LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურიაში ახალი საწარმოს გასახსნელად 10-მილიონიანი ინვესტიცია განხორციელდა

507

გურიაში, ოზურგეთის რაიონში, მიმდინარე წლის 15 ნოემბერს ”ასკანგელ ალიანსის ბენტონიტური თიხის გადამამუშავებელი საწარმო” გაიხსნება. ბენტონიტი სპეციალური თიხაა, რომელიც 100-მდე სხვადასხვა დარგში გამოიყენება. თიხის საბადო კი სოფელ ასკანაშია.

როგორც ”ფორტუნასთან” კომპანიის დირექტორმა განაცხადა, ასკანაში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ბენტონიტური თიხა მოიპოვება.

”ჩვენ გამოვუშვებთ საყალიბე თიხას – ეს გამოიყენება სხვადასხვა დარგში, მაგალითად, ძრავის ბლოკის დასამზადებლად სწორედ საყალიბე თიხაა საჭირო. ასევე, ბენტონიტური თიხა გამოიყენება ღვინის ფილტრაციისთვის. ნავთობმოპოვებაში ამ თიხით მყარდება გაბურღული ჭაბურღილის კედლები. ამ ყველაფერზე ჩვენ ეტაპობრივად გადავალთ”, – განაცხადა კომპანიის დირექტორმა.

შპს „ასკანგელ ალიანსი“ წლიურად არანაკლებ 100 000 ტონა ბენტონიტური თიხის გადამუშავებას უზრუნველყოფს. ამ დროისთვის საწარმოს აღჭურვა და კეთილმოწყობა მიმდინარეობს. სპეციალური დანადგარები გერმანიიდან უკვე შემოვიდა და მონტაჟდება.

საწარმოში დაახლოებით 100-მდე სხვადასხვა სახის პროდუქტი დამზადდება, რომლის უდიდესი ნაწილი ექსპორტზე გავა.

როგორც გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ ”ფორტუნას” აცნობა, საწარმო ოზურგეთის სოფელ დვაბზუში მდებარეობს. მისი ამუშავებისთვის დაახლოებით 10 მლნ-ზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა.

საწარმოში თავდაპირველად 200-მდე ადამიანი დასაქმდება. შემდეგ ეტაპზე კი დასაქმებულთა რიცხვი 400-მდე გაიზრდება.

ოზურგეთში ბენტონიტურ თიხას 1946 წლიდან მოიპოვებდნენ. არსებული საწარმო შემდეგ ბერძნებმა შეიძინეს. შესაბამისად, ახალ ქართულ საწარმოს ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც დიდი კონკურენცია ელოდება.

„სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ  შპს „ასკანგელ ალიანსს“ სიმბოლურ ფასად, 1 ლარად  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში 30 294 კვ.მ.   არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და შენობა–ნაგებობა 2016 წლის მაისში გადასცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები