LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გრიპის სეზონი იწყება – ველოდოთ თუ არა ეპიდემიას სკოლებსა და ბაღებში

ტემპერატურის ვარდნისა და ნალექიანი ამინდების პარალელურად, გრიპის ვირუსის სეზონი გახსნილად შეიძლება, გამოვაცხადოთ.  სეზონური გრიპი განსაკუთრებულ პრობლემას სკოლებსა და ბაღებში ქმნის,  სადაც დახურულ ტერიტორიაზე , მცირე სივრცეში ვირუსის გავრცელების  ალბათობა მაღალია.

გადატვირთული ბაგა-ბაღები და ჯგუფებში ბავშვების დიდი რაოდენობა ინფექციების გავრცელებისთვის საუკეთესო პირობებს ქმნის. ამაზე „ფორტუნასთან“ პედიატრებიც საუბრობდნენ.  

ინფექციების გავრცელების თავიდან ასარიდებლად, ბაგა- ბაღების სააგენტოს ინფორმაციით, პრევენციულ ღონისძიებებს არამარტო გრიპის სეზონზე, არამედ, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას მუდმივად აქცევენ ყურადღებას.  

„ოთახების სველი წესით  დასუფთავება, სველ წერტილებში თხევადი საპნისა და ერთჯერადი ხელსახოცების გამოყენება,  ოთახების ხშირი განიავება  ყოველდღიური ღონისძიებებია. ამ ყველაფერს კვირის ბოლოს გენერალური დასუფთავება-დეზინფექცია ემატება, როცა ჭურჭელი,  სათამაშოები , თეთრეული , საწოლები და სხვა ინვენტარი სადეზინფექციო სითხით მუშავდება.  ვირუსის სიმპტომების გამოვლენისთანავე ბავშვი ჩადის ექთანთან,  საიდანაც მშობელს გაჰყავს და სრულ გამოჯანმრთელებამდე არ დაიშვება ბაღში,“  – განუმარტა „ფორტუნას“ ბაგა-ბაღების სააგენტოს კვებისა და ჰიგიენის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თიკო თოიძემ.

გრიპის ვირუსის ეპიდემიის კიდევ ერთი კერა ხშირად სკოლებია. გასულ წელს თბილისისა და რეგიონების რამდენიმე საჯარო სკოლაში, ეპიდემიის გამო, სასწავლო პროცესი რამდენიმე დღით შეჩერდა კიდეც. ეპიდემიის გამო, სკოლებში დასწრება 20% იყო. 

სკოლებში გრიპის ვირუსის პრევენციული ღონისძიებები დასუფთავების ყოველდღიური წესებისგან დიდად არ განსხვავდება. როგორც განათლების სამინისტროს მონიტორინგისა და კოორდინაციის სამმართველოში განგვიმარტეს, ოთახებისა და ინვენტარის სველი წესით დასუფთავება ყოველდღიურ რეჟიმშიც მიმდინარეობს, გრიპის ეპიდემიის დროს კი დასუფთავების ინტენსივობა იზრდება.  

რამდენად საკმარისია სკოლებსა და ბაღებში ჰიგიენური პროცედურების ინტენსივობა და ჯეროვნად სრულდება თუ არა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები, სწორედ ამ მიმართულებით ამახვილებენ მშობლები„ფორტუნასთან“ყურადღებას.

„ბაღიდან დავირუსებული მოვიდა ბავშვი. ძიძამ მითხრა,  რომ ორი დღით ადრე მასწავლებლისა და ერთ-ერთი მშობლის საუბარი მოისმინა, ბავშვს ვირუსი აქვს და თუ არ გაგყავთ, ცხვირსახოცი მაინც გამოატანეთო,“ –  გვიყვება თიკო რაზმაძე.

„იმდენად მასიურად ხდება ბავშვების დავირუსება სკოლაში, როცა გრიპის სეზონი დგება, ეჭვი მეპარება, სველი წესით ყველა მერხის საფუძვლიანად გაწმენდა ხდებოდეს. არც ვირუსიანი ბავშვების იზოლაციას აქცევენ, საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, დიდ ყურადღებას. ხშირად მინახავს ვირუსიანი ბავშვი კლასში,“ – ამბობს ნინო დიასამიძე.  

სკოლები და ბაღების გრიპის ეპიდემიის დროს რეკომენდაციებს ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან იღებენ.

ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ახაშვილის, განმარტებით, ბავშვთა კოლექტივებში გრიპის ვირუსის პრევენციის მიზნით გრიპის ვაქცინის გამოყენება უალტერნატივო საშუალებაა . დამხმარე საშუალებებად პრევენციის რამდენიმე მეთოდი გამოიყენება,  რომელთა დაცვაც მნიშვნელოვნად ამცირებს გრიპისა და 200-მდე გრიპის მაგვარი ინფექციის გავრცელებას.

  • მაქსიმალურად მოვარიდოთ გრიპის ვირუსით ინფიცირებული ბავშვი სხვა ბავშვებს;
  • ჰიგიენური რეჟიმის დაცვა , ხელების დაბანის სიხშირის ზრდა საპნითა და გამდინარე წყლით;
  • ტემპერატურული რეჟიმის დაცვა საკლასო და საძინებელ ოთახებში. დახურულ სივრცეში ვირუსის მაღალი კონცენტრაციის გასანეიტრალებლად  აუცილებელია ოთახის ხშირად განიავება. ტემპერატურა სამუშაო სივრცეში 20-22 გრადუსი უნდა იყოს, ხოლო ბავშვთა საძინებლებში 18 გრადუსი.
  • ოთახებისა და ინვენტარის სველი წესით წმენდა. სველი ტილოთი  ოთახების დალაგება არამარტო დღის ბოლოს, ცვლებს შორისაც სასურველია.

 

თამუნა გოგუაძე 

პოპულალურები