LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გრეგორი პორტერის ჯაზური სიმშვიდე თბილისურ კონცერტზე

85

გრეგორი პორტერი თანამედროვე ჯაზსამყაროში ერთ-ერთ საუკეთესო ვოკალისტად მიიჩნევა. 2014 წელს მან ჯაზური ალბომისთვის „გრემის“ პრესტიჟული ჯილდო აიღო. სიამოვნებით იწვევენ ყველაზე პოპულარულ ტელეგადაცემებში.

პორტერის ხმა განსაკუთრებულია. როცა ის ენერგიულ სიმღერას ასრულებს, მისი ხმა მაინც ინარჩუნებს სიმშვიდეს და ამიტომაც იყო მისი საღამო ფილარმონიის სცენაზე განსაკუთრებულად მშვიდი.

პორტერმა თავისი გამოსვლით წლევანდელი თბილისის ჯაზფესტივალი დახურა. ჯეიმი კალუმის ონავრობების, ნიკოლას პეიტონის იმპროვიზაციებისა და ქენდი დალფერის გიჟური საღამოს შემდეგ, ვოკალისტმა სრულ მუსიკალურ ნირვანაში გაგვიყვანა.

როცა გრეგორი პორტერის კონცერტზე ზიხარ, გგონია, რომ ის, რაც სხვაგან ხდება, არ არის მნიშვნელოვანი. მისი ხმის საბურველში გახვეული მცირე ხნით ივიწყებ ყველა პრობლემას და მხოლოდ იმაზე ფიქრობ, ნეტავ, რომელი კომპოზიცია მოდის ამის შემდეგ. სასიამოვნოდ გაოცებული ხარ, როცა ის კლასიკიდან „Papa was a rolling stone“-ს არჩევს და ბრწყინვალედ ასრულებს ბენდის აკომპანიმენტით, რომელიც საუკეთესო მუსიკოსებითაა დაკომპლექტებული.

15046436_1809595775969788_1414911186_nზოგადად, პორტერი კარგი მუსიკოსის გარდა კარგი მელომანიცაა, მის სიმღერებში ჩანს პატივისცემა სხვა მუსიკოსების მიმართ, როგორებიც იყვნენ  მარვინ გეი, ელა ფიცჯერალდი და ბევრი სხვა, მათ პორტერის კომპოზიციებშიც დაიკავეს საკუთარი ადგილი და კიდევ ერთხელ მიგვანიშნებენ მისი, როგორც მუსიკოსის, ფესვებსა და წარმოშობაზე…

ყველაზე კარგად დარბაზის დამოკიდებულება მუსიკოსის მიმართ ბავშვებმა გამოხატეს. მორიგი კომპოზიციის შესრულებისას მათ სცენასთან მიირბინეს და მთელი კონცერტის მსვლელობისას ცეკვავდნენ. გრეგორი პორტერის მუსიკაც და თავად ისიც სწორედ ასეთია – მასში ბავშვურობა და დიდი გულწრფელობაა თავმოყრილი, რომელიც მუსიკაშიც ჰპოვებს გამოძახილს.

„Be Good“, „Liquid Spirit“,  „Hey Laura“ და სხვა სიმღერები პორტერმა დიდი სიამოვნებით შეასრულა, ბისზეც დიდხანს არ გვალოდინა და კიდევ ორი კომპოზიცია დაგვიტოვა საჩუქრად.

მუსიკოსი საღამოთი თავადაც კმაყოფილი ჩანდა. სცენაზე საქართველოს შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოხარულია, ასეთი „მდიდარი კულტურის“ ქვეყანას რომ სტუმრობს.

თბილისის ჯაზფესტივალი კი დასრულებულია. „ისთერნ პრომოუშენი“ უკვე ბათუმის ჯაზფესტივალისთვის ემზადება და ძალიან დიდ სიურპრიზებს გვპირდება.

ნინო მურღულია

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები