LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი შაღაშვილი: „კენიაში ცხოვრებისას ბევრი რამ გადავაფასე…“

75

გიორგი შაღაშვილი „ფორტუნაში“ თათა სადრაძის სავტორო გადაცემას „არტ FM“ სტუმრობდა. დიზაინერს შავი ფერის ზედმეტი სიყვარულის გამო აკრიტიკებენ, თუმცა ამ სიყვარულს თავისი ახსნა აქვს. გიორგი ამჟამად კენიაში ცხოვრობს, მეუღლესა და სამ შვილთან ერთად. იქ ცხოვრების ფილოსოფიაც შეეცვალა და ბევრი რამ გადააფასა.

გიორგი შაღაშვილი:

ნებისმიერი ადამიანისთვის ჩაცმის კულტურა ძალიან ინდივიდუალურია და დამოკიდებულია როგორც მის პროპორციებზე, ასეევ ქვეყნის ღირებულებებსა და მენტალიტეტზე. მე აფრიკის კონტინენტზე, კერძოდ, კენიაში ვცხოვრობ და ჩაცმის აბსოლუტურად სხვა კულტურა აქვთ. კანის ფერი მათ აძლევს საშუალებას, უფრო მეტი ფერი მოირგონ და საზოგადოებისგან გამოირჩეოდნენ, ისედაც უდევთ ეს გენეტიკაში. რაც შეეხება სკანდინავიას, კერძოდ, შვედეთს, სადაც მე დავიწყე ჩემი საქმე, იქ უფრო მეტად პასტელურ ფერებს აფასებენ, ასევე უყვართ შავი. ჩემი სამოსი იქ იყიდებოდა, სამი წელი, რამდენიმე მაღაზიასა და ბუტიკში, სანამ ქართველი საზოგადოება გამიცნობდა (იღიმის).
თუმცა შავი ფერის გამოყენება იმიტომ არ დამიწყია, რომ სკანდინავიის ქვეყნებში იყო მოდური ან ვინმემ მთხოვა, ძალიან დიდი დოზით ვგრძნობ ფერებს და მე რომ ეს სამოსში გადმომეტანა, ალბათ, ძალიან ჭრელი და ინტენსიური იქნებოდა (იღიმის). თუმცა საქმე ისაა, რომ მომხმარებელმა შენს ნამუშევრებში უნდა დაგინახოს. ამიტომ როცა გეომეტრიული მოდა ავირჩიე, შავი ფერი ძალიან საინტერესო იყო სიღრმეებით, დუალური ხასიათითა და სიმბოლური დატვირთვით. ეს ყველაფერი სხვადასხვა მითოლოგიაში, რელიგიაში განსხვავებული დანიშნულებისაა და უკვე თავისთავად საინტერესო იყო. გარდა ამისა, ემოციური დატვირთვაც მნიშვნელოვანია. შავი, როგორც გამაღიზიანებელი ფერი, მოხსნილია და ჩავთვალე, რომ ეს ჩემია. არასდროს მყვარებია გადაჭარბებული დეტალები სამოსში, რომელიც ხელს უშლის ადამიანის გარენული სახის კარგად წარმოჩენას. სამოსი ხომ დამატებითი დეტალია…

ბევრისთვის არ არის დამატებითი…

მესმის, მაგრამ ჩვენ პირველ რიგში, ადამიანის ჰაბიტუსი, სახე, გამომეტყველება, ისე უნდა წარმოვაჩინოთ, რომ სამოსმა კონკურენცია არ გაუწიოს, პირიქით, ხელი შეუწყოს გარეგნული სახის შევსებაში. მე ამ სპეციფიკითა და დამოკიდებულებით ვმუშაობ.

შავი ქართველებისთვისაც საყვარელი ფერია.

სხვათა შორის, საქართველოში გამაკრიტიკეს შავის სიყვარულის გამო. მიკვირს, რომ შავი ფერის სიყვარული ქართველებისგან კრიტიკის საგანი გახდა, ამისი მიზეზი ქართველ საზოგადოებას ჰქონდა, ომი, გაჭირვება, ამხელა ტრაგედია გადაიტანა ერმა. ამბობდნენ, რომ შავები უნდა გაიხადონო. ბლოგერები მაკრიტიკებდნენ მეც ამის გამო, მაგრამ ყველას თავისი აზრი აქვს.

შეიძლება, მოისმინო მოსაზრებები, ზოგი გაითვალისწინო, ზოგიც – არა. კრიტიკა ნორმალურია. თუკი ის არ არის, ე.ი. შეუმჩნეველი ხარ.

და არსებობს მოსაზრება, რომ ყველაფერი კარგია, რაც შეიძლება ადამიანზე დაიწეროს, ნეკროლოგის გარდა.

(იცინის) საინტერესო მოსაზრებაა. პირველად მოვისმინე. ის ნეკროლოგიც, ხანდახან, შეიძლება საინტერესოდ დაიწეროს…

გიორგი, მაინც გკითხავთ, როგორ არ უნდა ჩაიცვას ქალმა. ვულგარულობას არავინ მიესალმება, მაგრამ ხშირად ვხედავთ ასე ჩაცმულ ქალებს.

წარმოიდგინეთ, ზოგი ამ ვულგარულ სამოსსაც ისე მორიგებს, რომ ესთეტიკის ჩარჩოში ჩასვამს. მე, მაგალითად, არასდროს ვურჩევ იმ ფორმებზე აქცენტის გაკეთებას, რაც არ არის წარმოსაჩენი. ვთქვათ, თუკი ქალს დიდი თეძო აქვს, არ ვურჩევ თბილი ფერების მორგებას, მაგრამ ზოგი თბილ ფერსაც ჩაიცვამს და ისეთ ზედას მოირგებს, რომ აქცენტს იმაზე გააკეთებს და თეძო თვალში ცუდად არავის მოხვდება.

ზოგადად არ მიყვარს რეცეპტებით აზროვნება. ყველა ქალი ულამაზესია, გამხდარია თუ მსუქანი. ბუნებაში ნორმა არ არსებობს. თუკი ვიღაც სარკეში იხედება და თავს არ გრძნობს კარგად, შეატრიალოს სარკე. პირველ რიგში, პატივისცემას იმსახურებს ადამიანური ფაქტორი და არა სარკე… ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე თავდაჯერებას.

ანუ თავდაჯერება ყველაზე კარგი სამოსია?

ნამდვილად, როცა თავის რწმენა გაქვთ, ამბიციებს არ ვგულისხმობ და თავს კომფორტულად გრძნობთ, საკუთარ პროფესიაში შემდგარი ხართ და საინტერესოდ ცხოვრობთ, სამოსსაც კარგად შეარჩევთ. ეს ყველაფერი ერთმანეთს განაპირობებს.

როგორც მივხვდი, ადამიანებს ჩაცმულობის მიხედვით არასდროს აფასებთ…

პირველი შთაბეჭდილება მაინც ვიზუალით მოდის, როგორ არ ვაქცევ ყურადღებას, მაგრამ როცა ვესაუბრები, სამოსზე ისეთი დატვირთვა აღარ მოდის. ძალიან მინდა ხოლმე, ზოგჯერ სრულიად უცნობ ადამიანსაც მივცე რჩევა კონკრეტულ შემთხვევაში. მაგალითად, გამიჩერებია ქუჩაში ქალი და მითქვამს, იცით, ამ კაბის სიგრძეს ცოტა დავამოკლებდი. მანამდე აუცილებლად წარმიდგენია თავი. სხვათა შორის, მადლობა გადაუხდიათ. ამას ძალიან თბილად ვაკეთებ და არა უხეშად. ეს ერთი-ორჯერ მოხდა, ძალიან ხშირად არ ვაკეთებ.

კენია ახსენეთ და როგორია იქ ცხოვრება?

მეუღლესა და შვილებთან ერთად სამი წელია იქ ვცხოვრობ. კიდევ ორ წელს იქ გავატარებ. არაჩვეულებრივი გარემო, ჯანსაღი კლიმატი, ეგზოტიკური გარემოა, უამრავი ცხოველია ნაციონალურ პარკში…

კენიაში ცხოვრების ფილოსოფია ხომ არ შეგეცვალათ?

დიახ, კენიაში ცხოვრებისას ბევრი რამ გადავაფასე. იცით, იქ იმდენი გაჭირვებული ადამიანია, რომელსაც არ აქვს საკვები და ბევრი სხვა რამ…

ნინო მურღულია

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები