LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გირჩმა” ზოოპარკს დედალი სირაქლემა სთხოვა – როგორია ზოოპარკის პასუხი

945

პოლიტიკურმა გაერთიანება “გირჩმა”, ზოოპარკს დედალი სირაქლემის თხოვნით მიმართა.

მათ ამ მიზნით ზოოპარკის ადმინისტრაციას ოფიციალური წერილი გაუგზავნეს, სადაც განმარტავენ, რომ სირაქლემა სჭირდებათ დემონსტრაციისთვის და თვალსაჩინოებითვის თუ როგორი რეალობაა სასამართლოში.

“ბატონო ზურაბ, გაცნობებთ რომ ამა წლის 13 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება ზურაბ ჯაფარიძის გადადებული პროცეს, რომელზეც ბ-ნ ზურაბს პოლიცია დაუმორჩილებლობასა და პოლიციისათვის შეუაცხყოფის მიყენებას ედავება

სასამართლოსთან ჩვენი ურთიერთობის გამოცდილება არ გვიტოვებს იმედს, რომ პროცესი წარიმართება შეჯიბრობითობის პრინციპის დაცვით და სასამართლო მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას.

გირჩი მიიჩნევს, რომ საქართველოში არ არსებობს სასამართლო და საერთო სასამართლოების სისტემა მთლიანად გადაქცეულია ქვიშაში თავჩარგულ სირაქლემად, რომელიც არ იმჩნევს ქვეყანაში გამეფებულ უსამართლობას,” – ნათქვამია განცხადებაში.

მიმართვაში აღნიშნულია, რომ “გირჩი” თავის თავზე იღებს სირაქლების ტრანსპორტირებას საქალაქო სასამართლოდან ზოოპარკამდე.

როგორც “ფორტუნას” ზოოპარკის ადმინისტრაციაში განუცხადეს, წერილი დღეს მიიღეს. როგორც აღმოჩნდა, თბილისის ზოოპარკს სირაქლემა საერთოდ არ ჰყავს.

“ჩვენ ზოოპარკში სირაქლემა არ გვყავს, ჩვენ გვყავს ემუ, მას არ აქვს მიწაში ჩარგვის ჩვევა, თან დედალი არ გვყავს, მამალი გვყავს, რომელიც საკმაოდ აგრესიულია. მისი გადაყვანა, როცა ეს აუცილებელია, მაგალითად ოპერაციის დროს, ხდება დაძინებულ მდგომარეობაში,” – განაცხადა “ფორტუნასთან” ზოოპარკის საზოგადოების ურთიერთობის სამსახურის უფროსმა.

მანვე აღნიშნა, რომ ზოოპარკს სხვადასხვა ცხოველების თხოვნით ხშირად მიმართავენ, თუმცა ცხოველებისა და ფრინველების კეთილდღეობისთვის, უმეტეს შემთხვევაში ადმინისტრაცია მათ უარით ისტუმრებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები