LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოგა ჩანადირი: „ახალი კომპანია „სითი პარკზე“ უკეთესი უნდა იყოს!..“

95

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი თბილისის მერიის „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას აფასებს და აღნიშნავს, რომ ფაქტია, ეს კომპანია ჯეროვნად არ მუშაობდა, თუმცა მისი აზრით, პარკირებაზე ახალი ტენდერი უნდა გამოცხადდეს.

გოგა წერს:

„სითი პარკი“ ჯეროვნად რომ არ მუშაობდა, ფაქტია.

ამაში არაერთხელ დავრწმუნდი, როცა ვხედავდი, რომ შშმ პირთა ადგილზე უნებართვოდ გაჩერებულ მძღოლებს არ აჯარიმებდა, ან გამოძახებაზე არ რეაგირებდა.

მინახავს, რომ „სითი პარკი“ მძღოლებს აჯარიმებდა იმ ადგილებზე დგომისთვის, რომელიც კომპანიას შემოხაზული არ ჰქონდა. ამეტებდა უფლებას. სინამდვილეში, ეს პატრულის საქმე იყო.

„სითი პარკის“ სისუსტე იყო დაკისრებული ჯარიმის ვერამოღება.

მძღოლი ქვითრის მიღებაზე უარს იტყოდა და ამით ჯარიმას ირიდებდა. ეს ნელ-ნელა დაუსჯელობის განცდას ქმნიდა.

კომპანიის სისუსტე იყო სადავო ჯარიმების სიმრავლე და არაგონივრული დარიცხვები.

ასევე, „სითი პარკის“ სისუსტე იყო მოუქნელი საგადასახადო სისტემა უცხოელი მძღოლებისათვის. მას არ ჰქონდა დღიური გადასახადი 1 დღით შემოსული მძღოლისთვის და გრძელვადიანი ბილეთის ყიდვას აიძულებდა.

ცხადია, პარკირებაზე ახალი ტენდერი უნდა გამოცხადდეს, რომელიც გამჭვირვალე უნდა იყოს.

ჩემი აზრით, მას უნდა დაევალდებულოს ავტოსადგომების აშენება, განსაკუთრებით მიწისქვეშ და მაქსიმალურად განტვირთოს მანქანის სავალი ნაწილი.

ვფიქრობ, ახალმა კომპანიამ აუცილებლად უნდა დახვეწოს ჯარიმის ამოღების სისტემა. დაჯარიმებული მძღოლი ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, მანქანას ვერ უნდა ყიდდეს, დაზღვევას ვერ უნდა აკეთებდეს, საზღვრის გადაკვეთის უფლება არ უნდა ჰქონდედ და ასე შემდეგ.

ახალმა კომპანიამ ფასს არ უნდა მოუმატოს და წესრიგისადმი პატივისცემა გაზარდოს.

ახალი კომპანია “სითი პარკზე” უკეთესი უნდა იყოს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები