LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ვარდოსანიძის სენტიმენტალური პოსტი – „ეს ზედმეტად პირადულია…“

70

Ardaidardo.Ge

გიორგი ვარდოსანიძე სოციალურ ქსელში წერს იმ ემოციების შესახებ, რომლებიც ბებიის გარდაცვალების შემდეგ დაეუფლა. მსახიობი აღნიშნავს, რომ წერა არასდროს ეხერხებოდა, მაგრამ ბებიაზე მაინც ვრცელი ჩანახატი დაწერა…


„ორი საათის წინ ბებია დავასაფლავე, რომელიც ჩემთვის იმაზე მეტი იყო, ვიდრე ძალიან ბევრი ჩემიანი ერთად აღებული, ბოლო 80 წლის ჩემი ჭკუის მეგობარი ამ ქვეყანაზე… არ დავიწყებ იმის მოყოლას, რამხელა ამაგი და სიყვარული ჰქონდა ჩემ მიმართ, ეს ზედმეტად პირადულია და ამით სპეკულირებას ვერ დავიწყებ. სულ სხვა რამ მინდა ვთქვა, თორემ ის, რომ ოჯახის წევრის დაკარგვა მტკივნეული პროცესია, ყველამ კარგად ვიცით.

მარიამობა დღემ გათენება დაიწყო და ჩემს ტელეფონზე სიტყვა „მამა“ დაიწერა, მივხვდი, ამ ზარს რა ინფორმაციაც მოჰყვებოდა და არ შევცდი. მამამ ტელეფონში მხოლოდ ერთი წინადადება წარმოთქვა – „ბებო აღარ არის“.

ოთხი თვე ებრძოდა სიმსივნეს და ყოველდღე სუსტდებოდა, ასე რომ, უეცარი ეს ამბავი ნამდვილად არ იყო. ბებო დამარცხდა ბრძოლაში.

ჩემს ძმას დავურეკე და სოფლის გზას დავადექით. დიდი დრო არ სჭირდება სოფელში ჩასვლას, თუმცა ეს ნახევარი საათი მინდოდა, რომ საათებში გადაზრდილიყო, მაგრამ ეზოს კართან ზუსტად ნახევარ საათში ვიდექით. მთელი გზა ჩუმად გამოვიარეთ და სახლშიც მდუმარედ შევედით და დაგვხვდა ის, რაც უნდა დაგვხვედროდა… შევედი და სკამზე აცრემლებული დავჯექი. მაქსიმალურად ვცდილობდი, არ მეტირა, მაგრამ ეს არ გამომდიოდა, როდესაც დედისა და ბიძების სახეებს ვხედავდი.

ამ ქაოსსა და ტკივილში გახვეულს მთავარი ჭირისუფალი დამავიწყდა, რომლიც მხოლოდ მაშინ დავაფიქსირე, როდესაც ბებოს სახეს ხელი შეეხო. ეს პაპაჩემი იყო. ადამიანი, რომელმაც ამ ბებოსთან ერთად სამოცი წელი ქორწინებაში და პირველი კლასიდან სიყვარულში გაატარა. ის იმ ღამეს საერთოდ მარტო დარჩა.

მიუხედავად შვილების, უმრავი შვილიშვილისა და შვილთაშვილების, ის მაინც მარტო დარჩა. ბებერი თითებით ბებოს თვალებს უხუჭავდა და თან იმეორებდა  „მოღალატე ხარ, ესე მარტო როგორ დამტოვე!!! ესე მარტო როგორ დამტოვე“. იმეორებდა და თან სახეზე ეფერებოდა. ბევრი რამ მინახავს ჩემს ცხოვრებაში, ცუდიც და კარგიც, მაგრამ პირველად შემშურდა იმაზე მეტად, ვიდრე მეტკინა…

თავში ერთადერთი აზრი ამეკვიატა. სიბერეში, როდესაც მეც დავხუჭავ თვალებს, ნეტავ, ჩემ გვერდით თუ იჯდება მოხუცი ქალი, რომელიც ამ სიტყვებს ამ სიმართლით მეტყვის ან პირიქით, მე თუ ვეტყვი მას. სახლში სიცარიელემ დაისადგურა და პაპასთვის მარტოობის ასი წელი დაიწყო, თუმცა ის ყველაზე ბედნიერია, რადგან მას ასე უყვარდა და უყვარს …

ბოდიში, ალბათ, ამდენი სენტიმენტით თავი მოგაწყინეთ, თუმცა ერთადერთი, რაც მინდოდა ის იყო, რომ ესეთი სიყვარული მესურვა თქვენთვის. გაუფრთხილდით ბებიებსა და ბაბუებს…“ – წერს მსახიობი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები