LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გულიანი ბიზნესი: ბაზარზე ნაქსოვი ნივთების ახალი ბრენდი გამოჩნდა

297

მხიარული და ფერადი ადამიანებისთვის ქართულ ბაზარზე ნაქსოვი ნივთების ახალი ბრენდი გამოჩნდა. ”გულთათმანი” თვე-ნახევარია მომხმარებლისთვის ფერად და თბილ თათმანებსა და ქუდებს ქმნის. ბრენდის დამფუძნებელი და ბიზნეს-იდეის ავტორი კი მარიამ მორჩილაძეა.

”ბიზნეს-იდეა სპონტანურად გამიჩნდა. მეგობრის დაბადების დღისთვის რაიმე განსხვავებული და ორიგინალური მინდოდა. ამიტომ, ფერადი თათმანები მოვუქსოვე. აღმოჩნდა რომ ჩემი თათმანი გარშემო ყველას მოეწონა და მეც გადავწყვიტე, სატეტსტო რეჟიმში მცირე ბიზნესი დამეწყო”, – განუცხადა ”ფორტუნას” მარიამ მორჩილაძემ. მისივე თქმით, ”გულთათმანის” გამოჩენას ბაზარზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ამაზე შეკვეთების რაოდენობაც მეტყველებს.

”თათმანები განსხვავებული რომ ყოფილიყო ხელისგულებზე ფერად გულებს ვასვამდი, ამიტომ სახელი ბუნებრივად წამოვიდა – ”გულთათმანი”. შემდეგ უკვე ზამთრის სეზონიდან გამომდინარე, მოთხოვნა ქუდებზეც გაჩნდა და მისი წარმოებაც დავიწყე. ამ ეტაპზე, სწორედ ამ ორ ნივთს ვქმნი. მასალად კი ვიყენებ ფერად და ჭრელ ბამბანარევ ძაფს. ვფიქრობ, ჩვენი ნივთები ნებისმიერი გემოვნების მომხმარებელზეა გათვლილი”, – აღნიშნა ბრენდის დამფუძნებელმა.

როგორც მარიამ მორჩილაძემ განმარტა, ამ დროისთვის ”გულთათმანი” მხოლოდ შეკვეთებზე მუშაობს და პროდუქციის რეალიზაციაც ”ფეისბუქის” გვერდის საშუალებით ხორციელდება. თათმანების ღირებულება – 25 ლარია, ქუდების კი – 30. აღნიშნულ თანხაში შედის მიტანის სერვისიც თბილისის მასშტაბით.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ”გულთათმანის” დამფუძნებელი ამბობს, რომ აღნიშნული ბიზნესი სეზონურია და მომავალი ზამთრისთვის გაფართოებას აპირებს. ”ამ ეტაპზე მხოლოდ ორნი ვმუშაობთ. ჩემი მეგობარი, რომელიც სოციალურ მედიას მართავს. მე კი ვქსოვ… სამომავლოდ მინდა, რამდენიმე კადრიც დავიმატო”, – აღნიშნა მორჩილაძემ და დასძინა, რომ არ არის გამორიცხული ”გულთათმანმა” მუშაობა ზამთრის გარდა, დანარჩენ სეზონებზეც განაგრძოს და ბრენდის ქვეშ სხვა სახეობის პროდუქციაც შეიქმნას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები