არც ორი ლარით არ დამიწყია, მქონდა 5000 ლარი და ეს გახლდათ საწყისი კაპიტალი. მქონდა პატარა სახელოსნო, ორი ხელოსანი და მე გახლდით, არავინ მიცნობდა და ჩემთვის ვმუშაობდი. მერიდებოდა იმის ჩვენება ადამიანებისთვის, რასაც ვქმნიდი. მაშინ ჯერ კიდევ არ ვსწავლობდი სამხატვრო აკადემიაში, სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი გახლდით. ძირითადად, ვქნიდი ჩემი მეუღლისთვის. იღებდა კომპლიმენტებს, ასე რომ, მე და ჩემი მეუღლე დავსხედით და ვილაპარაკეთ, გადაწყდა, რომ ამ პროფესიას დავეუფლებოდი (იღიმის).

tetqsti-3პირველი შეხებაც მახსოვს მოდასთან – ავანგარდულ მოდაში გამოვიყენე დოლბანდი და თაბაშირი, ის გამოყენებითი ხელოვნებისგან შორს იყო, უფრო არტი და მხატვრობა გახლდათ და ამისთვის სულ 400 ლარი დამჭირდა…

ქართველი ქალის ჩაცმულობაში რა მოგწონთ და რა არა?

ქართველები ყოველთვის იყვნენ გემოვნებიანები. ძალიან მცირე შესაძლებლობებითაც კი აღწევენ კარგ შედეგს. მომწონს, რომ ქალები გარეთ მოუწესრიგებლები არ გამოდიან. სკანდინავიის ქვეყნებში, მაგალითად, ეს ქალბატონებს ნაკლებად აღელვებთ.

ბოლოს ახალ კოლექციაზე გვითხარით რამდენიმე სიტყვა…

თურქეთში გახლდით, სტამბოლში, პირველად ვნახე აია-სოფია. მოვიხიბლე მოზაიკით და ამ თემას ჩავეძიე. ძიებებმა საინტერესო თეორიული საკითხების შემეცნებასთან მიმიყვანა. შესაძლოა, მარტივი ფორმის სამოსი შევქმნა, მაგრამ აუცილებლად მივიჩნევ, რომ მაყურებლამდე რაღაც მესიჯი მივიტანო… ამით არ ვაკნინებ კომერციულ მხარეს – მნიშვნელოვანია, შენი ნამუშევრები გაიყიდოს, რომ შემდეგ ახალი კოლექციის შექმნა შეძლო…

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები