LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორში და ქარელში სეტყვისგან დაზარალებულ მოსახლეობას შესაწამლი საშუალებებით დაეხმარებიან

52

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები გოჩა ცოფურაშვილი და ლევან დავითაშვილი გორისა და ქარელის რაიონებიდან ჩამოსული, სეტყვისგან დაზარალებული მოსახლეობის წარმომადგენლებს სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეხვდნენ.

6 მაისს გორისა და ქარელის რაიონის სოფლები ძლიერი სეტყვისგან მნიშვნელოვნად დაზარალდა. გორის რაიონში დაახლოებით 6500, ხოლო ქარელის რაიონში 1200 ჰექტარზე დაზიანდა როგორც ერთწლოვანი, ასევე მრავალწლოვანი ნარგავები და ნათესი ფართობები.

გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროში დასრულების სტადიაშია დაზარალებული მოსახლეობის სახელობით სიებზე მუშაობა, რომლის შემდეგაც თითოეული დაზარალებული, დახმარების სახით, შესაწამლ პრეპარატებს მიიღებს.  დაზიანებული ფართობების შესაბამისი შხამ-ქიმიკატებით აგროვადებში დამუშავება, გლეხებს საშუალებას მისცემს შესაძლებლობის ფარგლებში  ნარგავები და ნათესი ფართობები გადაარჩინონ.

„გასული ორი დღის მანძილზე, ადგილებზე, ოპერატიულად შევისწავლეთ ვითარება. განსაზღვრულია ჩვენი სამინისტროს მოქმედების პერიმეტრი. სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში დაზარალებული მოსახლეობა უახლოეს დღეებში მიიღებს დახმარებას შესაწამლი საშუალებების სახით“, – აღნიშნა გოჩა ცოფურაშვილმა დაზარალებულებთან შეხვედრაზე.

შეხვედრაზე სოფელ ქვეშში სარწყავი სისტემის მოწყობის საკითხზეც ისაუბრეს. უახლოეს მომავალში საზღვრისპირა სოფლებში დაახლოებით 700 მეტრამდე სარწყავი არხის მშენებლობას სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ დაიწყებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები