LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუგავა მოვა! – რას აპირებს “ლეიბორისტების” კანდიდატი – ინტერვიუ გიორგი გუგავასთან

„გუგავა მოვა!“ ამ სლოგანით ყველაფერი ნათქვამია,” – ამბობს „ფორტუნასთან“ „ლეიბორისტული” პარტიის თბილისის მერობის კანდიდატი, გიორგი გუგავა. მისი თქმით, “გასამდიდრებლად და ფულის მოსახვეჭად მერი არ უნდა მოდიოდეს, მერი უნდა მოდიოდეს ხალხის მსახურებისთვის”.  ის მთავარ მიზნად ხალხის მსახურებას ასახელებს და ამბობს, რომ თბილისის მერობა „შავ ჯიპზე გადასაჯდომად“ კი არა, სოციალურად შეჭირვებული ხალხის მდგომარეობის გამოსასწორებლად უნდა.

გიორგი გუგავა თბილისის მერობის შემთხვევაში არაერთ ძირეულ ცვლილებას გეგმავს, განსაკუთრებულ აქცენტს კი დედაქალაქის მმართველობის სისტემასა და არსებული გამოცდილების შეცვლაზე სვამს.

  • რა არის თქვენი უპირატესობა? რატომ უნდა გააკეთონ თბილისელებმა არჩევანი თქვენზე?

გიორგი გუგავა: უპირველეს ყოვლისა, ეს არის დიდი პატივიც და განსაკუთრებული პასუხისმგებლობაც. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი პარტიის ბრძოლა იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომლებიც არა მხოლოდ დედაქალაქს, არამედ მთელ ქვეყანას აწუხებს, მაძლევს სტიმულს და გარკვეულ უპირატესობასაც, იდეური თვალსაზრისით დანარჩენ კანდიდატებთან მიმართებაში. ჩვენ წლებია, ვიბრძვით ელექტროენერგიის მძარცველობითი ტარიფების, საბანკო მაფიის წინააღმდეგ, განათლების ხელმისაწვდომობის თაობაზე, ჯანდაცვითი პრობლემების  მოსაგვარებლად და გარკვეული გაკეთებული საქმითაც მოვდივართ. გახსოვთ, ალბათ, ელექტროენერგიის ტარიფების შემცირების შესახებ პროცესი რომ მიმდინარეობდა, შალვა ნათელაშვილთან ერთად სამართლებრივ მხარეს მე ვაწარმოებდი, მაშინ შევძელით და შევამცირეთ  ტარიფი, თბილისში 11 თეთრამდე დავიყვანეთ და მეტსაც გეტყვით, – ინდივიდუალური სარჩელებით ათასობით ადამიანისთვის ჩამოწერილი გვაქვს ძველი ტარიფები. ასევე, 11000 ექიმს სარჩელის საფუძველზე შევუნარჩუნეთ სამუშაო ადგილი; ბაღის თანამშრომლების, მზარეულების, აღმზრდელების სამუშაო ადგილები შევინარჩუნეთ. ბევრი საბავშვო ბაღი გაყიდვას გადავარჩინეთ. ასევე, თავის დროზე რაც შეგვეძლო, ვცდილობდით, გაზზე და წყალზე ტარიფი არ მომატებულიყო. ერთი სიტყვით, უამრავი საქმის ჩამოთვლა შეგვიძლია. აქედან გამომდინარე, ჩემი უპირატესობა არის ის, რომ ჩვენ ვაპირებთ, ვემსახუროთ ხალხს.

 

ჩვენი პარტიის ბრძოლა იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომლებიც არა მხოლოდ დედაქალაქს, არამედ მთელ ქვეყანას აწუხებს, მაძლევს სტიმულს და გარკვეულ უპირატესობასაც, იდეური თვალსაზრისით დანარჩენ კანდიდატებთან მიმართებაში.

 

  • რა არის თქვენი მთავარი საარჩევნო დაპირება?

გიორგი გუგავა: ვემსახუროთ ხალხს. საპროგრამო თეზისები საკმაოდ ვრცელია, ამიტომ მოკლედ გეტყვით: ჩვენი პირველი რიგის გადაწყვეტილებები, რომლებიც ერთ თვეშივე უნდა მოვაგვაროთ, არის შემდეგი: იმისთვის, რომ მოქალაქე მერთან მივიდეს, არანაირი ბარიერი არ უნდა არსებობდეს, ამიტომ არანაირი დაცვა არ სჭირდება ამ სტრუქტურებს. მე მეტსაც გეტყვით, არის ისეთი უბნები, სადაც ადმინისტრაციული შენობები არ არსებობს, მოსახლეობას მერიამდე მოსაღწევად არაერთი ტრანსპორტის შეცვლა სჭირდება. მერი უნდა გავიდეს, მივიდეს ისეთ გარეუბნებში განსაკუთრებით, სადაც ადმინისტრაციული შენობა არ არის, საველე კარავი უნდა გაშალოს და იქვე მიიღოს მოქალაქე. ასევე, პირველი რიგის გადაწყვეტილება იქნება პერსონალური ავტომობილების გაუქმება. არსებული პერსონალური ავტომობილები გაიყიდება საჯარო აუქციონზე. კეთილი ინებოს მერმა და იაროს ან საკუთარი ავტომობილით, ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით. დღეს ამ გაჭირვებულ ქვეყანას, სადაც ბევრი მოქალაქე შიმშილობს, სოციალურად შეჭირვებული და გაღატაკებულია, ქვეყანას იმის ფუფუნება არ აქვს, რომ ძვირადღირებული ავტომობილებით დაგრიალებდნენ მერები და სხვა მაღალჩინოსნები და თვეში მათთვის 1000 ლიტრზე მეტი საწვავი გამოიყოფოდეს. ეს უნდა გაუქმდეს აუცილებლად.

 

ჩემი უპირატესობა არის ის, რომ ჩვენ ვაპირებთ, ვემსახუროთ ხალხს.

 

პირველი რიგის გადაწყვეტილებაში შედის ისიც, რომ „სითი პარკთან“ უნდა გაუქმდეს არსებული ხელშეკრულება. ის ანტიკონსტიტუციურია. კონსტიტუციის მიხედვით, არავის აქვს უფლება, ჯარიმა გამოწეროს და ჩვენი საკუთრება გადაიყვანოს საჯარიმო სადგომზე. პირდაპირი გაგებით, „სითი პარკი“ ძარცვავს თბილისელებს. ამ კომპანიას არანაირი საკონსტიტუციო პირობები არ დაუცავს, არც მიწისზედა და მიწისქვეშა პარკინგის ინფრასტრუქტურა არ განუხორციელებია. ამდენად, ამ კაბანისგან თბილისს გავათავისუფლებ.

ასევე, შეიქმნება საზოგადოებრივი საბჭო, სადაც შევლენ პროფესიონალი ურბანისტები, არქიტექტორები და იმ უბნის წარმომადგენლები, სადაც შეიძლება, ესა თუ ის მშენებლობა განხორციელდეს. ისინი იმსჯელებენ, რამდენად დასაშვები და შესაძლებელი იქნება ამა თუ იმ უბანში მშენებლობები. 

უნდა აიკრძალოს თბილისში ხის მოჭრა. რა თქმა უნდა, თუ ხე საფრთხეს უქმნის მოქალაქეს, ასეთ შემთხვევაში მოიჭრება, მაგრამ მშენებლობის გამო, საღი ხეების მოჭრა აუცილებლად უნდა აიკრძალოს. სერიოზული მუშაობა უნდა დაიწყოს, რომ თბილისში ბევრი სარეკრეაციო სივრცე შეიქმნას, სხვანაირად შეუძლებელი იქნება ამ ქალაქში ცხოვრება.

 

 

იმისთვის, რომ მოქალაქე მერთან მივიდეს, არანაირი ბარიერი არ უნდა არსებობდეს, ამიტომ არანაირი დაცვა არ სჭირდება ამ სტრუქტურებს. ისეთ გარეუბნებში, სადაც ადმინისტრაციული შენობა არ არის, მერმა საველე კარავი უნდა გაშალოს და იქვე მიიღოს მოქალაქეები.

 

გარდა ამისა, პრემიები და დანამატები აიკრძალება! ეს არა მხოლოდ უკანონოა, არამედ ამორალურიცაა, როდესაც ამდენი გაჭირვებული ადამიანია ჩვენ ირგვლივ, როცა სოციალურად შეჭირვებულისთვის დღეში 1 ლარი და 18 თეთრი გაქვს საკვებად გამოყოფილი, უზნეობად მიმაჩნია, რომ რომელიმე თანამდებობის პირი იღებდეს პრემიას. გასამდიდრებლად და ფულის მოსახვეჭად მერი არ უნდა მოდიოდეს! მერი უნდა მოდიოდეს ხალხის მსახურებისთვის. შენ ხარ დაქირავებული მოქალაქის მიერ, რომელიც გიხდის ხელფასს იმაში, რომ ემსახურო მას, მოუგვარო პრობლემები. გამოთავისუფლებული თანხები უნდა მივცეთ მათ, ვინც თბილისს ემსახურება: დასუფთავების სამსახურს, კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც პარკებს ალაგებენ, ხელფასი უნდა გავუზარდოთ მეხანძრე-მაშველებს, ტრანსპორტის თანამშრომლებს, მეტროს რიგით თანამშრომლებს, ავტობუსების მძღოლებს, მექანიკოსებს, ბაგა-ბაღების პედაგოგებს, რომლებსაც 50 ბავშვი ჰყავთ ჩაბარებული და 300 ლარამდეა მათი ხელფასი. ეს თანხები შესაძლებელი იქნება, გამოვიყენოთ სოციალურად შეჭირვებული  ოჯახებისთვის, რომ კომუნალური გადასახადების ვაუჩერი ჰქონდეთ, ეს თანხა შეიძლება, ასევე, გამოვიყენოთ წარმატებული და წარჩინებული სტუდენტების სწავლის საფასურის დასაფინანსებლად, რომელთა ოჯახებსაც სწავლის საფასურის გადახდა არ შეუძლიათ. ჩვენი მთავარი მიზანი არის სოციალური სამართლიანობის პრინციპის დამკვიდრება, რომ ყველა რესურსი, რაც ქვეყანას აქვს, სამართლიანად გადავანაწილოთ მოსახლეობის ყველა ფენაზე. თუ მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი არ არის სამუშაო, ჯანდაცვა და განათლება, ასეთ შემთხვევაში საუბარი რაიმე დემოკრატიაზე, კეთილდღეობაზე, სახელმწიფოზე არის ზედმეტი.

 

მეტროს მოწესრიგებული მოძრაობა, გარკვეულწილად, განტვირთავდა მგზავრობის ნაკადებს მიწის ზემოთ. ჩვენ უნდა დავიწყოთ ფიქრი ახალი მეტროს ხაზების გახსნაზე. აუცილებელია, დავაკავშიროთ დიდი დიღომი, დიღმის მასივი და ა.შ. მიკროავტობუსები კი ქალაქის საკუთრებაში უნდა დაბრუნდეს.

 

  • ამ პრობლემებს შორის დედაქალაქის უმთავრეს პრობლემად რა მიგაჩნიათ?

გიორგი გუგავა: დედაქალაქს აქვს უამრავი პრობლემა, თუმცა უპირატესი პრობლემა მაინც რამდენიმეა. მთავარი პრობლემა არის მმართველობის სისტემა. დღეს დედაქალაქშიც და მთელ ქვეყანაშიც მმართველობა ხელში ჩაგდებული აქვს ოლიგარქიას, დიქტატურას, მსხვილ მონოპოლიას, ამის წარმომადგენელია კალაძეც, სხვათა შორის, რომელიც მერობას აპირებს და, თუ ჩვენ მათგან არ გავთავისუფლდით, შეუძლებელი იქნება იმ სასიცოცხლო პრობლემების მოგვარება, რომელიც დედაქალაქსაც და მთელ ქვეყანასაც აწუხებს! ჩვენ ვიქნებით მათი მონა-მოსამსახურეები და ისინი, ბუნებრივია, თავის სტატუსსა და მდგომარეობას გამოიყენებენ კვლავ გასამდიდრებლად. წარდგინების დროს მე ვთქვი, რომ ეს არ იქნება მერის პოსტისთვის ბრძოლა, ეს იქნება ღირსებისთვის ბრძოლა, რადგან ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ვართ ღირსეული, თავისუფალი მოქალაქეები, რომლებიც თავიანთ თავისუფლებას, არჩევანს არ გაყიდიან ფულზე და არ მიჰყიდიან მას ოლიგარქებს. ჩვენ უნდა დავიწყოთ ამ სისტემის მსხვრევა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. ეს არის გლობალური პრობლემა და მხოლოდ ამის გადაჭრის შემდეგ არის შესაძლებელი, ვიფიქროთ იმ სასიცოცხლო პრობლემების გადაწყვეტაზე, რომლებიც მოსახლეობას აწუხებს.

 

პირველი რიგის გადაწყვეტილება იქნება პერსონალური ავტომობილების გაუქმება, რომლებიც გაიყიდება საჯარო აუქციონზე.

 

  • თქვენი მერად არჩევის შემთხვევაში, როგორი იქნება მერიის საქმიანობა, რა კონკრეტულ აქტივობებს გეგმავთ უშუალოდ საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით?

გიორგი გუგავა: ეს მფრინავი ფრაზა „გუგავა მოვა“ უტრირებულად ითქვა, მაგრამ რას ნიშნავდა, იდეაში რა იყო ეს, მგონი, გასაგებიცაა – მერი უნდა იყოს იქ, სადაც უჭირს მოსახლეობას; უნდა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც ყველა ოჯახს მოუტანს სიკეთეს. უნდა იზრუნოს იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სასიცოცხლო სივრცის შექმნაზე, სარეკრეაციო ზონის მოწყობებზე, სატრანსპორტო პრობლემების  გადაწყვეტაზე, უნდა იზრუნოს უკანონო და მძარცველური ტარიფების წინააღმდეგ, უამრავ სოციალურად შეჭირვებულ ადამიანზე, მათზე, ვინც ვერ იღებს განათლებას, ვისაც არ აქვს თავშესაფარი, საცხოვრისი არ გააჩნია და ქუჩაში უწევს ცხოვრება, ანუ ყველა პრობლემაზე. მერი უნდა გადაიქცეს საკუთარი მოქალაქეების მსახურად. ეს ახალი სტანდარტი უნდა დავაწესოთ. ჩვენ არ გვჭირდება ისეთი მერები, რომელთა მიზანია, შავ ჯიპზე გადაჯდეს, პრემია-დანამატები გამოიწეროს, ჩაერთოს კორუფციულ სქემებში, თავისი დაუსაქმებელი ნათესავები და თანაპარტიელები დაასაქმოს, გამოტენოს მერია-გამგეობის შენობები და ა.შ. კიდევ ერთხელ ვამბობ: მერი საკუთარი ხალხის მსახური უნდა იყოს.

 

„სითი პარკთან“ უნდა გაუქმდეს არსებული ხელშეკრულება. ის ანტიკონსტიტუციურია.

 

  • თქვენი მერად არჩევის შემთხვევაში, გაატარებთ საკადრო ცვლილებებს?

გიორგი გუგავა: რა თქმა უნდა, საკადრო ცვლილებები გასატარებელი იქნება, უსაქმურები იქ აღარ გაჩერდებიან! ეს „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენელი იქნება თუ სხვა, მნიშვნელობა არ აქვს. მერიაში უნდა მუშაობდნენ პროფესიონალები, პატიოსნები – ეს ორი პირობა უნდა დააკმაყოფილონ. მნიშვნელობა არ აქვს, რომელ პოლიტიკურ ჯგუფს განეკუთვნებიან, ეს ორი კრიტერიუმი აუცილებლად უნდა დააკმაყოფილონ.

 

უნდა აიკრძალოს თბილისში ხის მოჭრა.

 

  • თბილისისთვის და თბილისელებისთვის დღეს არაერთი საკითხი დგას – განსაკუთრებით თვალშისაცემი პარკირების, ტრანსპორტის, საცობების, უნებართვო მშენებლობების, ხეების მოჭრის პრობლემებია. ამ პრობლემების გადასაჭრელად როგორი პოლიტიკის გატარებას გეგმავთ?

გიორგი გუგავა: სატრანსპორტო პრობლემა ერთი ხელის მოსმით არ მოგვარდება, ეს გლობალური პრობლემაა და ბევრ საკითხთან არის დაკავშირებული. პირველი – პარკირების პრობლემაა. თუ ჩვენ ეს საკითხი არ გადავჭერით და არ შეიქმნა ინფრასტრუქტურა, როგორც მიწის ქვევით, ასევე ზევით, ბუნებრივია, ეს მოუგვარებელი პრობლემა შემაფერხებელია და იმ სატრანსპორტო ნაკადის გამტარუნარიანობას აფერხებს, რომელიც თბილისის ქუჩებშია. მეორე – დედაქალაქში აუცილებლად უნდა გაიხსნას ახალი სატრანსპორტო არხები. იგივე, ის პროექტი, რომელიც არის რკინიგზის აღება და იქ ახალი სატრანსპორტო არხების გახსნა. აუცილებელია მტკვარზე დამატებით რამდენიმე მარცხენა და მარჯვენა სანაპიროს დამაკავშირებელი ხიდების დამატება.

 

ჩემი კონკურენტი არის რეალურად ორი რამ: ოლიგარქიული სისტემა, მილიონერები, მილიარდერთა კლუბი, რომელმაც შეიძლება, გააყალბოს და იყიდოს არჩევნები  და გამოიყენოს ადმინისტრაციული რესურსი და მეორე არის საზოგადოების ნიჰილიზმი. 

 

ასევე, უნდა გაიმართოს მეტროს მუშაობა. დღეს მეტრო 280,000 მგზავრი გადაჰყავს, როდესაც გადაჰყავდა 400,000 მგზავრი და თბილისის მეტროს ეს რესურსი აქვს, მაგრამ, სამწუხაროდ, არ არის შემადგენლობები, თანხები მიდის პრემია-დანამატებზე, რბილ ავეჯზე, მოგზაურობებზე და ა.შ. სამწუხაროდ, მეტროს მოძრაობის ინტენსივობა შემცირებულია. მეტროს მოწესრიგებული მოძრაობა, გარკვეულწილად, განტვირთავდა მგზავრობის ნაკადებს მიწის ზემოთ. ასევე, მუნიციპალური ტრანსპორტი არის გამოსასწორებელი. მიკროავტობუსები ქალაქის საკუთრებაში უნდა დაბრუნდეს. მერიამ უნდა შეიძინოს ისეთი სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც მოსახლეობისთვის ბევრად კომფორტული და თბილისის ქუჩებისთვის ბევრად მობილური იქნება. ასევე, ჩვენ უნდა დავიწყოთ ფიქრი ახალი მეტროს ხაზების გახსნაზე. აუცილებელია, დავაკავშიროთ დიდი დიღომი, დიღმის მასივი და ა.შ. ამ მიმართულებით, რუსთავის მიმართულებითაც უნდა მოხდეს ამ ხაზის მშენებლობა და ეს ადგილობრივმა და ცენტრალურმა ხელისუფლებამ უნდა განახორციელოს.

 

აუცილებელია მტკვარზე დამატებით რამდენიმე მარცხენა და მარჯვენა სანაპიროს დამაკავშირებელი ხიდების დამატება.

 

ზოგადად, თბილისის საგზაო ინფრასტრუქტურა არ არის კომუნიკაციური, არ არის გათვალისწინებული ორ მილიონზე მეტი მცხოვრებლისთვის. სამწუხაროდ, სოციალური შეჭირვების გამო, მთელი საქართველო ან გარბის, ან თბილისშია კონცენტრირებული. რაც შეეხება სავალდებულო ტექნიკურ დათვალიერებას, ეს გახდება კორუფციის მთავარი წყარო, რადგან ავტომობილების 70%-ზე მეტი  ტექდათვალიერებას ვერ გაივლის. ამ ადამიანებისთვის ხშირ შემთხვევაში, ავტომობილი რჩენისა და გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა. ან ეს სისტემა კორუფციის ბუდედ იქცევა, ან უნდა გააჩერო დღეს მოძრავი ავტომობილების მინიმუმ 70%. ხომ წარმოგიდგენიათ, რა იქნება? აქედან გამომდინარე, ეს უტოპიური აზრია, ამიტომ გლობალურად უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გამოსწორდეს რეგიონებშიც, რომ თავის გადასარჩენად ყველა არ მოილტვოდეს დედაქალაქისაკენ, ან არ გარბოდეს ქვეყნიდან.

 

 

სერიოზული მუშაობა უნდა დაიწყოს, რომ თბილისში ბევრი სარეკრეაციო სივრცე შეიქმნას, სხვანაირად შეუძლებელი იქნება ამ ქალაქში ცხოვრება.

 

  • როგორია თქვენი ხედვა სოციალური პოლიტიკის მიმართულებით? რამდენად ინკლუზიური იქნება დედაქალაქი თქვენი მერობის შემთხვევაში?

გიორგი გუგავა: რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით უნდა დავიცვათ სტანდარტები. ინფრასტრუქტურა იქნება თუ სხვა სოციალური პროექტები, სწორედ შშმ პირებზე უნდა იყოს ადაპტირებული. ასეთ პირებს დისკრიმინაციული სიტუაცია არ უნდა შეექმნათ.

 

პრემიები და დანამატები აიკრძალება!.. როცა სოციალურად შეჭირვებულისთვის დღეში 1 ლარი და 18 თეთრი გაქვს საკვებად გამოყოფილი, უზნეობად მიმაჩნია, რომ რომელიმე თანამდებობის პირი იღებდეს პრემიას.

 

  • თქვენი მერად არჩევის შემთხვევაში, თუ აპირებთ თანამშრომლობას თქვენს ამჟამინდელ ოპონენტებთან?  ასევე, ამ ეტაპზე ვის მიიჩნევთ თქვენს მთავარ ოპონენტად?

გიორგი გუგავა: მნიშვნელობა არ აქვს პარტიულობას, როდესაც შენ ხარ ხელისუფლებაში, თუ ატარებ იმ პროექტს, რაც მიზნად გაქვს დასახული და რის გამოც შენ ხალხმა ნდობა გამოგიცხადა, ამ მიზნების განხორციელებაში თუ ოპონენტებს კარგი იდეები აქვთ, მზად არიან  თანამშრომლობისთვის, რა თქმა უნდა, მათთან თანამშრომლობა უნდა შედგეს. რაც შეეხება კონკურენტს, ჩემი კონკურენტი არის რეალურად ორი რამ: ოლიგარქიული სისტემა, მილიონერები, მილიარდერთა კლუბი, რომელმაც შეიძლება, გააყალბოს და იყიდოს არჩევნები  და გამოიყენოს ადმინისტრაციული რესურსი და მეორე არის საზოგადოების ნიჰილიზმი. გახსოვთ, ალბათ, ცნობილი ლეგენდარული პოლიტიკოსის გამონათქვამი – „ცუდ ხელისუფლებას ირჩევს ის ხალხი, ვინც არჩევნებზე არ მიდის“. თუ ჩვენ არ გავითავისეთ, რომ ჩვენი  ქალაქის ბედის გადამწყვეტი თითოეული ჩვენგანი ვართ, რომ ჩვენს არჩევანზე უნდა იყოს ეს დამოკიდებული, მაშინ, სამწუხაროდ, ეს ქვეყანა ასეთი ბატონების, ფეოდალების იქნება და ჩვენ, სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში გვერგება მოსამსახურისა და მონის როლი. თუ იმას გავითავისებთ, რომ სახელმწიფოს ბედს თითოეული მოქალაქე საკუთარი არჩევანითა და მოქმედებით წყვეტს.

 

ჩვენი მთავარი მიზანი არის სოციალური სამართლიანობის პრინციპის დამკვიდრება, რომ ყველა რესურსი, რაც ქვეყანას აქვს, სამართლიანად გადავანაწილოთ მოსახლეობის ყველა ფენაზე.

 

  • მსოფლიოში ყველაზე მეტად რომელი ქალაქი მოგწონთ? რა ნიშნით გამოარჩევთ?

გიორგი გუგავა: ყველაზე მეტად მიყვარს და მომწონს თბილისი. მსოფლიოში უამრავი ლამაზი ქალაქია. ყველა ქალაქიდან შეიძლება, რაღაც დეტალი ამოიღო და თბილისთან მოახდინო ინტეგრირება. ზოგან სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა ისეა განვითარებული, იგივე ტრამვაის პროექტები. მსოფლიოს ბევრ დედაქალაქში ეს ისე საოცრად არის ინტეგრირებული, რომ დიდი სიამოვნებით ვიხილავდი მას თბილისში. აუცილებელია, ეს პროექტები თბილისშიც განხორციელდეს. არის რეკრეაციული ზონების კრეატიულად მოწყობის პროექტები ძალიან კარგად განხორციელებული, ამის გადმოტანაც შეიძლება ჩვენთან. კულტურული მემკვიდრეობის, ისტორიული უბნების დაცვის, მოვლის ეფექტური საშუალებებია და ეს გადმოსატანი და დასანერგია ჩვენს ქალაქში. ეს ყველაფერი შეგვიძლია, ავიღოთ და თბილისის სინამდვილეში განვახორციელოთ, რაც შედეგად ჩვენს დედაქალაქს კავკასიის მარგალიტად აქცევს.

 

 

თათია კაკიაშვილი 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები