LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოლდენ სტეიტმა სან ანტონიოს სასწაული თამაში მოუგო: ზაზამ კარგად იმუშავა

52

ნბა-ს მიმდინარე სეზონის 2 საუკეთესო გუნდის მატჩში „სან ანტონიო“ 22 ქულით იგებდა, თუმცა „გოლდენ სტეიტმა“ დაამტკიცა, რომ კევინ დიურანტის გარეშეც შეუძლია დიდებულად თამაში და შეხვედრა საბოლოოდ 12 ქულით მოიგო. ნბა-ს ლიდერ „გოლდენ სტეიტს“ „სან ანტონიოსთან“ მიმდინარე სეზონის ორივე მატჩი უშანსოდ ჰქონდა წაგებული და ტეხასში გამართულ შეხვედრასაც კატასტროფულად აგებდა, მაგრამ გუნდური თამაშისა და დიდი ოსტატობის ხარჯზე ოკლენდელებმა შეხვედრა ისე მოიგეს, ბოლო წუთებზე ვითარება არც კი დაძაბულა.

მასპინძლები თავიდან 10:0 დაწინაურდნენ, მე-8 წუთისთვის კი 22 ქულით – 29:7 იგებდნენ. საბოლოოდ მასპინძლებმა პერიოდი 33:17 ლიდერობით დაასრულეს, მაგრამ მეორე და მესამე მეოთხედებში „გოლდენ სტეიტმა“ კლასიკური თამაში აჩვენა და ჩამორჩენა ხომ აღმოფხვრა, ბოლო პერიოდის წინ 84:77 დაწინაურდა.

„სან ანტონიომ“ ბოლო მეოთხედში გაიბრძოლა, მაგრამ ვერაფერი მოახერხა. ოკლენდელთა სათადარიგო დევიდ ვესტმა სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა. მან ბოლო პერიოდში 11, მთლიანობაში კი 15 ქულ მოაგროვა და „სფურსმა“ გადამწყვეტ მომენტში რომ ვერაფერი გააწყო, მისი დიდი დამსახურებაა. „გოლდენ სტეიტმა“ საბოლოოდ 110:98 გაიმარჯვა.

საერთოდ, „გოლდენ სტეიტმა“ ძალიან შეკრულად და ოსტატურად ითამაშა. მთლიანობის შემადგენელი ნაწილი იყო ზაზა ფაჩულია, რომელიც გარდამტეხ, მესამე პერიოდში მოედანზე იმყოფებოდა და უმნიშვნელოვანესი სამუშაოც გასწია. ზაზა ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 18 წუთში 6 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ზაზამ 7-დან 2 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მისმა უშუალო ოპონენტმა, სანანტონიოელთა ძირითდმა ცენტრმა დეუეინ დედმონმაც 18 წუთი ითამაშა, რის განმავლობაშიც 4 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა.

აჩრდილს ჰგავდა ტეხასელთა გათამაშებელი ტონი პარკერი, რომელმაც 24 წუთში ქულა ვერა და მხოლოდ 2 პასი მიითვალა. მასპინძელთაგან საუკეთესო კავაი ლეონარდმა კი მხოლოდ 19 ქულას უწია. ოკლენდელი დაცვის ბურჯი დრეიმონდ გრინი სწორედ კავაის მეურვეობით იყო დაკავებული და საბოლოოდ 4 ქულას დასჯერდა, მექულეობა კი სტეფ კარიმ იკისრა, რომელმაც 29 ქულა და 11 პასი მიითვალა. ჩვეულ იშტაზე იყო კლეი ტომპსნიც, რომელმაც გამარჯვებულებს 23 ქულა მიაშველა.

 

ამ გამარჯვებით „გოლდენ სტეიტმა“ უდიდესი ნაბიჯი გადადგა რეგულარული ჩემპიონატის მოგებისკენ. ოკელნდელებს 61 მოგება და 14 მარცხი აქვთ, „სან ანტონიოს“ მოგებ-წაგებათა შეფარდება კი 57:17-ს შეადგენს. დარჩენილ 7 მატჩში ამ ლიდერობას „გოლდენ სტეიტი“ სავარაუდოდ ხელიდან არ დაუშვებს, მით უფრო, რომ რამდენიმე დღეში მას კევინ დიურანტი დაუბრუნდება, რომელიც დღეს სან ანტონიოს დარბაზში თავდაპირველად სპორტულ ფორმაში გამოჩნდა და მწვრთნელს ერთი-ერთზე, ცალ ფარში ეთამაშა. შემდეგ კი სამოქალაქო ფორმაში გამოეწყო და თავის გუნდს სათადარიგოთა სკამიდან უქომაგა.

შემდეგ მატჩს ოკლენდელები დასავლეთ კონფერენციის მესამეადგილოსანსა და კიდევ ერთ კონკურენტ „ჰიუსტონთან“ 1 აპრილს, შინ გამართავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები