LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ვაშაძის დაგზავნილ მესიჯებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი შეისწავლის

244

თბილისის  მერობის კანდიდატის გიორგი ვაშაძის მიერ არჩევნების დღეს ამომრჩევლებისთვის sms-შეტყობინების დაგზავნის თაობაზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში მოკვლევაა დაწყებული.

როგორც „ფორტუნას“ აპარატის იურისტმა სოფო შამუგიამ განუცხადა, ამომრჩევლებისთვის შეტყობინებების დაგზავნის შესახებ აპარატში საჩივარია შესული, განმცხადებლის ვინაობა კონფიდენციალურია და ამ ეტაპზე საკითხის შესწავლა მიმდინარეობს.

რა გზით მოიპოვა მერობის კანდიდატმა თბილისის მოსახლეობის სატელეფონო ნომრების ბაზა, ამ კითხვით „ფორტუნა“ გიორგი ვაშაძის პრესსამსახურსაც დაუკავშირდა. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის თამარ ჯინჭარაძის ინფორმაციით, აღნიშნული sms-შეტყობინებების დაგზავნა საარჩევნო შტაბმა კომპანია შპს “ირკას” დაუკვეთა.

„არსებობს კომპანიები (ეს არ არის მაგთი, ჯეოსელი ან ბილაინი), რომლებთაც დაუკვეთავ კონკრეტული ტექსტით და აბონენტთა რაოდენობის მითითებით მოკლე ტექსტური შეტყობინებების დაგზავნას და ისინი ასრულებენ ამ შეკვეთას. მათ ჰქონდათ სატელეფონო ნომრების ბაზაც. თბილისის მოსახლეობის სატელეფონო ნომრებზე ჩვენ არანაირი წვდომა არ გაგვაჩნია”, – აცხადებენ გიორგი ვაშაძის პრესსამსახურში.