LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუგავა მოვა: სლოგანები, რომლითაც მერები მოდიან

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ახლოვდება. დედაქალაქის მერობისთვის სულ ცხრა კანდიდატი იბრძვის.

„ფორტუნა“ კანდიდატებთან ინტერვიუებს პერმანენტულად გთავაზობთ, ამ პოსტში კი მათ სლოგანებს გაგაცნობთ.

სლოგანი კომპანიის ძირითადი “დაპირების” გამოხატულებაა. სწორად არჩევის შემთვევაში ის შესაძლოა, ხალხში მოარულ ფრაზადაც იქცეს.

 

     გიორგი გუგავა  –  „გუგავა მოვა!“

წინასაარჩევნო პერიოდში, ასეთი ფრაზა ლეიბორისტულმა პარტიამ „მოარტყა“.

„ფორტუნასთან“ გიორგი გუგავა ამბობს, რომ მისი სლოგანით „გუგავა მოვა!“ ყველაფერი ნათქვამია.

„ჩემი სლოგანი არის „გუგავა მოვა!“ ანუ „მსახურება ხალხს“. პარტიული ცენტრალური სლოგანი იქნება „დავიწყოთ შეცვლა“. მემგონი, ამ სიტყვებით ყველაფერი ნათქვამია”, – ამბობს ის.

 

დანარჩენი კანდიდატების სლოგანები პოპულარულ ფრაზებად არ ქცეულა, თუმცა ყველას თავისი განმარტება და დატვირთვა აქვს:

 

კახა კალაძე  – „სიცოცხლით სავსე ქალაქი

 

როგორც სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენელი კახა კალაძე „ფორტუნასთან“ ინტერვიუში განმარტავს, მისი სლოგანი, მისი მომავალი საქმიანობის ერთგვარი მიზანი იქნება.

„პრობლემები რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ არის  ეკოლოგია , ტრანსპორტი , ურბანული განვითარება ყველა ამ პრობლემის  მოგვარებით ქალაქი სიცოცხლით აივსება და ყველა იქნება ბედნიერი და ლაღი“, – განაცხადა კალაძემ.

 

 

 

ალეკო ელისაშვილი – „ჩემი ძალა დამოკიდებულია მხოლოდ ხალხზე“

დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი ყურადღებას ხალხის ძალაზე ამახვილებს.

მისი თქმით, ხალხის ძალა ყველაზე მნიშვნელოვანია და ეს მან თავისი კანდიდატურის წარდგენის დროსაც იგრძნო.

ელისაშვილი ხაზს უსვამს იმას, რომ მას არჩევნების მოსაგებად რესურსი (მედია, ფული) არ გააჩნია და მხოლოდ ხალხზეა დამოკიდებული.

„საქმე საქმეზე რომ მიდგა, ხელმოწერების შეგროვება რომ დამჭირდა, შტაბში მარტო დღეში 1000 კაცი მაინც მოდიოდა. მეტროებთან ხალხის ტევა არ იყო. ადამიანები მოხალისეებად მოდიოდნენ. დავრწმუნდი იმაში, რისი მოლოდინიც მქონდა, რომ ხალხის ძალა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ხო „დონ კიხოტად“ ვჩანვარ, „ნაციონალებს“ ფული აქვთ, ტელევიზია აქვთ, „ქართულ ოცნებას“ ხომ ყველაფერი აქვს: ადმინისტრაციული რესურსიც, ბიუჯეტის ფულიც, თავისი ფულიც, ბიზნესმენებისგან ჩამოპარსულად მოგროვებული ფულიც, მე რაღაც 2 კაპიკით ვარ. აი, ეს არის ჩემი რეალური ძალა“, – განაცხადა ელისაშვილმა „ფორტუნასთან.

 

ზალიკო უდუმაშვილი  – „თბილისი ვაქციოთ ბედნიერი ადამიანების ქალაქად“

„ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი ზალიკო უდუმაშვილი ამბობს, რომ მათი სლოგანი სიტყვით გამოსვლის დროს, ბუნებრივად „შეიქმნა“.

„წარდგენისას, ბოლოს, ჩემი სიტყვა ასე დავამთავრე: „თბილისი მინდა ვაქციო  დასაქმებული, წარმატებული და ბედნიერი ადამიანების ქალაქად“ და აქედან წამოვიდა სლოგანი: „თბილისი ვაქციოთ ბედნიერი ადამიანების ქალაქად“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

 

ელენე ხოშტარია – „ნაბიჯი ევროპისკენ“

ევროპული საქართველოს თბილისის მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ რეფორმები, რასაც ქალაქში გეგმავს, ევროპისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება. ხოშტარია ამბობს, რომ დღეს ქალაქს ევროპა სჭირდება.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ შეთავაზებები, რეფორმები, რაზეც ვსაუბრობთ, ეს იქნება ქალაქში ევროპისკენ გადადგმული ნაბიჯი. ევროპა რა არის? ევროპა არის თავისუფლება, კერძო ინიციატივებსი წახალისება, კეთილდღეობა, ეს არის ის რაც ჩვენს ქალაქს დღეს სჭირდება“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

 

 

გიორგი ვაშაძე – „თბილისი ლიდერთა შორის“

როგორც „ახალი საქართველოს“ მერობის კანდიდატი გიორგი ვაშაძე ამბობს, ეს არის  სლოგანიც და მიზანიც, რომლის გარშემო გაერთიანებასაც ყველას სთავაზობს.

“ჩვენ უნდა გვქონდეს კონკრეტული ამბიციური გეგმა, სად ვხედავთ ჩვენს თავს მომავალში, ვხედავთ თუ არა განვითარებულ ქვეყნებს, ქალაქთა შორის. „თბილისი ლიდერ ქალაქთა შორის“- ეს არის გლობალური შესაძებლობების გამოყენება თითოეული ადამიანის წარმატებისთვის”, – განაცხადა ვაშაძემ “ფორტუნასთან”.

 

 

კახა კუკავა – “დავიბრუნოთ თბილისი”

“დემოკრატიული მოძრაობისა” და “თავისუფალი საქართველოს” საერთო მერობის კანდიდატი კახა კუკავა კი აცხადებს, რომ დედაქალაქის თვითმმართველობა დღეს, თბილისელებისთვის წართმეულია და ქალაქს ცენტრალური ხელისუფლების მიერ დანიშნული პოლიცა მართავს.

სწორედ ამ პრობლემიდან გამომდინარებს მისი სლოგანიც:

“მერიასთან თბილისელებს არანაირი შეხება არ გააჩნიათ.  დავიბრუნებთ თბილისს 

და თავად გადავწყვეტთ სად დავრგოთ ხე, სად კორპუსი, ბიონსე ჩამოვიყვანოთ თუ ვინმე სხვა.”

 

 

ირმა ინაშვილი – “მოვდივართ ხელმოკლეთა გასახარებლად“

“პატრიოტთა ალიანსის” მერობის კანდიდატი ირმა ინაშვილი კითხვაზე რატომ აირჩიეთ ეს სლოგანი? რა დატვირთვა აქვს და რა იყო შთაგონების წყარო? ასე პასუხობს:

“2014 წელს ჩვენი ლოზუნგი იყო „თბილისო შენთვის გამოიდარებს“, გამოდარებას კარგ ამინდს ეხებოდა ეს. დღეს ვინაიდან სოციალური მიმართულება არის პრიორიტეტი  ჩვენმა დევიზმა ინტერპრეტაცია განიცადა და ასეთია რომ „გავახაროთ ხელმოკლე ადამიანები“ რომ „მოვდივართ ხელმოკლეთა გასახარებლად“ აი, ესაა ჩვენი პრიორიტეტიც და ესაა ჩვენი მიზანიც. საქართველოში რაც შეიძლება ცოტა ადამიანი უნდა იყოს მშიერი”.

 

 

თენგიზ შერგელაშვილი – “შენების დროა”

„შენების მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი თენგიზ შერგელაშვილი ამბობს, რომ ბოლო 26 წლის განმავლობაში საქართველოს აშენების პროცესი არასწორად მიმდინარეობდა – შერგელაშვილი ამ სიტყვებს ამბობს როგორც პირდაპირი, ასევე, გადატანითი მნიშვნელობითაც.

„თბილისს რომ გადავხედოთ ზემოდან, ვნახავთ, რას ნიშნავს არასწორი შენება. ეს სლოგანი მოიცავს ურთიერთობებსაც პოლიტიკურ სუბიექტებს შორის  და კულტურის თვალსაზრისითაც, ამიტომ ყველა მიმართულებით სწორად შენების დროა. ჩვენი ხედვა არის, რომ შევაჯამოთ ეს ავკარგიანი 26 წელიწადი და წინ წავიდეთ სწორად შენების გეზით”, – ამბობს ის.

ასეთია თბილისის მერობის კანდიდატების სლოგანები, მათი შინაარსი და განმარტებები. ასე ხედავენ ისინი თბილისის პრობლემებს და ყველა მათგანს გამარჯვების იმედი აქვს, თუმცა რომელი მათგანი იქნება მომავალი მერი და რომელს ექნება მიზნების განხორციელების შესაძლებლობა და სურვილი, ამას ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ვნახავთ.

თამთა უთურგაშვილი

 

https://www.facebook.com/fortuna106.9/videos/1771533286204826/

პოპულალურები