LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუდაურის ყველაზე მაღალ წერტილში 360 გრადუსიანი ხედის მქონე ნაგებობა აშენდება

382

პრემიერი გუდაურის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ წერტილზე 360-გრადუსიანი ხედის საკონფერენციო ცენტრის აშენების ინიციატივით გამოდის.

პრემიერის ინიციატივით, საკონფერენციო ცენტრი უნდა აშენდეს ერთ-ერთ ყველაზე მაღალ წერტილზე,  სადამდეც გუდაურის საბაგირო მივა. მშენებლობისთვის შესაბამისი ადგილის შერჩევა პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებს დაავალა.

საკონფერენციო ცენტრის პროექტი ევროპული ანალოგების მაგალითზე განხორციელდება, რომლებიც წარმატებით, მთელი წლის განმავლობაში, თითქმის 365-დღიანი დატვირთვით ფუნქციონირებს.
პრემიერის შეფასებით, გუდაურში მსგავსი სივრცის არსებობა, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტურიზმის განვითარებას.


პროექტით კერძო სექტორის დაინტერესების შემთხვევაში, განიხილება წინადადებები საინვესტიციო პარტნიორობის თაობაზე.

„360-გრადუსიანი ხედის მქონე, მრავალფუნქციური დანიშნულების ლოკაცია გუდაურს საშუალებას მისცემს გახდეს ოთხსეზონიანი კურორტი“ –  ასე გამოეხმაურა გიორგი გახარია საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივას, რომლის მიხედვით გუდაურში,  საბაგიროს ერთ-ერთ ყველაზე მაღალ წერტილზე 360-გრადუსიანი ხედის საკონფერენციო ცენტრი უნდა აშენდეს.

გიორგი კვირიკაშვილმა მშენებლობისთვის შესაბამისი ადგილის შერჩევა  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებს დაავალა.

„ეს იდეა დაიბადა მთავრობის სხდომაზე დისკუსიის დროს, სადაც განვიხილავდით ჩვენს მიერ გამოტანილ პროექტებს გუდაურისა და რაჭის რეგიონის დეტალური განაშენიანების გეგმის შესახებ. იდეა მართლაც ძალიან კარგია, გუდაურს მოუხდება ასეთი წერტილი. 360 გრადუსიანი ხედის მქონე ლოკაცია, რომელიც მრავალფუნქციური დანიშნულების ნაგებობა იქნება, გუდაურს  მისცემს საშუალებას, გახდეს ოთხსეზონიანი კურორტი“ – აღნიშნა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

გიორგი გახარიას თქმით, სახელმწიფო კონცენტრირებულად ხარჯავს რესურსს ტურიზმის განვითარებაში და პრემიერის ინიცირებული პროექტი გუდაურის განვითარებას კიდევ უფრო მიეხმარება.

„გუდაურში, ერთ-ერთ ზონაში, სადაც საბაგიროების თავმოყრის ყველაზე დიდი კვანძია, გვაქვს ამ პროექტის განხორციელების ერთი ოფცია. პრემიერმა დაგვავალა, რომ განვიხილოთ კიდევ რამდენიმე ოფცია ცოტა უფრო მაღლა. აქედან გამომდინარე, გუდაურის განაშენიანების დეტალური გეგმის შედგენის დროს უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ ლოკაციაში მსგავსი დანიშნულების წერტილი გაჩნდეს“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები