LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გველი ბინაში სათევზაო ჩანთას შეჰყვა” – როგორ ხვდებიან სახლებში ქვეწარმავლები

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ თბილისში წელს 244 ქვეწარმავალი დაიჭირა. გამოძახებები ეზოებიდან, ღია სივრცეებიდან და საცხოვრებელი სახლებიდანაც დაფიქსირდა. ქვეწარმავალი საცხოვრებელი სახლის მაღალ სართულზეც დაიჭირეს.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ჰერპეტოლოგის შოთა ზანდუკლის ინფორმაციით, ღია სივრცეში გამოძახებები ბუნებრივ არეალებთან ახლოს მყოფი რაიონებიდან შედარებით მეტია. მაგალითან პლატოებთან, ლისის ტბის, თბილისის ზღვის ტერიტორიებზე.

„გამოძახებების დაახლოებით 20% საცხოვრებელ სახლებზე მოდის, ძირითადად ეს ეხება კერძო სახლებს. ქვეწარმავლები სახლში სარდაფიდან, სახლის კედელზე სუროს ან მსგავსი მცენარიდან ან სახლთან ახლოს ხიდანაც ხვდება. იყო შემთხვევა, როცა გველი სამშენებლო მასალას აჰყვა მაღალ სართულზე, ერთ-ერთ ოჯახში თევზაობიდან დაბრუნებულმა მამკაცმა სათევზაო აქსესუარების ჩანთა აიტანა სახლში და გველი იმ ჩანთიდან ამოძვრა ბინაში,“ – ყვება „ფორტუნასთან“ შოთა ზანდუკელი.

 

 

ღია ან დახურულ სივრცეში ქვეწარმავალთან შეხვედრისას, იმ შემთხვევაშიც კი თუ ქვეწარმავლის არ გეშინიათ, ცხოველთა მონიტორინგის ცენტრში უნდა დარეკოთ, არ ეცადოთ თავად დაიჭიროთ ან მოკლათ ქვეწარმავალი, რადგან ხშირად დაკბენა სწორედ ასეთ დროს ხდება. ქვეწარმავლის კბენის შემთხვევაში კი, მნიშვნელოვანია ქცევის მთავრი წესები ვიცოდეთ.

„არ აქვს მნიშვნელობა ქვეწარმავალი შხამიანია თუ არა ან გვეშინია თუ არა, ქვეწარმავლის ადგილი ქალაქში არ არის, ამ დროს საფრთხეშია ადამიანიც და ქვეწარმავალიც. კბენის შემთხვევაში, პირველ რიგიში ვიძახებთ სამედიცინო დახმარებას, ამის შემდეგ მნიშვნელოვანია ნაკლები ვიმოძრაოთ, დავწვეთ და მაქსიმალურად მოვთოკოთ შიში და პანიკა, რადგან შხამი ორგანიზმში მოძრაობისას და გულის აჩქარებისას გაცილებით სწრაფად გადაადგილდება. უნდა მივიღოთ რაც შეიძლება მეტი სითხე, ალერგიული რეაქციის დროს კი, ანტიალერგიული მედიკამენტი,“ – განმარტავს შოთა ზანდუკელი.

ცხოველთა მონიტორინგის საგენტოს ჰერპეტოლოგის ინფორმაციით, თბილისში ძირითადად 15 სახეობის გველი გვხვდება და აქედან მხოლოდ 2 სახეობაა შხამიანი. ხშირია როცა მწვანე მოყვითალო შეფერილობის გველხოკერა, რომელიც რეალურად დიდი ზომის ხვლიკია, გველში ეშლებათ. წელს თბილისში დაჭერილი გველებიდან მხოლოდ ერთი შხამიანი გველი (გიურზა) დაფიქსირდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები