LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორში მამაკაცმა დედა დანით ყელის არეში დაჭრა, შემდეგ კი თვითდაზიანება მიიყენა

127

სამართალდამცავებმა გორში მცხოვრები 28 წლის მამაკაცი დააკავეს. გავრცელებული ცნობით, ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მყოფი მოქალაქე ოჯახის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდა, დედას კი ბასრი საგნით ყელის არეში ჭრილობა მიაყენა. ასევე, გორში ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებული ნარკოტიკული საშუალების მიღებას მცირეწლოვან შვილსაც აიძულებდა.

მოგვიანებით, დაკავებულმა წინასწარი დაკავების იზოლატორში თვითდაზიანებები მიიყენა: კერძოდ, კბილებით ხელის თითების ზედა ნაწილი დაიზიანა, რის გამოც, ის სამედიცინო ცენტრ ,,გორმედში“ გადაიყვანეს.

,,პოლიციის მიერ მოყვანილი იყო კლინიკაში პაციენტი. გამოხატული იყო მედიკამენტების ტოქსიური ეფექტი, ძალიან მძიმე ნევროლოგიური აშლილობებით, კომამდე. მოგვიწია პაციენტის მართვით სუნთქვაზე გადაყვანა. დეტოქსიკაციის და ყველა პარამეტრის დარეგულირების შემდეგ, მისი მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესდა, რის შემდეგაც, პაციენტი მოიხსნა ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან და დღეს, სამართალდამცავების მიერ გადაყვანილი იქნა სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულებაში, ანუ ციხის საავადმყოფოში. ჩვენთან ამ პაციენტის სრული რეაბილიტაცია არ მომხდარა, მდგომარეობა გაუმჯობესდა, სასიცოცხლო ფუნქციები დარეგულირდა და შესაძლებელი გახდა მისი გადაყვანა. გეტყვით იმასაც, რომ მოთავსებული იყო რეანიმაციულ განყოფილებაში და სამი ბადრაგი ადგა თავზე. გარდა ინტოქსიკაციისა, აღენიშნებოდა ექსკორაციები სახეზე და მარჯვენა ხელის მტევანზე თითები ჰქონდა დაზიანებული. ბუნებრივია, ეს დაზიანებები ექსპერტიზის შედეგად დადგინდება,“ – აცხადებს სამედიცინო ცენტრ ,,გორმედის“ რეანიმაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დავით ყაზაიშვილი.

არსებული ინფორმაციით, ამავე კლინიკაში მოათავსეს ბრალდებულის დედაც.

„ჩვენივე კლინიკაში შემოყვანილი იყო სხვა პაციენტიც, ქალი, რომელსაც ნაკვეთი ჭრილობა აღენიშნებოდა ყელისა და მხრის არეში, თუმცა, ეს ჭრილობა სიცოცხლისთვის საშიში არ ყოფილა. ქირურგიული დამუშავების შემდეგ, პაციენტი გაეწერა ბინაზე და უტარდება ამბულატორიული მკურნალობა,“ – აღნიშნა ყაზაიშვილმა.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 260-ე მუხლებით დაიწყო. პირველი – ძალადობას, ხოლო მეორე – ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები