LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოცირიძე: მთავრობა ხალხს ბიზნესის წინააღმდეგ აბუნტებს

75

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე სენაკში გაზის ფასის მატებაზე პოსტს აქვეყნებს.

მისი თქმით, მთავრობა ხალხს ბიზნესის წინააღმდეგ აბუნტებს. ამ მოსაზრებას კი ეკონომიკის ექსპერტი ასე ხსნის:

“მთავრობა ხალხს ბიზნესის წინააღმდეგ აბუნტებს. სენაკში რომ გაზის ფასის მომატება უნდათ, ეს ხელისუფლების ბრალია, რომ ლარი გააუფასურა და დანახარჯებმა იმატა. თბილისში და სხვაგან იმიტომ არ გაიზარდა ფასი, რომ მთავრობა ახდენს სუბსიდირებას, ანუ ბიუჯეტიდან ფარავს გაზგამანაწილებელი კომპანიების ხარჯებს, ან აიძულებს გაზის სახელმწიფო კომპანიებს დაბალ ფასში მიაწოდოს გაზი გამანაწილებელ ქსელს.

რატომ ხდება ერთი რეგიონის მომხმარებლის სუბსიდირება და მეორის არა? იმიტომ რომ საკუთარი ინტერესები ამოძრავებთ და სუბსიდირებულ კომპანიებს მინისტრის ნათესავები მართავენ”, – წერს გოცირიძე.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ სენაკის პატარა ფირმა, რომელიც საბაზრო პრინციპით მუშაობს, დაბალ ღობედ მოიაზრა და გადაუარა.

“ენერგეტიკის მინისტრმა ”ვიღაც გაქსუებულ ადამიანებად” მოიხსენია ისინი. მასმედია კი სოციალისტური აღტკინებით ერთსულოვნად დადგა ენერგეტიკის მინისტრის მხარეს”, – წერს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი.

სენაკში, რამდენიმე დღის წინ, გაზის ტარიფი მოულოდნელად 12 თეთრით გიაზარდა, რის შესახებაც მოსახლეობამ ქვითრებიდან შეიტყო. ამასთან დაკავშირებით, ადგილობრივებმა აქცია გამართეს. მათ გამოეხმაურა ენერგეტიკის სამინისტრო.

“საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო იზიარებს მოსახლეობის განწყობას და შეშფოთებას იმ გადაწყვეტილების გამო, რომელიც გაზგამანაწილებელმა კომპანია “გაზკო პლიუსმა” მიიღო, სენაკის მუნიციპალიტეტში, ბუნებრივი აირის ტარიფის 68 თეთრამდე გაზრდის თაობაზე”, – აღნიშნული იყო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში და იქვე მითითებული იყო, რომ აღნიშნული ტარიფი მთელს საქართველოში ყველაზე მაღალია.