LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვარის შეცვლა კანონით გამკაცრდა

200

პარლამენტმა, მესამე მოსმენით, მხარი დაუჭირა “სამოქალაქო აქტების შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომლითაც გვარის შეცვლის შესაძლებლობები იზღუდება და პროცედურები მკაცრდება. იუსტიციის სამინისტროს საკანონმდებლო ინიციატივა 79 ხმით დაამტკიცეს.
ცვლილებების მიზანია, საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესაძლო დარღვევის პრევენცია, ევროკავშირის ქვეყნებში დანაშაულის ჩამდენ საქართველოს მოქალაქეთა იდენტიფიკაციის ხელშეწყობა და უვიზო მიმოსვლის რეჟიმის საქართველოში გრძელვადიანი მოქმედებისთვის მყარი საკანონმდებლო გარანტიის შექმნა.
როგორც საპარლამენტო განხილვისას ითქვა, გვარის შეცვლის შემთხვევათა რაოდენობა შეზღუდული არ არის. მიუხედავად იმისა, რომ გვარის სურვილისამებრ შეცვლა შესაძლებელი არ არის, ამჟამად მოქმედი კანონი იმდენად ფართო შესაძლებლობებს იძლევა, რომ ერთ პირს ცხოვრების განმავლობაში სხვადასხვა საფუძვლით გვარის შეცვლა 25-ჯერ და მეტჯერ შეუძლია.
“სამოქალაქო აქტების შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებებით, გვარის შეცვლის ცალკეულ საფუძვლებზე დაყრდნობით, პირს უფლება ექნება გვარი მხოლოდ ერთხელ შეიცვალოს. 

როგორც იუსტიციის სამინისტრო განმარტავს, ამ რეგულაციების ცხოვრებაში გატარებისას მხედველობაში არ იქნება მიღებული გვარის შეცვლის ის შემთხვევები, რომლებსაც 2017 წლის 28 მარტამდე ანუ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებამდე ჰქონდა ადგილი. რაც შეეხება იმ პირებს, რომელთაც 2017 წლის 28 მარტის შემდეგ შეიცვალეს გვარი, მათზე ზემოაღნიშნული შეზღუდვები ზოგადი წესის შესაბამისად გავრცელდება.
შეზღუდვა არც იმ შემთხვევებზე გავრცელდება, როდესაც პირებს სურთ მეუღლის გვარის მიღება ან საკუთარი და მეუღლის გვარების გაერთიანების შედეგად მიღებული გვარის ტარება, რის შესახებაც გადაწყვეტილება მათ ქორწინების რეგისტრაციის მომენტში უნდა მიიღონ. გარდა ამისა, გვარის შეცვლის ჯერადობის შეზღუდვა არ იმოქმედებს იმ შემთხვევებზე, როდესაც განქორწინების მომენტში პირი გადაწყვეტს დაიტოვოს ქორწინებისას მიღებული მეუღლის გვარი ან საკუთარი და მეუღლის გვარების გაერთიანების შედეგად მიღებული გვარი. ამასთან, პირს ყოველთვის შეეძლება დაიბრუნოს საკუთარი ქორწინებამდელი გვარი, ასევე შვილად აყვანისას მიიღოს მშვილებლის გვარი, მამობის დადგენისას მიიღოს მამის გვარი, აგრეთვე მიიღოს სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ მისთვის მინიჭებული გვარი (თუ პირის დაბადების სამოქალაქო აქტი რეგისტრირებულია საქართველოში და სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ ამ პირისთვის სხვა გვარის მინიჭების შემდეგ მან მოიპოვა საქართველოს მოქალაქეობა).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები